არჩილ თალაკვაძემ და თბილისიდან ჩამოსულმა მისმა თანაგუნდელმა ლიდერებმა `ქართული ოცნების~ მერობის კანდიდატის მხარდაჭერა სოფელ ძიმითში გამართული შეხვედრით დაიწყეს

დამატებულია: 2017-11-09
picture1

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ და დედაქალაქიდან ჩამოსულმა მისმა თანაგუნდელმა ლიდერებმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა, აწ უკვე ქალაქ თბილისის მერმა კახი კალაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა მამუკა მდინარაძემ ოზურგეთში `ქართული ოცნების~ მერობის კანდიდატის მხარდაჭერა სოფელ ძიმითში, ახალგახსნილ კულტურის სახლში შეკრებილ ამომრჩეველთან გამართული შეხვედრით დაიწყეს.

არჩილ თალაკვაძე: ორი სიტყვით მინდა ვთქვა ის ძირითადი არგუმენტები და ის ძირითადი საქმე, რისი გაკეთებაც, საზოგადოების მხარდაჭერით, ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში მოახერხა. პირველი და უმთავრესი, რაზეც კახი კალაძე თავის საარჩევნო კამპანიაში ყველა ადამიანს ეუბნებოდა, არის ის, რომ სახელმწიფოს აზროვნების ცენტრში, სახელმწიფოს ფიქრში, სახელმწიფოს მოქმედებებში დაბრუნდა ადამიანი, დაბრუნდა ადამიანის ინტერესი, ადამიანის თავისუფლება და დღეს მგონი ყველა დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ თითოეულ ადამიანს აქვს განუსაზღვრელად დიდი მნიშვნელობა ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამაზე მეტყველებს ის, რომ ხელისუფლებამ, თქვენი დაკვეთით, თქვენი მხარდაჭერით, მაგალითად ჯანდაცვის სფეროში დაფინანსება 166 მილიონიდან 800 მილიონზე მეტად გაზარდა; ამის მაგალითია ასევე ის, რომ დიდი ინვესტიციები გაკეთდა მოსახლეობის კეთილდღეობისთვის; დიდი ინვესტიციები გაკეთდა ჩვენი შვილების, თქვენი შვილებისა და შვილიშვილების კეთილდღეობისთვის; აშენდა ახალი ბაღები, გარემონტდა სკოლები რაც მთავარია, გურულები რომ ყველაზე მაგრად ვაფასებთ, ქვეყანაში არის მშვიდობა, სწორედ თქვენი მხარდაჭერით მოვახერხეთ, რომ ამ წლებში საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე სასურველი და მიმზიდველი ქვეყანაა.

ჩვენ თავს არ მივცემთ იმის უფლებას, რომ მიგითითოთ, რა არჩევანი უნდა გააკეთოთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა, თქვენი მხარდაჭერა აქვს იმ საქმეებს, და იმ გეგმებს, რომლის გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებთ ისევ თქვენი მხარდაჭერით.

აქ არის ჩვენი კანდიდატი ოზურგეთის მერის არჩევნებში, ბატონი ბეგი სიორიძე არის ჩვენი გუნდის წევრი, `ქართული ოცნების~ კანდიდატი, ჩვენ მასთან ვაპირებთ თანამშრომლობას და დღეს გვინდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამომავლო გეგმებს აქვს თქვენი განახლებული მხარდაჭერა. როგორც თქვენ მიერ არჩეული პარლამენტის წევრი, 12 ნოემბრის გამარჯვების შემდეგ, როდესაც ბატონი ბეგი, თქვენი მხარდაჭერით, იმედია, გახდება მერი, მე პირადად, თქვენთან ერთად გავაკონტროლებ ყველა იმ საქმეს, ყველა იმ დაპირებას, რომელიც ჩვენ მიერ არის გაცემული.

დღეს, ამ სცენაზე, ამ საზოგადოების წინაშე მართლაც წელგამართული ვდგავარ და შემიძლია ყველას თვალი გავუსწორო, ყველას გახსოვთ, შარშან, საპარლამენტო არჩევნების დროს, ეს შენობა როგორ იყო იავარქმნილი, ჩამოდიოდა წყალი, ჩამონგრეული იყო ჭერი. როცა შევიკრიბეთ დაგპირდით, რომ მალე კეთილმოწყობილი ცენტრი გექნებოდათ და ხედავთ თუ როგორ შეასრულეს ეს დაპირება ბატონმა მერაბ ჭანუყვაძემ და ბატონმა ბეგი სიორიძემ, ასევე იცით, რომ მოხდა თქვენი სოფლის მთლიანი გამრიცხველიანება, გაზიფიკაცია პრაქტიკულად ბოლომდეა მისული. ამ სოფელში სამომავლო გეგმებიც არის მნიშვნელოვანი აუცილებლად გადაწყდებაწყალმომარაგებისა და შიდა გზების კეთილმოწყობის საკითხები~.

