დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის უფროსმა ირაკლი სირაძემ და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მწერალმა მერაბ შათირიშვილმა ცენტრალურ და ადგილობრივ მედისაშუალებებთან პრესკონფერენცია გამართეს..
„ოზურგეთის მერობის პოსტზე დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბი, ამავე პოსტზე მმართველი პარტიის, ბეგლარ სიორიძის კანდიდატურის მოხსნას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს, რადგან მეტოქე გუნდი სოფელ ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელ გიორგი როყვაზე, შანტაჟსა და იძულებას მიმართავს.
ოზურგეთში არჩევნების პირველი ტური მასიური გაყალბების, შატნაჟისა და ძალადობის ფონზე ჩატარდა. მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს და მის მხარდამჭერებს მეორე ტურისთვის მზადებაც უთანასწორო ბრძოლაში უწევს.
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ბელგარ სიორიძე და მისი შტაბის წევრები არაერთხელ ყოფილან შემჩნეული სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებასა და სხვადასხვა არაკანონიერ ქმედებაში, თუმცა ამათგან ყველაზე უმთავრესი ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინებაა. ჩვენ არაერთხელ მიმვმართეთ მათ, რომ შეეწყვიტათ მოსახლეობის დაშინება და ძალადობა, თუმცა 12 ნოემბერს დანიშნული მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად ამომრჩევლის მიმართ ძალადობა კიდევ უფრო გააქტიურდა.
ჩვენთვის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის წევრებისთვის, ჩვენი თითოეული ამომრჩეველი მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, თუ ვინ რომელ პარტიას მიეკუთვნება. სწორედ ამიტომ ჩვენ თითოეული ხმის დასაცავად ვიბრძოლებთ. დღეიდან ყველა ფაქტს გავასაჯაროებთ, რაც ოზურგეთელი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ იქნება მიმართული“ _ნათქვამია შარაშენიძის შტაბის პრესრელიზში.
(ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ)