ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში 10 დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი იყრის კენჭს. გაზეთი „ალიონი“ რამდენიმე კანდიდატს დაუკავშირდა შეკითხვები დაუსვა, თუ რა არის მათი მოტივაცია ამ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ; რა აქტივობებს გეგმავენ არჩევის შემთხვევაში და რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი.
მაია ზოიძე, დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი გურიანთის საარჩევნო ოლქში:
_ქალის როლი მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, პოლიტიკასა და ბიზნესში.
არჩევნებში ჩემი მონაწილეობის მთავარი მოტივაცია არის დიდი სიყვარულით ვემსახურო ჩემ სოფელს. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მთავარი ამოცანა იქნება სოფლის მოსახლეობის ყველაზე პრობლემური _ სოციალური საკითხების მოგვარება.
გურიანთაში მრავლად არიან ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდებიც, ორგანიზატორული, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, მიზანდასახულები, რომლებიც ჩვენი მხარდაჭერით შეძლებენ მცირე ბიზნესის დაწყებას, ხალხის დასაქმებასა და წარმატებებს მიაღწევენ. ხალხის დასაქმებით გადაწყდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა: ხალხის გადინება სამუშაოს საძებნელად უცხოეთში, ოჯახების შექმნა, დემოგრაფიული პრობლემები და სხვა. ვფიქრობ, სამუშაო ადგილების შექმნის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ისეთ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი არ არის დასაქმებული.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (შიდა გზები, ტრანსპორტი ყველა უბანში, სოფლის ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია).Aასევე სოფელში უნდა მოეწყოს ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნები, სკვერი, განახლდეს. ბიბლიოთეკა.
ვფიქრობ, ამ ეტაპზე მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მთავარი არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და მშვიდ გარემოში.
ილია მამალაძე, დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ასკანაში,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი:
_კვლავ დეპუტატობოს კანდიდატად კენჭისყრა გადამაწყვეტინა ჩემი საარჩევნო პერიოდში დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანის სურვილმა. მუდამ არჩევით თანამდებობებზე ვმუშაობდი, მუდამ ვგრძნობ ამომრჩევლების თანადგომას _ მეც ყოველთვის ვცილობდი და ვცდილობ გავამართლო მათი ნდობა.
სადეპუტატო უფლებემოსილების შემცირებულ, სამწლიან ვადაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ასკანი თემის ინფრასტრუქტურა. ექსპლოატაციაში შევიდა მთისპირი-ასკანა-მაღალი ეწერის 7-კილომეტრიანი წყლის ქსელი; დამთავრდა ბახვი-მშვიდობაური-ასკანის 7 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, დაიგო ასფალტის საფარი; თემის 3 უბანში: ნაცვალაძეების, თავართქილაძეების (ასკანა), კალანდაძეების (მზიანი) უბნებში დაიგო 340 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის გზა; შეკეთდდა ასკანისა და მზიანის საბავშვო ბაღები (16 000 ლარი დაიხარჯა); მეოთხე წელია სოფელს ემსახურება სოფლის პროგრამით შეძენილი სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც ჩემი ინიციატივით დღის განმავლობაში 2 რეისი დაემატა, ასევე მუნიციპალიტეტმა ავტობუსის გამართულობისა და მძღოლის ხელფასისათვის წლიურად 9 300 ლარი გამოყო...
სამი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვიყავი ჩართული აქტიურ სამუშაო რეჟიმში და მუდმივად ვაჟღერებდი ჩემი ამომრჩევლის მოთხოვნებს.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მინდა ბოლომდე მივიყვანო ასკანა-მზინის გაზიფიცირების საქმე; მინდა, როგორც აქამდე ვაკეთებდი, მეტად დავეხმარო მარტოხელა, ღრმა მოხუცებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში; ასევე ვფიქრობ საკრებულოს მივმართო წარმატებული მოსწავლეების მატერიალური წახალისების გაზრდის შესახებ.
ჩემი ერთ-ერთი თემა სოფელში სპორტის განვითარების ხელშეწყობა იქნება.
