„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 11, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 10 საჩივარი, ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 2 შენიშვნა.
ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება: #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს 2 ამომრჩეველს სიაში ხელი არ მოაწერინა; #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს სიაში ხელი არ მოაწერინა; #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე ამომრჩევლის რეგისტრაციის მისამართი მითითებული არ არის.
მარკირების არასწორად გაკეთება: #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე ორმა რეგისტრატორმა 3 ამომრჩეველს მარკირება მარჯვენა ხელის ნაცვლად, მარცხენაზე გაუკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა.
არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა: #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ვადაგასული პირადობის მოწმობით მისცა ხმა.
ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში: #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე ძირითადი ყუთის ნაცვლად გადასატან ყუთში მოათავსა.
გადასატან ყუთში კონვერტების ჩაყრა: #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის გამყოლ კომისიის წევრებს სამი კონვერტი ჩაუვარდათ გადასატან ყუთში.
„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.
Ipn.ge