ჩვენი გაზეთი განაგრძობს დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრას. გასული კვირის ორშაბათს მკითხველს უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატების მოკლე ინტერვიუები შევთავაზეთ. ამჯერად იმათ შევხვდით, ვინც სხვასახვა პოლიტიკური სუბიექტის წარდგენით იყრის კენჭს. თითოეულ მათგანს არჩევნებში მონაწილეობის მოტივაციასა და გამარჯვების შემთხვევაში სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ. ასევე წინასაარჩევნო გარემოს შეფასება ვთხოვეთ.
როზეტა სკამკოჩაიშვილი - ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს\" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფ. დვაბზუში: _ ამჟამად ვარ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს წევრი და აქტიურად ვარ ჩართული საკრებულოს საქმიანობაში.ხელახალი ნდობა,რომელიც მმართველმა პარტიამ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ გამომიცხადა , უფრო მეტად მოტივირებულს მხდის, რათა ოზურგეთის და ჩემი სოფლის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი გავაკეთო.მოტივაციას მაძლევს ჩემი დვააბზუელები,ჩემი ამომრჩევლები,რომელთა წინაშეც ვფიქრობ ღირსეულად განვახორციელე ჩემი უფლებამოსილება.არ მოსულა ჩემთან არც ერთი მოქალაქე,რომელიც უყურადღებოდ დამეტოვებია. ჩემი სტიმულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება,სადაც 58% მეტი მივიღე. ვფიქრობ, 21 ოქტომბერს დვაბზუს მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.
მინდა გითხრათ, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში პრიორიტეტი იქნება ისევ სოფლის პრობლემების მოგვარება.დვაბზუს,გაღმა დვაბზუს და დვაბზუს ნასაკირალის მოსახლეობის პრიორიტეტების წარმოჩენა.განაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს.პირობა,რომელიც დავდე არჩევნებამდე დვაბზუს ნასაკირალის მოსახლეობასთან შევასრულე,მათი დიდი პრობლემა ბაღის საკითხი გადაწყვეტილია. დვაბზუს ნასაკირალში შენდება ახალი საბავშო ბაღი,რომელიც ჩემი დიდი ძალისხმევით და ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელდა.ასევე დვაბზუს და გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლების გარკვეული ფართი ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში რეაბილიტირდა. სოფელში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ბევრ მოქალაქეს გაეწია დახმარება. ვფიქრობ, გაკეთებული ძალიან ბევრია სოფელში და მოსახლეობაც ხედავს ამას. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ისევე ,როგორც მთელ საქართველოში დვაბზუშიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.საარჩევნო პროცესი ყველა სუბიექტისთვის კანონმდებლობის სრული დაცვითა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ხორციელდება.
ნოდარ ვაჩნაძე - ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის\" დეპუტატობის კანდიდატი სოფელ გურიანთაში: მაქსიმალურად მინდა გამოვადგე ჩემ სოფელს, ღირსეულად გავაკეთო საქმე გურიანთის და საქართველოსთვის ჩემს სოფელში ამ ეტაპზე ნომერ პირველი პრობლემა აზიური ფაროსანაა. დამთავრებული მაქვს სატყეო ფაკულტეტი. გამოვიყენებ ჩემს ცოდნას ამ მიმართულებით. ვგეგმავ სპეციალისტების ჩამოყვანას, რომელებიც ადგილზე შეისწავლიან მდგომარეობას და დადებენ ზუსტ დასკვნას როგორ, რომელი პრეპარატით უნდა ვებრძოლოთ მავნებელს.
კმაყოფილი ვარ ჩემი თანასოფლელების მხარდაჭერით. ბევრი დამიდგა გვერდით. ვფიქრობ, რომ გამარჯვების რეალურუ შანსი მაქვს. შემიძლია ამ ეტაპზე ვთქვა, რომ წინასაარჩენო პროცესი სამართლიანად მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში რაიმე დარღვევის, ადმინისტრაციული რასურსის გამოყენების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის.
ბექა თოიძე - ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს\" დეპუტატობის კანდიდატი სოფელ მაკვანეთში:. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, საკრებულო ეს არის საკუთარი თავის, როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსის, რეალიზების ახალი შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, თვითმმართველობა ეს არის ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომი ხელისუფლება, რაც საშუალებას იძლევა, მოქალაქეთა თანამონაწილეობით, მივიღოთ მუნიციპალიტეტისათვის საჭირო და სასარგებლო გადაწყვეტილებები.
მოგეხსენებათ, რომ ძლიერი სახელმწიფოს საწინდარი ძლიერი სოფელია. გამარჯვების შემთხვევაში ჩემი თავდაპირველი საზრუნავი და მიზანი ჩემი სოფლის გაძლიერება იქნება. მჭიდროდ ვითანამშრომლებ ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჩემს მაკვანეთელებთან და ერთობლივად გადავჭრით იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია.
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრინციპული მიდგომაა, რომ არჩევნები სამართლიან და თანაბარუფლებიან პირობებში ჩატარდეს. თავადაც ხედავთ, რომ გარემო სამართლიანია და სახელისუფლებო პარტია საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით აწარმოებს საარჩევნო კამპანიას.