მეტი ყურადღება და დახმარებს სჭირდება მრავალჭირნახული ქვეყნის ხერხემალს _გლეხკაცს. უჭირს დღეს სოფელს ერთადერთი საარსებო წყარო _ თხილი განადგურების პირასაა. სახელმწიფოსთან ერთად თვითმმართველობამ ამ საქმეში თავისის სიტყვა უნდა თქვას.
რაც შეეხება წინასაარჩევნო პროცესების სამართლიანობას, ავღნიშნავ, რომ როგორც ადრე, ისე ახლაც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები რადიკალურად უკეთეს პირობებში იმყოფებიან, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსის სახით, რაც მე არასწორად მიმაჩნია.
ლევან მგელაძე, დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქ. ოზურგეთში, ცენტრი-ლაშეს საარჩევნო ოლქში, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი:
_ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ცხოვრება არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარი თავისთვის არსებობას. ყველას არა აქვს საშუალება და შესაძლებლობა პოლიტიკაში ჩართვის, მაგრამ ვისაც მეტნაკლებად ეს ხელეწიფება, ვთვლი, რომ ასეთმა ადამიანებმა თავის ფუფუნებაზე უარი უნდა თქვან და ხალხის კეთილდღეობაზე იფიქრონ მათი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობით. სამწუხაროდ, ზოგი პოლიტიკოსი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ცდილობს პოლიტიკაში მოსვლას და მაღალი თანამდებობების დაკავებას. გასული 3 წლის განმავლობაში მე გახლდით ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამ მოკლე პერიოდში ნათლად ხედავდა საზოგადოება, როგორ ვებრძოდი, რამდენიმე ჩემს თანამოაზრე კოლეგასთან ერთად, ქალაქში გამეფებულ უსამართლობას, ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, მუნიციპალური ქონების უკანონოდ გასხვისებას და საზოგადოებისთვის უამრავ ზიანის მომტანი გადაწყვეტილების მიღებას. მე ყოველთვის შეურიგებელი ვიქნები მსგავსი ქმედებების მიმართ, სადაც არ უნდა ვიყო. ვთვლი, რომ ჯერ კიდევ შემიძლია გავაგრძელო ხალხისთვის სასიკეთო საქმის კეთება.
არჩევის შემთხვევაში ჩემი მოქმედების პრიორიტეტებია: ქალაქის და სოფლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, აღდგენა-რეაბილიტაცია; კომუნალური მეურნეობის ძირითადი პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის კონკრეტული პროგრამის შემუშავება. მისი რეალიზაციის გზებისა და საშუალებების მოძიება.; ქალაქის განაშენიანების გეგმაზომიერი პროგრამის განხორციელება, იერსახის ტრადიციული ფორმების შენარჩუნება და პარალელურად ახალი რეალობის დანერგვა, მათი ჰარმონიული ურთიერთშერწყმა; მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილისთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა, მათი ცხოვრების სიძნელეების შემსუბუქება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ყველა ფენის ინტერესების და მათი უფლებების დაცვა; მცირე მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელშეწყობა, ბიზნესგარემოს გაჯანსაღება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე ზრუნვა; მივიწყებული გურული ტრადიციების აღორძინება და თანამედროვე ცხოვრებისეულ რეალობასთან მათი შეთავსება.;ზრუნვა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის და სასკოლო დაწესებულებების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) კეთილმოწყობისთვის, კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ქალაქისა და სოფლის ტერიტორიებზე არსებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების კეთილმოწყობა. ბაღებისა და სკვერების მოწესრიგება, ადამიანის დასვენებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. საზოგადოებრივი სივრცეების დაცვა უკანონო გასხვისებისა და უსახური მშენებლობებისაგან.
ტრადიციად იქცა წინასაარჩევნო პროცესში სახელისუფლებო კანდიდატების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საჯარო მოხელეების დაშინების, სხვადასხვა დაპირებებითა თუ სხვა მიუღებელი მეთოდებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ამ ტრადიციას არც ამჟამინდელ წინასაარჩვენო კამპანიაში ღალატობენ და კიდევ რა უმსგავსოებებს გეგმავენ ამას არჩევნების მსვლელობა და მისი შედეგები გვიჩვენებს. ჩვენ კი ვენდობით ჩვენს გონიერ და ერთგულ ამომრჩევლებს, რომლებმაც წინა ადგილობრივ არჩევნებში მომცეს საშუალება ვყოფილიყავი მათი რჩეული და ამჟამადაც ერთად სიმართლით ვიბრძოლებთ სამართლიანობისათვის.
