„მზად ვარ ყველასთან თანამშრომლობისთვის“

დამატებულია: 2017-11-15
picture1

14 ნოემბერს 18 საათზე, ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ ცალკეულ უბნებზე მომხდარ დარღვევებზე საიას, „სამართლიანი არჩევნების“და სხვათა მიერ შეტანილი 23 საჩივარი განიხილა, საიდანაც ორ საჩივარში უბნების გაბათილებას ითხოვდნენ. კომისიამ არ დააკმაყოფილა ნასაკირალის #59 საარჩევნო უბანში მომხდარ დარღვევებზე შეტანილი საჩივარი, ხოლო ნარუჯის #13 საარჩევნო უბანში მომხდარი დარღვევების შესახებ შეტანილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სხდომის დამთავრების შემდეგ საოლქო კომისიის შენობის წინ შეკრებილ ხალხს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მიმართა:

_სიმართლემ იზეიმა და გურიაში ყოველთვის იზეიმებს სიმართლე. გურულებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ჩვენი წინაპრები ასე ცხოვრობდნენ და ასე გაგრძელდება მომავალშიც. მთავრობასთან ურთიერთობაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ. პირიქით, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს.უფრო მეტი ფიქრი და მუშაობაა საჭირო და მობილიზაცია გასაკეთებელი. მზად ვარ ვემსახურო ხალხს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ამომრჩეველს, ასევე იმ ადამიანებს ვისაც სხვა პოზიცია ეკავა. განსხვავებული აზრი ეს ხომ ბუნებრივი პროცესია, ამაში ცუდს ჩვენ ვერაფერს ვერ ვხედავთ. მე ყველას ვეუბნები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვის მისცა ხმა, მზად ვარ ყველასთან თანამშრომლობისთვის_განაცხადა შარაშენიძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.