არჩევნების მეორე ტურში გაზეთი „ალიონი“ მედიამონიტორინგს ახდენს და ამ მიზნით ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანი მოვინახულეთ.
სოფელ ბახვის #20 საარჩევნო უბანი სოფლის ამბულატორიის ფოიეშია განთავსებული. შენობის წინ სიმშვიდე იყო. გამოკითხულები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების წარმომადგენლების მხრიდან არანაირ ზეწოლას არ ასახელებდნენ.
_თავად ხედავთ, არც მიკროავტობუსები დგას და არც არავინ არავისზე ახორციელებს ზეწოლას-გვეუბნებოდნენ ისინი. ამ უბანზე ცეესკოს და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის არაერთი დამკვირვებელი აკვირდება არჩევნების მსვლელობას.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის, მზია ვაშალომიძის ინფორმაციით, ბახვში 846 ამომრჩეველია და დღის 15 საათსა და 30 წუთზე 404 ამომრჩეველმა მისცა ხმა.
ქვედა ბახვის #21 საარჩევნო უბანთან იმ დროს მივედით, როცა კამათი მიმდინარეობდა ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის, რომლებიც საარჩევნო უბნის წინ, გზის მეორე მხარეს ლურჯ მიკროავტობუსში ისხდნენ და სიებს ამოწმებდნენ. ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ორმა მათგანმა მიკროავტობუსი დატოვა, ხოლო მიკროავტობუსში პედაგოგი ნინო გოგოლაშვილი დარჩა, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო.
თუ რა ხდებოდა მიკროავტობუსში, ამაზე კომენტარი „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა ქვედა ბახში გოჩა თვალაბაძემ გააკეთა:_ თავად ხედავთ, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მიკროავტობუსში ჩვენი წარმომადგენლები არიან, რომლებიც არჩევნებზე გამოცხადების მონიტორინგს ახდენენ. გვაინტერესებს, როგორია ხალხის ნაკადი, წინა არჩევნებთან შედარებით იკლო თუ არა მათმა რაოდენობამ და ა.შ. ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია _გვიპასუხა თვალაბაძემ.