კახი კალაძე: „დიდი მადლობა ასეთი გულთბილი შეხვედრისათვის. მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს `ქართული ოცნების~ კანდიდატი, ბატონი ბეგლარ სიორიძე.

ჩემი ოპონენტებიდან ერთ-ერთი დადიოდა საარჩევნი კამპანიის ფარგლებში და ამბობდა, რომ მე მარტო ყველაფერს გავაკეთებო. ვერავინ ვერაფერს მივხედავთ მარტო, თუ არ გვყავს ძლიერი, კომპეტენტური, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი, თუ არ გვაქვს სახელისუფლებო მხრადაჭერა. ვინც არ უნდა იყოს ხელის შემშლელი, რა ინფორმაციებიც არ უნდა გაავრცელოს. არავის არაფერი გამოუვა. დღეს ქვეყანაში არ ბნელა, ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. მჯერა თქვენი გულისხმიერების. გულწრფელად მინდა გისურვოთ წარმატებები“.

ირაკლი კობახიძე: „მოდით, კიდევ ერთხელ მხარი დავუჭიროთ ჩვენს კანდიდატს, ბატონ ბეგი სიორიძეს, ვინც გასული ოთხი წლის განმავლობაში პირნათლად ემსახურებოდა თავის მშობლიურ ქალაქს, მუნიციპალიტეტს. მას შემდეგ, რაც წარმატებით ჩატარდება მეორე ტური, დარწმუნებული ვართ, ბატონი ბეგი განახლებული ენერგიით შეუდგება თავის საქმეს და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იზრუნებს იმაზე, რომ ოზურგეთი გახდეს კიდევ უფრო განვითარებული, კიდევ უფრო წარმატებული რაიონი. რა თქმა უნდა, ოზურგეთის წარმატება იქნება მთელი ჩვენი ქვეყნის წარმატებაც“.

მამუკა მდინარაძე: „დარწმუნებული ვარ, 12 ნოემბერს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ასევე დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გესმით ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერისმნიშვნელობა. ჩვენ რომ არ გითხრათ, თქვენ თვითონვე კარგად ხედავთ ოპონენტები ცდილობენ დეზინფორმაციების გავრცელებით აწარმოონ თავიანთი საარჩევნო კამპანია, თქვენ იცით, რომ „ქართული ოცნების“ სახით საქმე გაქვთ კარგად შეკრულ, გულწრფელ გუნდთან, რომელსაც აქვს საერთო მიზნები და ამოცანები, რასაც ჰქვია ქვეყნის განვითარება, თითოეული რეგიონისა და რაიონის განვითარება, ასეთ გუნდს შესწევს ძალა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს მის მიერ დასახელებული კანდიდატის სამომავლო ქცევებზე, სამომავლო სწორ მოქმედებებზე. აქედან გამომდინარე, მინდ, კიდევ ერთხელ დაგიფიქსიროთ, რომ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, გადაწყდა, რომ ამ რაიონში მერობის კანდიდატი ყოფილიყო ბეგი სიორიძე. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ მეტი საქმის გაკეთებას შეძლებს, ხაზგასმით ვამბობ, ცენტრალური ხელისუფლების გვერდით დგომით“.

ბეგი სიორიძე: „თქვენი გვერდში დგომით ჩვენ 12 ნოემბერს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. რეალობად იქცევა ყველა ჩვენი დაპირება. ბევრი ახალი პროექტი იქნება ჩვენს მუნიციპალიტეტში. მე და ჩემი თანაგუნდელები, თქვენთან ერთად, მუხლჩაუხრელი შრომით, ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ პროექტებს, რასაკვირველია, წამოვიწყებთ უამრავ ახალ პროექტსაც. მომდევნო 4 წელიწადში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები ასახვას პოვებს თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაზე“.

„ქართული ოცნების“ ლიდერთა მონაწილეობით ბეგი სიორიძის საარჩევნო შტაბის 8 ნოემბრის ღონისძიებები ქალაქ ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის წინ გამართული აქციით დამთავრდა, რომელსაც უამრავი ამომრჩეველი დაესწრო.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.