ალექსანდრე ღლონტი - ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს\" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ მერიაში: ჩემი კანდიდატურის წამოყენების შეთავაზება სრულიად მოულოდნელად მივიღე „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერებისაგან. ბევრი არ მიფიქრია და მივიღე გადაწყვეტილება გამოვიყენო შანსი საკუთარი სოფელი წარმოვადგინო გაერთიანებული მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ვფიქრობ, ეს მომცემს შესაძლებლობას რაღაც დოზით ხელი მიმიწვდებოდეს იმ ბერკეტებზე, რასაც ჩვენი, ჩემი თანასოფლელების ცხოვრების კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. პირველ რიგში, ვაპირებ, რომ ჩავერთო და მონაწილეობა მივიღო ყველა იმ პროექტის ბოლომდე წარმატებით მიყვანაში, რასაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა უკვე ახორციელებს ჩვენს სოფელში. თუმცა, გარდა დაწყებული საქმეებისა, კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით: შიდა გზების კეთილმოწყობა, სოფლის გაზიფიცირება, წყლით მომარაგება და ა.შ. აუცილებლად ვაპირებ, რომ გავიგო ყველა იმ პრობლემის შესახებ, რაც ჩემს სოფელში აწუხებს მოსახლეობას და შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყო მათ მოგვარებას.
მიმაჩნია, რომ საარჩევნო პროცესები მიმდინარეობს კონკურენტულ და სამართლიან გარემოში. ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე არსებული სიტუაცია ნამდვილად მაძლევს ამის თქმის საფუძველს, იმედი მაქვს ასე გაგრძელდება ბოლომდე. მე მაქვს საარჩევნო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება და ვიცი ისიც, რომ საარჩევნო პროცესების მიმდინარეობაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, თუმცა სახელმწიფოს როლი მოვლენების მშვიდობიან განვითარებაში უმთავრესია და ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამისთვის.რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს, სოფელ მერიაში წინასაარჩევნო პერიოდი თანაბარ კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს.
გიორგი როყვა - ,,ევროპული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ოზურგეთში: როდესაც 2012წელს მოვიდა ახალი ხელისუფლება, იყო იმედი იმისა, რომ ხელშესახები ცვლილებები განხორციელდებოდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით, სასამართლოს კუთხით და, რაც მთავარია უმუშევრობის კუთხით, რამაც ფართო მასშტაბის ხასიათი მიიღო, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ სიტუაცია უფრო რთულადაა. ეს ყველაფერი დაგროვდა და აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო არჩევნებში, უფრო მეტიც, მივიჩნევ, რომ ჩემი ვალია პოლიტიკაში ჩავერთო მაჟორიტარულ არჩევნებში იმ გუნდთან ერთად, რომლისთვისაც მთავარია პრინციპები და ღირებულებები და ეს ადამიანები არასდროს ღალატობენ ამ პრინციპებს და ღირებულებებს. შესაბამისად, გადავწყვიტე მოვიდე პოლიტიკაში, შევცვალო უკეთესობისკენ ვითარება და ჩემი წვლილი შევიტანო ცვლილებებში, რომლებიც, უპირველესად, გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვას და უმუშევრობის დაძლევას. მჯერა, რომ არანაირი უკეთესი ეკონომიკა და ცხოვრება არ გვექნება ადამიანის უფლებების გარეშე. კონკრეტულად არჩევნებში გადავწყვიტე კენჭი მეყარა სოფელ ოზურგეთში, სადაც მე დაბადებიდან ვცხოვრობ და სადაც ბევრ ადამიანს ვიცნობ. დავამთავრე სოფ. ოზურგეთის საშუალო სკოლა. ჩემთვის პასუხისმგებლობა იქნება, რომ სოფელ ოზურგეთის ამომრჩევლები ღირსეულად წარმოვადგინო საკრებულოში და არამარტო საკრებულოში, დაუყოვნებლივ გადაიჭრას ნებისმიერი ადამიანის და მოსახლის პრობლემა და რეაგირება უმალვე მოხდეს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. გარდა ამისა, მომავალი არჩევნები ჩემთვის გარკვეული ინდიკატორი იქნება, რომ დავინახო, რამდენად დავიმსახურე იმ ადამიანების ნდობა და ხმა, რომლებსაც უკვე წლებია ვიცნობ და მათიც, ვისაც არ ვიცნობ.
კარგად მესმის დეპუტატის ვალდებულებები, ის არ არის აღმასრულებელი ორგანო, სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა ვიყო ჩემი ოლქის ხმა ხელისუფლებაში და დავიცვა მათი კანონიერი ინტერესები, დავიცვა ისინი უსამართლობისაგან და ლობირება გავუწიო სოფელ ოზურგეთში უმუშევრობის დაძლევას, წყალმომარაგების პრობლემას და ინფრასტრუქტურის განვითარებას.
რა თქმა უნდ, ბრძოლა და მუშაობაა საჭირო განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამომრჩეველს გავუუმჯობესოთ ცხოვრების პირობები. სოფელ ოზურგეთის მოსახლეობას, რომელთა პრობლემებიც უკვე აღვნიშნე, ვპირდები, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში დაუყოვნებლივ დავაყენებ საკითხს გამოიყოს საბიუჯეტო თანხები ამ პრობლემების მოსაგვარებლად და ეტაპობრივად, პრიორიტეტების განსაზღვრით საბოლოოდ აღმოვფხვრი მათ.
არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და, რათქმაუნდა, ტემპერატურა იმატებს, მაგრამ საარჩევნო მზადება მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ოპონენტების მიმართ არ შეიმჩნევა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება