რა პრიოროტებს თავაზობენ ოზურგეთელები ახალარჩეულ საკრებულოსა და გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერს, რომლის ვინაობა თვითმმართველობის მეორე ტურში,12 ნოემბერს გახდება ცნობილი.
ჯემალ ბოლქვაძე, სოფ. მთისპირი, მძღოლი: - ოზურგეთი-მთისპირი-ვანისქედის ხაზზე ვმუშაობ. ამდენად უფრო ხშირად ვხედავ, რას ფიქრობენ ჩემი თანასოფლელები. წყალი გვაქვს, ფამფალეთი-მთისპირის გზის მშენებლობა მომავალ წელს გაგრძელდება, მაგრამ მისახედია სხვა გზებიც.მთისპირი მთაგორიანი სოფელია, უბნები 4-5 კილომეტრითაა დაშორებული ერთმანეთს და შესაბამისად გზების სიგრძეც მეტია. მთისპირელები ასევე ვითხოვთ ბუნებრივი აირის შეყვანას სოფელში.
რევაზ ცერცვაძე, სოფელი ლიხაური: პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ, პირველ რიგში, გაჭირვებულ ხალხს უნდა დაეხმაროთ. მაგათ, ძველსაც და ახალსაც, რომ წარმოუდგენიათ, იმაზე მეტად უჭირს ხალხს. ამიტომ, უპირველესად, ხალხს, მის სოციალურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობის დაცვას უნდა მოხედონ. მერე ყველაფერს მოევლება.
მურთაზ აბაშიძე, ქ. ოზურგეთი: ლოზურგებით რომ მოდიან, თუ ტ.... აქვთ, ხალხი დაასაქმონ, დარგები აამუშაონ და ისე დაასაქმონ, თორემ დახლებს ქუჩაში თვითონაც დგამენ ლუკმაპურის საშოვნელად.
ნათია გოგუაძე, სოფ. სილაური, დიასახლისი : _5 შვილის დედა ვარ, შვილიშვილები მყავს უკვე. პრობლემას რა დალევს სოფელში. წყალი არ გვაქვს, რაც მილები მოგვცეს ძლიერი წვიმებისს დროს წარმოქმნილმა ღვარცოფმა წაგვართვა. ყანები მიაქვს სუფსას. დამცავი ჯებირებია გასაკეთებელი, შესაღობია.მთავარია, მშვიდობა და საქმის გაკეთების სურვილი იყოს. ფეხბურთის მოედანი უნდათ ბავშვებს. სოფელში ტაძარი გვაქვს, ახლა მისი მოხატვა მიმდინარეობს. სოფელში გროვდება ფული, მაგრამ არაა საკმარისი. იქნებ დაგვეხმარონ. სულიერება ამაღლებს ადამიანს და პრობლემის დაძლევა უფრო იოლი ხდება.
პირადად მე, როგორც მრავალშვილიანს, მეხმარებიან და მადლობელი ვარ. დაპირისპირება შეინიშნება და ეს არ მომწონს. თუ ერთობა იქნება, ყველაფერს ეშველება.
ქეთი ჩხიკვაძე და ნათია კვირკველია, სოფელი ბახვი: ამ არჩევნებმა ხალხი ერთმანეთს გადაკიდა. ამ ძიძგილაობას საქმე აკეთონ, სჯობს. ბახვი დიდი ისტორიული სოფელია, ცენტრალური გზები წესრიგშია, მაგრამ საუბნო, შიდა გზებია ისეთ დღეში, ბეევრ ადგილას ვერც მანქანით გაივლით და ვერც ფეხით. საერთოდ, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი.
არჩილ კიღურაძე, მძღოლი, სოფელი ცხემლისხიდი: თუ რამე სასიკეთოს გააკეთებენ, მივესალმებით. უსახსრობის გამო ხალხს თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვთ. დასაქმების პრობლემის მოგვარებაა ალბათ უპირველესი.
ჟუჟუნა ცეცხლაძე: მატლები და მწერები რომ გვჭამენ, ამას მიაქციონ ყურადღება. ასეთ ზერელე დამოკიდებულებას არ მოქვს შედეგი. ერთმანეთის ლანძღვას შეეშვან და ხალხს მოათქმიონ სული. დაგვეხმარონ იმაში, რომ დარეგულირდეს თხილის ფასები, ჩვენი მარჩენალი თხილია, სხვა შემოსავალი არაფერი გვაქვს. თხილს და ჩალას ერთნაირი ფასი არ უნდა ჰქონდეს.
ირმა კიღურაძე: ჩემი აზრით, ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ახალგაზრდობა ტოვებს სოფელსა და რაიონს. ახალგაზრდების დასაქმებაა აუცილებელი, საამისოდ კი დარგების აღდგება, ფაბრიკა-ქარხნებია საჭირო და არა ყველა ნაბიჯში სოკოებივით მომრავლებული „ბუტკები“.