თამუნა ლურსმანაშვილმა ბრიფინგი გამართა

დამატებულია: 2017-11-20
picture1

დღეს, ოზურგეთის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში, ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარმა თამუნა ლურსმანაშვილმა ადგილობრივ მედიასთან ბრიფინგი გამართა, სადაც მან. ქ. ოზურგეთის მერიის თანამშრომლებისა და ერთ-ერთი აიპის ხელმძღვანელის მიერ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში მის ფოტოზე გაკეთებული კომენტარების მიზეზი ახსნა.\"

_მინდა თქვენთვის განვმარტო და საზოგადოებას ავუხსნა, თუ რატომ გადავიქეცი „ანგელოზი ეშმაკად“, რა დანაშაული მაქვს ჩადენილი, თუ რატომ მიწოდეს „უმადური“ და რატომ მოხდა სოციალურ ქსელში ასეთი თავდასხმები.

ამის მიზეზი ის არის, რომ გამოვხატე ჩემი აზრი და ღიად დავუჭირე მხარი დამოუკიდებელ მერობის კანდიდატს და ჩემი უფლებები დავიცავი.

მე მინდა, რომ ჩემი ქალაქი იყოს ადაპტირებული და თავისუფლად შემეძლოს გადაადგილება. კი ნამდვილად კეთდებოდა პანდუსები, მაგრამ ვერ ვსარგებლობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.მე ვამბობდი, რომ ყოველივე ეს იყო ფასადური და პანდუსზე ორი ადამიანის დახმარების გარეშე ვერ ახვალ. ამას ჰქვია გაკეთებული? მე ვთანამშრომლობდი ბატონ ბეგის სიორიძესთან, ქალაქის მერიასთან შეიქმნა კიდეც სათათბირო საბჭო, რომელშიც ჩართული მეც ვიყავი, მაგრამ, რა საკითხებიც დავაყენე მაშინ, იგივე სველი წერტილების არ არსებობა ქალაქში, თუ სხვადასხვა მოსაგვარებელი პრობლემები, არაფერი არ გაკეთდა და ფაქტიურად აღარ ფუნქციონირებდა ეს საბჭო. ჩემს მიმართ გაღიზიანება წამოვიდა მას შემდეგაც, რომ მერის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა შარაძემ დამირეკა და მთხოვა, მონაწილეობა მიმეღო ბეგის სიორიძის მხარდამჭერ კლიპში და უნდა მეთქვა მხოლოდ ის, რაც კარგი გაკეთდა, ვუთხარი, რომ მე წინააღმდეგი ვარ ამის, რადგან თუ ვიტყვი კარგს, მაშინ უნდა ვთქვა ის, რაც არ გაკეთდა.

ეკა ნინიძის მიერ ნათქვამი სიტყვა „უმადურობა“ კი უკავშირდება იმას, რომ მე მხარი ღიად დავუჭირე დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს და როგორც ეკა ნინიძეს ჰგონი, ამით ბეგლარ სიორიძის მისამართით გამოვხატე უმადურობა. არავის არ ეგონოს ის, რომ მე ახალარჩეულ მერთან არ დავაყენებ იმ პრობლემებს, რაც არის ოზურგეთში და არ მოვითხოვთ მის მოგვარებას. მე მინდა ხვალინდელი ოზურგეთი იყოს უკეთესი.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ გამოხატვის თავისუფლება, საკუთარი პოზიციის დაცვა ან დამოუკიდებლად გაკეთებული არჩევანი ნიშნავს იმას, რომ ანგელოზი გადაიქცევი ეშმაკად, მაშინ საერთოდ არავის არ აქვს უფლება დამოუკიდებლად იაზროვნოს და მიიღოს გადაწყვეტილება? მე ისევ ის თამუნა ლურსმანაშვილი ვარ და მინდა ეს კარგად იცოდეს საზოგადოებამ, თუ რატომ წამოვიდა ჩემს მიმართ ეს აგრესია რამდენიმე ადამიანის მხრიდან. რაც იმ დღეს მოხდა, მე ძალიან ვინერვიულე და ძალიან განვიცადე\"_განაცხადა თამუნა ლურსმანაშვილმა.

მანვე ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ იგი მერიის თანამშრომელ ხათუნა შარაძისგან, მარინა ვასაძისგან და ბაღების გაერთიანების უფროს ეკა ნინიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.