შოთა ართმელაძე, დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ნასაკირალის საარჩევნო ოლქში:
._ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება დაკავებული ვიყავი აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით, ვმუშაობდი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. და არ შემიძლია ვიყო პასიური ახლა,როდესაც ქვეყანაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობს. ჩემთვის გამოწვევაა, ვიყო გაერთიანებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს, ჩემს სოფელს და ხალხს., ამიტომაც გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვგეგმავ ვიზრუნო სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე; აქტიური კომუნიკაცია მექნება თითოეულ ოჯახთან,თითოეულ ნასაკირალელთან,განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ადამიანებთან, მათი პირობების გასაუმჯობესებლად;. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების საკითხიც, რათა შეჩერდეს სოფლიდან მიგრაციის მტკივნეული პროცესი. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მექნება მიმართული სოფელში მოქმედი სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებებისკენ.ბაღი და სკოლა ეს ის ადგილებია,სადაც ჩვენი მომავალი თაობა იზრდება.როგორი აღზრდილებიც გვეყოლება ისეთი მომავალი ექნება ჩვენს ქვეყანას.საქართველოს ხვალინდელი დღის შემქმნელები ბაღებსა და სკოლებში არიან.
საარჩევნო პროცესი ნასაკირალში სამართლიან,კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს. თითოეულ კანდიდატს აქვს თავისუფლად მუშაობის საშუალება,ზეწოლისა და შევიწროების გარეშე.
რესან გაბაიძე, დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაითურის საარჩევნო ოლქში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი:
_ჩემი მოტივაციაა დაბაში უზრუნველვყო მოსახლეობის საყოველთაო უფლებების გამოვლინება და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინო ისინი. ჩემი მოტივაცია დღემდეც დიდი იყო, თუმცა ახლა მეტად გაიზარდა რადგან,ა რჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და მე მზად ვარ ბრძოლა დავიწყო არა თანამდებობისთვის,არამედ ჩვენი რაიონის უკეთესი მომავლისთვის.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვაპირებ მოსახლეობაში არსებული ყველა პრობლემის მაქსიმალურ გათვალისწინებას და გადაჭრას სამწუხაროდ, დაბა ლაითურში ჭარბად გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი, შესაბამისად ვფიქრობ, რომ არასამართლიანად მიმდინარეობს წინა საარჩევნო პროცესი.
_რა ფორმით ვლინდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?
_ერთს გეტყვით: _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლობის ოფისი ფაქტიურად „ქართული ოცნების“ შტაბადაა გადაქცეული. მე საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ვარ და იქ აღარ მივდივარ...
მერაბ ვასაძე, დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი მაკვანეთის საარჩევნო ოლქში:
_მე არასდროს ვყოფილვარ ოპოზიციაში. მუდამ სახელმწიფო სამსახურში ვიყავი და ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას პირნათლად ვასრულებდი. ასეთი განწყობით ვარ ახლაც. მაკვანეთის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელ დეპუტატობის კანდიდატად იმიტომ წარვადგინე თავი, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემი სოფლის სასარგებლოდ მიმემართა. მაგრამ შემდეგ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება შეიქმნა:
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ მაკვანეთის საარჩევნო ოლქში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად ძალიან კარგი ახალგაზრდა, ჩვენი სოფლის შვილი ბექა თოიძე წამოაყენა. ვმუშაობ ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრ ,,ანასეულში,“ მთავარ სპეციალისტად. რა გამოდის, მე მაქვს სამსახური, ჩემი საქმე და ახალგაზრდა კაცს დავუპირისპირდე არჩევნებში? მე ვთვლი, რომ ეს არ უნდა გავაკეთო, პირიქით, წარმატებები უნდა ვუსურვო. ამომრჩევლები თქვენი გაზეთის საშუალებით გაიგებენ, რომ მე ამ მოტივით ვხსნი კანდიდატურას.