კითხვას _ რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში ახალარჩეულმა თვითმმართველობამ, ოზურგეთელ მოქალაქეთა ნაწილმა თავი აარიდა, თუმცა, ვინც გვიპასუხა, პირველი რიგის გადასაჭრელ პრობლემად დასაქმება მიიჩნია.
დარუხა ხინთიბიძე, სოფელი ძიმითი: როგორ გითხრათ, ბევრი რამ გასაკეთებელია და ამიტომ გამიჭირდება პირველ რიგში გადასაჭრელი პრობლემის დასახელება. ჩემს სოფელში, მაგალითად გზა კეთდება, წყალი გვაქვს, ზოგიერთს არ აქვს და ვიცი, რომ გააკეთებენ, ისევე, როგორც ჩვენ გაგვიკეთეს შარშან. ვიყოთ უნდა ახალი ცოცხის იმედზე.
ლია არობელიძე, მასწავლებელი, სოფელი გურიანთა: გზაა გურიანთელთა დიდი პრობლემა, სადაც სამარშრუტო მიკროავტობუსი დადის, იქაც არ არის ასფალტი, სარემონტოა სხვა შიდა გზებიც. მოკლედ ტრანსპორტს არ ვემდურით, მაგრამ გზები არ გვივარგა. სოფელს სოციალურად უჭირს, უმეტესობა დაუსაქმებელია და პირველ რიგში ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნონ. კარგად მესმის, რომ ამ პრობლემას თვითმმართველობა ბოლომდე ვერ გადაჭრის, მაგრამ პირველ ეტაპზე გარკვეული ნაწილის დასაქმებაც დიდი საქმე იქნება.
ხათუნა ცირეკიძე, ქალაქი ოზურგეთი, ექადია: პირველ რიგში,ხალხს უნდა მიხედონ, ხალხს, გაუწიონ დახმარება, მისცენ სამსახური, გაითვალისწინონ გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობა. ახალგაზრდები თურქეთსა და სხვა ქვეყნებში გარბიან. საწარმოების _ ფაბრიკა-ქარხნების აშენებისა და ამოქმედების გარეშე ამ თემაზე საუბარი სრული უტოპიაა.
გიზო გორდელაძე, ქალაქი ოზურგეთი: წარმოშობით ლიხაურიდან, ოქროს მუხუროდან გახლავართ, ახლა ოზურგეთში ვცხოვრობ, მაგრამ სახლი და კარი არ მაღირსეს, ვერ მოვხვდი იმ ბედნიერთა სიაში. მე რომ მკითხოთ, პირველ რიგში, ხალხის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნონ, მუნიციპალური საავადმყოფო გახსნან. რომელიც გახსნილია, ის `ავერსისაა~. მონოპოლია აიღო `ავერსმა.~ხუთ დღეში 95 ლარი გადამახდევინეს, 19 ლარი დღეში, მაშინ როცა პენსია 180 ლარი მაქვს, ანუ 6 ლარი დღეში. მუნიციპალური საავადმყოფოს გახსნა არ არის მხოლოდ ჩემი თხოვნა, ხალხის აზრის ასეთია. შეგიძლიათ გაიკითხოთ.
ზაირა ჭანუყვაძე, ქალაქი ოზურგეთი: პირველ რიგში, გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნები, აი, აქედან უნდა დაიწყონ. საკუთარი ხალხის, ოზურგეთელების მოთხოვნები გაითვალისწინონ პირველ რიგში. შრომითი დასაქმებაა აუცილებელი, უპირველესად ახალგაზრდებისა, რომელთაც არ აქვთ არანაირ შემოსავლის წყარო. უფროსი თაობაც უნდა დასაქმდეს, რასაკვირველია. მერწმუნეთ, დასაქმება თითქმის მთლიანად მოხსნის სოციალურ პრობლემას.
ლუიზა კალანდაძე, ქ. ოზურგეთი: ახლა ერთს გეტყვით _ ეშველება ჩვენს საქმეს რამე? კი ბატონო, ინფრასტრუქტურა აუცილებელია, მაგრამ თუ ხალხი, თითოეული ჩვენგანი არ დასაქმდა და თუ როგორმე სოციალური გასაჭირი არ შეგვიმსუბუქდა, ვის რად სჭირდება ასეთი ინფრასტრუქტურა?! ჩვენ უნდა ვუშველოთ თავს, სხვა ვერავინ გვიშველის და თუ თვითმმართველობა ხალხისაა, მაშინ გვერდით უნდა დაგვიდგეს და ისევე უნდა დაიკაპიწოს ხელი, როგორც ჩვენ. კარგი, ბატონო, მიდი ნათესავთან თუ მეგობართან და დაგანაყრეს, მაგრამ მეორედ ხომ შეგრცხვება მისვლა.
ნინა ჩხარტიშვილი, ოლეგ ჩხარტიშვილი, სოფელი ჯუმათი: ჯუმათისკენ ცენტრალური გზა გაკეთებულია, შიდა გზების შეკეთებაც მალე დაიწყებაო. წყლის პრობლემა გადაწყვიტეს, ბუნებრივ აირსაც გვპირდებიან და თუ სიტყვას შეასრულებენ ამას რა სჯობს. დასაქმება ჯუმათელთათვისაც აქილევსის ქუსლია. რეზო გობრონიძე, სოფელი ლიხაური: პირველ რიგში, ეს ქოხმახები, უნდა მოაშორონ აქაურობას. ჯიხურების ქალაქად იქცა ოზურგეთი. მეორე რიგში, ამ ქალბატონებს, გარე მოვაჭრეები მყავს მხედველობაში გამოუძებნონ ადგილები, ქუჩაში რომ არ ეყაროთ საკვვები პროდუქტები თუ სხვა სახის საქონელი. ქალაქის ცენტრში ასეთი რამ ნამდვილად აღარსად ხდება. მესამე რიგში, დააკვირდით, რაც გაკეთდა, უხარისხოა, მხედველობაში მაქვს ტროტუარები და ბორდიურები, თითქმის ყველა ქუჩაზე ამოცვენილია. სახელმწიფომ სანიმუშოდ უნდა გააკეთოს ყველაფერი, აქ კი ერთ წელიწადში ყველაფერი ხელმეორედ გასაკეთებელია. კეთილი ინებონ, ჩამოიყვანონ ის შემსრულებლები და ხელმეორედ გაკეთებინონ ეს ყველაფერი. ქალაქში უთავბოლოდ არ უნდა კეთდებოდეს არაფერი, რაღაც განაშენიანების გეგმა უნდა არსებობდეს. ის როგორ მოგწონთ, ომის გმირების ბიუსტები რომ აიღეს და მთელ სიგრძეზე მაღაზიები გააკეთეს?
რაც შეეხება სოფელს: სოფლის ხელმძღვანელს არავითარი უფლება არ გააჩნია. მე რომ პირუტყვი მყავს, ჩემი სამი მეზობელი უნდა გამოკითხოს და ამას კი ჰყავს ნამდვილად ძროხაო, მერე დამიწერს ცნობას, მეზობლის განმარტებით. კი, ბატონო გამგებლის წარმომადგენელია თუ თანაშემწე ჩემი და ჩემი თანასოფლელების არჩეული ხომ უნდა იყოს? სხვანაირად როგორ ვენდო? არავინ არაფერს გვეკითხება, ისე გვინიშნავენ ვინც მათ უნდათ. ერთიც, სოფელს რაღაც გარკვეული ბიუჯეტიც უნდას გააჩნდეს. აბა, ისე რა სოფელია?!