ბეგლარ სიორიძე: თუ ვინმე მიიჩნევს, რომ დასაბუთებული ბრალდება აქვს ჩვენი მისამართით, შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებებს, ჩვენ კი განვაგრძობთ მოქალაქეებზე ზრუნვას, რაც ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა

დამატებულია: 2017-10-30
picture1

დღეს, 12 საათზე ოზურგეთის მერობის კანდიდატმა `ქართული ოცნებიდან~ ბეგლარ სიორიძემ, `ქართული ოცნების~ საარჩევნო შტაბში, ადგილობრივი და ცენტრალური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციის დასაწყისში ბეგლარ სიორიძემ განაცხადა, რომ უამრავი ჭორი გავრცელდა და ვრცელდება იმის შესახებ, თუ რას აპირებს `ოცნების~ ანუ სახელისუფლებო კანდიდატი. ერთხელ და სამუდამოდ რომ დასრულდეს ეს მითქმა-მოთქმა, ამიტომ გადაწყვიტა პრესკონფერენცის გამართვა:

„ როგორც იცით, ჩვენთან, ოზურგეთში იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური. დიდი მადლობა უკლებლივ ყველა ოზურგეთელს, ვინც არჩევნებზე მოვიდა და მოქალაქეობრივი ვალი პირნათლად მოიხადა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა იმ ამომრჩეველებს, ვინც მე დამიჭირა მხარი და ნდობა გამომიცხადა. მე, ჩემს გუნდთან ერთად, არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურშიც ჩვეული შემართებით და, რაც მთავარია, ღირსეული წესებით გავაგრძელებ ბრძოლას და დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ. ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ყველა იმ გეგმას, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ არის მიმართული. შემუშავებული გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისა და სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალური პირობების გაუმჯობესების, დასაქმებისა თუ სხვა აქტუალური სფეროების მიმართულებით და თითოეული ამ ნაბიჯის გადადგმისთვის ჩვენ გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა, რასაც მოკლებულია ყველა არასახელისუფლებო კანდიდატი. ჩემი დაპირებები არასდროს დარჩენილა დაპირებებად და არც მომავალში ვაპირებ, რომელიმე ოზურგეთელთან სიტყვა გავტეხო. უკვე მოძველდა და სიახლეს აღარ წარმოადგენს ჩემი ოპონენტების მხრიდან მრავალი უსაფუძვლო ბრალდება, ჭორი და ცილისწამება. ამიტომ აღარ ვაპირებ განმარტება გავაკეთო რომელიმე მათგანზე. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ დასაბუთებული ბრალდება აქვს, შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებებს, ჩვენ კი განვაგრძობთ მოქალაქეებზე ზრუნვას, რაც ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ქალაქი უნდა გახდეს კეთილმოწყობილი და განვითარებული. ჩვენი სოფლები უნდა გაძლიერდეს და ეკონომიკურად წელში გაიმართოს. ადამიანები უნდა დასაქმდნენ და საერთო ჯამში, ოზურგეთს უნდა ჰქონდეს ძლიერი თვითმმართველობა. თვითმმართველობა საყრდენი და საიმედო უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის შრომას ყველანი ერთად ჩვენს ოზურგეთელებთან ერთად გავაგრძელებთ.“

შემდეგ ქალაქის მერობის კანდიდატმა უპასუხა ჟურნალისთა შეკითხვებს:

_ ბატონო ბეგი, ჩამოვა თუ არა ვანო ჩხარტიშვილი თქვენს მხარდასაჭერად მეორე ტურში? (ვლადიმერ მენაბდე _ `გურიის მოაამბე~, `რუსთავი-2~)

_ არ ვაპირებ თქვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემას, ბატონო ვლადიმერ, იმიტომ, რომ, ეჭვის დონეზე კი არ გეუბნებით, ნამდვილად წარმოადგენთ უშუალოდ მხარეს, ამიტომ არასერიოზულ შეკითხვებზე არ გიპასუხებთ.

_ თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ თვით გაერთიანებული ბოროტებაც კი ვერ ახერხებს დაამარცხოს სიმართლე, ვერ ერევა სიმართლეს. თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ, რას გულისხმობდით? (მარინა ჩიხლაძე _ `გურია ნიუსი~)

_ დიდი მადლობა შეკითხვისათვის. ამ განცხადებას მოჰყვა ასევე ჭორის დონეზე გავრცელებული ინფორმაციები სხვადასხვა სააგენტოებიდან. ეს არანაირად არ ეხება ამომრჩეველს, არანაირად არ ეხება თუნდაც ოპოზიციას. ვინც კარგად კითხულობს, წამკითხავი წაიკითხავს და კარგად გაიგებს, აქ საუბარია იმაზე, რომ ბოროტება არათუ ოზურგეთში, მთელი დედამიწის მასშტაბით რომ გაერთიანდეს, სიმართლეს ვერასდროს დაჩაგრავს, ამიტომ, ამის უკან იგულისხმება არაერთი ბოროტება. ზუსტადაც ბოროტება ჰქვია და სხვა არაფერი, როცა ვრცელდება ბინძური ინფორმაციები. უამრავიდან ერთ-ერთ ასეთ მაგალითს მოგიყვანთ: თურმე ბეგლარ სიორიძის შტაბი არჩევნების წინა ღამეს არიგებდა ნარკოტიკებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რამდენი ბოროტებაც არ უნდა გაერთიანდეს, სიმართლე გაიმარჯვებს აუცილებლად და ეს სიმართლე დამტკიცდება ზუსტად მეორე ტურის შედეგების დროს.

_ ეს ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა თქვა, ბატონო ბეგი და არა იმან, გაერთიანებულმა ძალებმა (ვლადიმერ მენაბდე).

_ ოპონენტების ბრალდებებზე საუბრობდით მე პირადად არ ვიცი, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხომ ვერ გვეტყვით, ვისთან რა პრობლემა იყო? (დარეჯან ჩხიკვაძე _ tv `იმედი~)

_ ოპონენტების მხრიდან რა ბრალდება იყო? მაგალითად, როგორც, უკვე ვთქვი, განცხადება გაავრცელეს, რომ არჩევნების წინა ღამეს რომ ჩვენი შტაბიდან ნარკოტიკული ნივთიერებები გაიცემოდა.

_ ბატონო ბეგი, პირველ ტურში იყო შემთხვევა, როცა თქვენი ოპონენტები გადანაშაულებდნენ სახელმწიფო რესურსების გამოყენებაში კვლავაც რომ არ მოხდეს ამ თემაზე აპელირება, რამდენად მკაცრად გააკონტროლებთ ამ საკითხს, რომ ვინმეს ისევ არ მიეცეს სათქმელი სახელისუფლებო რესურსის გამოყენებაზე? (თეა აბსარიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი)

_ მე არ მინდა დღეს ვისაუბრო ჩემს ოპონენტებზე, მე ვისაუბრებ იმასთან დაკავშირებით, რა გავაკეთეთ და რის გაკეთებას ვაპირებთ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად მეორე ტურში. თუმცა, რახან შემეკითხეთ, გიპასუხებთ აუცილებლად, რომ ეს ადამიანები თავად ჩადიოდნენ იმას, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ, და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მეორე ტურში მსგავს ფაქტებს ადგილი არ ექნება. ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას ამისათვის. სახელისუფლებო რესურსი არავის გამოუყენებია, ამის ვერც ერთ მაგალითს ვერავინ მოიყვანს, თუკი არსებობს ასეთი ფაქტი, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის ორგანოებს.

_გასაგებია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ადრესატი, ვინ არის მეორე მხარე, რომელსაც კომენტარი უნდა გავაკეთებინოთ, თავს შეიკავებთ კონკრეტული გვარების დასახელებისაგან თუ... (თეა აბსარიძე)

_ სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავს შევიკავებ ნამდვილად, იმიტომ, რომ არ ვთვლი საჭიროდ, მას ვერ მივიჩნევ ღირსეულ ოპონენტად. ყველასთვის ისედაც გასაგებია, შეგიძლიათ მიხვიდეთ და მიმართოთ. ყველას დიდი მადლობას გიხდით პრესკონფერენციაზე მობრძანებისთვის.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.