როგორ აწარმოებენ ახალ მუნიციპალიტეტებში 2017 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვას და როგორ განხორციელდება 2018 წლის ბიუჯეტის ფორმირება

დამატებულია: 2017-11-05
picture1

ალიონი. `2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესის შესახებ~ საქართველოს მთავრობის მიერ 20 ოქტომბერს მიღებულ #471 დადგენილებაზე კომენტარი ვთხოვეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელს გია მამაკაიშვილს. მამაკაიშვილის თქმით, ხსენებული დადგენილებით, განსაზღვრულია, როგორ უნდა აწარმოონ 2017 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვა და როგორ უნდა განხორციელდეს ახა 2018 წლის ბიუჯეტის ფორმირება ახალ მუნიციპალიტეტებში.

2017 წლის ბოლომდე ახალი მუნიციპალიტეტების შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციებს მიეცათ უფლება, ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების შესაბამისად, განკარგონ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები, მათ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების, მათ შორის `2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/ სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 31აგვისტოს #416 დადგენილებით დამტკიცებული წესიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

ახალი მუნიციპალიტეტის მერმა, უფლებამოსილების ცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა გაუქმებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში არსებული რესურსების განკარგვისა და მათ განკარგვაზე უფლებამოსილი საბიუჯეტო ორგანიზაციების შესახებ.

საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ორგანიზაციებს მიეცათ უფლება, განკარგონ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტის თანახმად, მათ განკარგვაში არსებული რესურსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თუ ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა განხორციელდება ახალი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ცნობამდე, ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება იმ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით საკრებულოსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, რომლის 2017 წლის ასიგნებები, ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული მდგომარეობით მეტია. 2017 წლის ბოლომდე ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო რესურსის მობილიზება განხორციელდება იმ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომლის 2017 წლის ასიგნებები ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული მდგომარეობით მეტია.

ამ წესის ამოქმედების შემდგომ ახალი მუნიციპალიტეტების მიერ აღებული ახალი ვალდებულებების დაფარვა განხორციელდება გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების იმ ბიუჯეტებიდან, რომელთა 2017 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ამ წესის ამოქმედებამდე არსებული მდგომარეობით მეტია. დასაფინანსებლად შესაბამის გასაუქმებელ ბიუჯეტში რესურსის მობილიზება შესაძლებელია მხოლოდ მეორე გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუ-ჯეტში არსებული რესურსის შემცირების ხარჯზე.

მამაკაიშვილმა გაგვაცნო ასევე საქართველოს მთავრობის ამ დადგენილებით ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ფუნქციონირებასთან დაკაშირებული ხარჯების გადანაწილების პრინციპი, ახალ მუციციპალიტეტებს შორის შემოსულობების და ნაშთის გადანაწილება, გამონაკლისის რეგულირება და ახალი მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის განსზღვრა.

კითხვაზე _ რამდენად შესაძლებელია ათი სამუშაო დღის განმავლობაში ახალი მუნიციპალიტეტი 2018 წლის ბიუჯეტის განსაზღვრა, მამაკაიშვილმა გვიპასუხა:

`მიღებული გვაქვს 2018 წლის სატრანსფერო პარამეტრები, როგორც თემის, ისე ქალაქისა, ვიცით ჯამურად რამდენია იგი. შესაბამისად დაგეგმილი გვქონდა შემოსულობები (ადგილობრივი). მოკლე პერიოდში დაზუსტდება შრომის ანაზღაურების, სუბსიდირების, საქონლისა და მომსახურების მუხლები. ამაში იგულისხმება სამსახურების, მუნიციპალიტეტიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების შერწყმა-გაერთიანება. გვაქვს კანონი რანგირების შესახებ. ასე რომ, ველოდებით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დამთავრებას, რათა განსაზღვრულ ვადაში, 10 სამუშაო დღეში წარმოვადგინოთ ახალი, 2018 წლის ბიუჯეტი.

მართლაც უზარმაზარი შრომაა გასაწევი. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მთლად სრულყოფილი ბიუჯეტის წარდგენას შევძლებთ, მაგრამ იგი აუცილებლად იქნება რეალობასთან დაახლოებული, ვინაიდან ქვეყანაში მოქმედებს ბიუჯეტის დაგეგმვის პროგრამული სისტემა, ანუ ერთნაირი მიდგომებია~, _ გვითხრა გია მამაკაიშვილმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.