მეფარიშვილის მძიმე ყოფა

დამატებულია: 2017-11-05
picture1

იამზე მეფარიშვილი: ,,არ ჰქვია ამას ცხოვრება~

59 წლის იამზე დავლაშერიძე-მეფარიშვილი და მისი მეუღლე 65 წლის ანტონ მეფარიშვილი იაკობ შემოქმედელის #14-ში მოკრძალებულ სახლში ცხოვრობენ. ჰყავთ ორი შვილი, გივი და დავითი, მაგრამ მათთან არც ერთი ცხოვრობს. ქალბატონ იამზეს რამდენიმე დაავადება აწუხებს, აქვს დიაბეტი, ნაღვლის ბუშტში მოძრავი ქვა. გასაკეთებელი აქვს თიაქრის ოპერაცია. მკურნალობას ვერ ახერხებს, რადგან ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ანტონის პენსიაა, რომელიც, შვილის ავადმყოფობის გამო, წინასწარ გამოიტანა და ხელზე მხოლოდ 90 ლარს იღებს. სიდუხჭირის გათვალისწინებით, მიიჩნევენ, რომ სოციალური დახმარება ეკუთვნით. რამდენჯერმე მიმართეს კიდეც სოციალური მომსახურების სააგენტოს. ყოველ ჯერზე მაღალი სარეიტინგო ქულა მიეკუთვნათ. 2014 წელს მათი სარეიტინგო ქულა 104 170 იყო. ბოლოს დეკლარაცია 2016 წლის 19 იანვარს შეავსეს. 2017 წლის 19 იანვარს სარეიტინგო ქულად 152 170 მიენიჭათ.

ოჯახი მიიჩნევს, რომ სარეიტინგო ქულა მათ დღევანდელ მდგომარეობას არ შეესაბამება.

`შვილები ჩვენთან არ ცხოვრობენ. როგორ იცხოვრებენ ქოხში. ერთს ცოლ-შვილი ჰყავს საკუთარი სახლი არც ერთს არ აქვს, ქირით ცხოვრობენ. უფროსმა შვილმა ათი წელი საკონტრაქტო ჯარში იმსახურა, შეიარაღების სერჟანტი იყო. მერე სამსახურში მძიმედ მოიწამლა, რამაც სისხლის და სისხლძარღვების მძიმე ქრონიკული დაავადება გამოიწვია. არ მისცეს არც პენსია არც კომპენსაცია. მე დიაბეტიანი ვარ, წამლის ფული არ მაქვს. როგორ გაძლებს დიაბეტიანი უწამლოდ? ქალაქის მერიამ ერთჯერადი დახმარების სახით ორჯერ მომცა 100-100 ლარი. ამით ერთხელ და ორჯერ შევიძინე საჭირო მედიკამენტები. მაგრამ სხვა დროს რა ვქნა? ჩემი დაავადებები მუდმივ მკურნალობას საჭიროებს. წვიმაში წყალი ჩამომდის, სახურავია შესაკეთებელი. დახმარება ვითხოვე, ჯერ არაფერი ჩანს. ნაძვი მომცეს, დაამუშავეო, მაგრამ მარტო ნაძვი ვერ გადაჭრის ჩემს პრობლემას. არანაირი შემოსავალი არ მაქვს 5 ძირი თხილის გარდა. ალბად, სოციალურმა აგენტმა ამ თხილს მიაქცია ყურადღება. სიმწრით ვცხოვრობ. არც ჰქვია ამას ცხოვრება~.

სიტუაციაში უკეთესად გასარკვევად ქალბატონ იამზესთან ერთად სოციალური მომსახურების სააგენტოში მივედით. გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილეს ვანო გოგოლაშვილს შევხვდით. შეხვედრისას ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ დეკლარაციის შევსებიდან ერთ თვეში სოციალური მომსახურების სააგენტოში ე.წ. ფორმა ასი წარადგინა, რასაც სარეიტინგო ქულაზე შეეძლო გავლენის მოხდენა, თუმცა ცნობის დეკლარაციაში შეტანაზე უარი უთხრეს დაგვიანების მიზეზით. ვანო გოგოლაშვილი: ,,თუ ფორმა ასი არ გქონდათ აგენტის თქვენთან ყოფნის მომენტში, შეგიძლიათ მოგვიტანოთ სამი თვის ვადაში. თუ კანონმდებლობა ითვალისწინებს თქვენი ფორმა ასის დეკლარაციაში შეტანას, განცხადების საფუძველზე შევა დეკლარაციაში და გარკვეულ კორექტივებს შეიტანს სარეიტინგო ქულაში. მაგრამ, მოგეხსენებათ, ფორმა ასი ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გაიცეს. გააჩნია, მასში რა წერია. ნებისმიერ სიტუაციაში მისი გათვალისწინება ვერ მოხდება. არის მთავრობის დადგენილება, რომელშიცაა ჩამონათვალი დაავადებებისა, რომელიც შეიტანება დეკლარაციაში. შეგიძლიათ თავიდან მოიტანოთ აღნიშნული დოკუმენტი თუ დეკლარაციის შევსებიდან სამი თვე არ არის გასული, მასში შევა ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა მოხდეს დეკლარაციის თავიდან შევსება~- უპასუხა იამზე მეფარიშვილს გოგოლაშვილმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.