ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები ოზურგეთში

დამატებულია: 2017-10-17
picture1

საარჩევნო პროცედურების დარღვევების გამო, გურულებმა წინასაარჩევნო პერიოდს „წინასაარჩევნო გაწამაწია“ შეარქვეს, რაც, მათი თქმით, ყველაზე მეტად მორგებულია ოზურგეთში შექმნილ სიტუაციაზე, სადაც კონკურენტი პარტიები და საარჩევნო სუბიექტები, თითქმის ყველა უბანზე, „ანოკდაუნებენ“ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ ასე რადიკალურად დაპირისპირებული და ორად გაყოფილი ამომრჩეველი ოზურგეთს არ ახსოვს.

არ გამართლდა ოპოზიციონერთა ერთი ნაწილის ვარაუდი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება ოზურგეთში 40-50-ჯერ მაინც დაარღვევდა საარჩევნო კანონს. კენჭისყრის დღემდე 4 დღით ადრე # 60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, საჩივრის სახით, მხოლოდ რამდენიმე განცხადება აღმოჩნდა შეტანილი. ამ განცხადებებში მკვეთრად ჩანს ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისგანცხადება, რომელსაც ხელს აწერს ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას შესასწავლად 29 სექტემბერს გადაუგზავნა. განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს დანართი და ვიდეომასალა, აღნიშნულია, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის ფეისბუკ-გვერდი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე „ქართული ოცნების კანდიდატის“ ფეისბუკის განთავსებით ირღვევა „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესები წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი არის ადმინისტრაციული რესურსი, კერძოდ, მუნიციპალიტეტის კუთვნილი საკომუნიკაციო-საინფორმაციო საშუალება, რომელსაც ადმინისტირებას უწევენ მასში დასაქმებული პირები, როგორც წესი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები. შესაბამისად ეს საკომუნიკაციო რესურსი უნდა ემსახურებოდეს მუნიციპალიტეტის საქმიანობებისა და აქტივობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ამ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ერთიანი ვებ-გვერდი, საკომუნიკაციო საშუალებები გამოიყენება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის ორგანოთა ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპს. მსგავსი მიდგომით შეუძლებელი ხდება ზღვრის გავლება მუნიციპალიტეტის საქმიანობასა და პარტიულ აქტივობას შორის“, _ აღნიშნულია განცხადებაში. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ითხოვს აღნიშნული ფაქტის სამართლებრივ შეფასებას, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების გამო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებისთვის და მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის სანქციის დაკისრებას.

#60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის საჩივრის სახით შეტანილი ოთხი განცხადებიდან ორი 60/21 მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის საინიციატივო ჯგუფის წევრს ტიტე ბაქანიძეს ეკუთვნის. ერთშიც ის მოწმედ ფიგურირებს. ბაქანიძემ ორივე განცხადება საოლქოში 9 ოქტომბერს შეიტანა. პირველ განცხადებაში ბატონი ტიტე აღნიშნავს, რომ 3 ოქტომბერს 16 საათზე მერობის კანდიდატს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ ბეგლარ სიორიძეს სოფელ ნატანებში შეხვედრა ჰქონდა ამომრჩევლებთან. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ზემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორი ლაშა ბოლქვაძე, ა(ა)იპ „ქალაქ ოზურგეთის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორი გოჩა კვანტალიანი და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რაც არის საარჩევნო კანონის დარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ბაქანიძის მეორე განცხადებაში მოყვანილი ფაქტიც სოფელ ნატანებშია დაფიქსირებული: „23 სექტემბერს სოფელ ნატანებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კუთვნილი გრეიდერი, რომელსაც თან ახლდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი 60/61 უბანში როლანდ ჭყონია. 14 სექტემბერს მივმართე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას კითხვით – რა სამუშაოები იყო დაგეგმილი სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ნატანებში, საიდანაც მიპასუხეს, რომ ამ თვეებში სოფელ ნატანებში არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ იყო დაგეგმილი. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული სამუშაო სრულდებოდა მმართველი პარტიისა და მისი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით.“

#60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტზე განცხადებით მიმართა„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ოზურგეთის წარმომადგენლობამაც.

გაზეთ „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, 2 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ქალაქ ოზურგეთის მოქმედი მერი ბეგლარ სიორიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე საარჩევნო შტაბში სამსახურებრივი ავტომანქანით იყო მისული (ფაქტს ადასტურებს მოწმე ტიტე ბაქანიძე, მცხოვრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში.

როგორც მოწმით, ისე ფოტომასალით, რომელზეც ასახულია ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით FჩF 919, დადასტურებულია, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანით იმყოფებოდა სოფელ ნატანებში მდებარე საარჩევნო შტაბში, რომელიც განთავსებულია ამავე სოფელში მცხოვრები ბახვა (ბახული) ზოიძის სახლში. მიგვაჩნია, რომ ამ ქმედებით ბეგლარ სიორიძის მხრიდან ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

საქართველოს საარჩევნო კანონის 48-ე მუხლის (წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა) 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; მათ შორის იკრძალება: სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესიდან არსებობს გამონაკლისი, როდესაც შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. თუმცა, ამ გამონაკლის შემთხვევას, მოცემულ ფაქტთან მიმართებაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს (მათ შორის საია-ს) შორის გაფორმებული მემორანდუმის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გაკეთებული განმარტებებიც გვაძლევს საფუძველს, რომ ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის გაფორმებული ქცევის კოდექსის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია თავისი საქმიანობის განხორციელებისას იხელმძღვანელოს გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქმის წარმოება და მიიღოთ შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.“

# 60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ზვიად თენიეშვილის თქმით, კომისიამ საჩივრის სახით შესული ოთხივე საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის ფეისბუკ-გვერდი, შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც გავუგზავნეთ სასამართლოს. სასამართლო ჩანიშნავს სხდომას და მიიღებს გადაწყვეტილებას დააჯარიმებს თუ არა პასუხისმგებელ პირს 2000 ლარით. რა ვადაში? ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. რაც შეეხება ტიტე ბაქანიძის განცხადებებს: პირველ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც, რამდენადაც მახსოვს, აღნიშნულია, რომ სამუშაო დღეს, 16 საათზე ამომრჩეველთან მერობის კანდიდატის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძესთან შეხვედრას ესწრებოდნენ ზემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორი, ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი გოჩა კვანტალიანი და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მიმდინარეობს მოკვლევა, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით წერილები გაგზავნილია მუნიციპალიტეტსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში

მოვიკვლიეთ და გავეცით პასუხი მეორე განცხადებას, რომელშიც განცხადების ავტორი ამბობს, რომ სოფელში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება მმართველი პარტიისა და მისი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით. ეს პასუხი გადავეცით ბატონ ტიტე ბაქანიძეს, მას უნდა გაესაჩივრებინა სასამართლოში, რადგან საარჩევნო ადმინისტრაცია არ განიხილავს საკითხს მოსყიდვასთან დაკავშირებით.

მიმდინარეობს საია-ს ოზურგეთის წარმომადგენლობის საჩივრის მოკვლევა, რომელშიც ახალგაზრდა იურისტები ასაბუთებენ, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, კერძოდ, სოფელ ნატანებში საარჩევნო შტაბში სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანით მისვლას. დაბარებული გვყავდა მხარეები, ტიტე ბაქანიძემ თავისი ახსნა-განმარტება დაწერა. მიმდინარეობს მოკვლევა და მალე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებაც“.

თემურ მარშანიშვილი, გიორგი ასათიანი,

გაზეთი “ალიონი”

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.