(ინტერვიუ ახალგაზრდა მეღვინე ბაია აბულაძესთან)
_ბაია, რა ფაქტორმა გადაგაწყვეტინა მეღვინეობაზე გეფიქრა და მცირე მეწარმე გამხდარიყავით?
_მეღვინეობა ჩვენი ოჯახის ტრადიციული საქმიანობაა, ბაბუა, ბონდო ღვალაძე პროფესიით მევენახე/მეღვინეა და სოფელში რჩევას აგრარულ პრობლემებზე ყველა მას ეკითხება, ვაზის მოვლა ტრადიციული საქმიანობაა და წლის ყოველი დრო თავისებურად დატვირთულია ვენახისა თუ ღვინის მოვლით. ბაბუა ყოველწლიურად მონაწილეობდა ღვინის ფესტივალებში და თან დავყავდით. ჩვენთვის დღესასწაული იყო ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება, ასევე ღვინის კლუბის ლექციებს ძალიან ხშირად ვესწრებოდი და ვხედავდი წარმატებულ, ძალიან ჭკვიან მეღვინეებს, ძალიან საინტერესო იყო მათი მოსმენა, ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი ზეგავლენა იქონია. 2015 წელს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მივიღეთ მონაწილეობა და 5 000 ლარით დაგვაფინანსეს, რითაც ჩვენი ოცნება-ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა შევძელით.
_ როგორ მიაღწიეთ პირველ წარმატებას და რა სახის ღვინოების გატანა შეძელით ბაზარზე?
_პირველი წარმატება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრობა იყო, რის შემდეგაც გაგვიცნო ძალიან ბევრმა მედია საშუალებამ, თითქმის ყველა ტელევიზია იყო ჩვენს პატარა სოფელ ობჩაში და ჩვენზე ბევრი გადაცემაც გაკეთდა. ჩვენზე წერდნენ ჟურნალ-გაზეთებში, ამ ყველაფერმა მოტივაციასთან ერთად ჩვენი ღვინის ცნობადობაც გაზარდა. ჩვენ, ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელ ჯიშებს და ღვინოს ვასხამთ, ესენია: „ცოლიკოური“, „ციცქა-ცოლიკოური-კრახუნა“, „ციცქა-ცოლიკოური“, „ოცხანური საფერე“. ღვინის ბოთლში ჩამოსხმისთანავე დაგვიკავშირდნენ ღვინის მაღაზიები, რესტორნები, სასტუმროები და დღეს ჩვენი ღვინო 40-მდე სხვადასხვა ობიექტში იყიდება.
_ რა სახეობის ყურძენს წურავთ, როგორი წესით, როგორი სახის ღვინოს გატანაა შესაძლებელი ევროპის ბაზარზე?
_ჩვენი საოჯახო მეურნეობა ჰექტარნახევარზე გაშენებულ ვენახს მოიცავს, ძირითადად ამ ჯიშებზე ვართ ორიენტირებულები- „ცოლიკოური“, „ციცქა“, „კრახუნა“, „ოცხანური საფერე“, თუმცა ბევრი სამომავლო გეგმა გვაქვს ახალი ნაკვეთის გაშენების. ვიყენებთ როგორც ტრადიციულ, ქვევრში ღვინის დაყენების, ასევე ევროპულად (ჭაჭასთან კონტაქტის გარეშე) ღვინის დაყენების მეთოდს. ევროპის ბაზარი და ზოგადად მთელი მსოფლიოს ღვინის სექტორის ყურადღება ქართულ უძველეს ქვევრის ღვინის ტრადიციაზეა მიპყრობილი. ჩვენ ჯერ-ჯერობით მცირე რაოდენობის ღვინო გავიტანეთ ევროპის ბაზარზე. „ბაიას ღვინით“ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაინტერესდნენ.
_როგორია დონორი ორგანიზაციების დახმარება და რაში გამოიხატებს იგი?
_დონორი ორგანიზაცია ჩვენთვის „აწარმოე საქართველოში“ იყო, რამაც ჩვენი მცირე ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა გაგვიჩინა.
_უცხოელების დაინტერესება „ბაიას ღვინოს“ გარშემო როგორია და რა კავშირები გაქვთ უცხოეთთან? (ვიზიტები, თვენთან ჩამოსული უცხოელები და ა.შ)
_ძალიან ბევრი უცხოელი გვსტუმრობს შუაგულ იმერეთში, ძალიან გრძელ გზასაც გადიან ჩვენს ობჩამდე მოსასვლელად იმისათვის რომ ადგილზე დააგემოვნონ ჩვენი ღვინო, გაეცნონ ჩვენს ტექნოლოგიას, მოინახულონ ვენახები, ნახონ ტრადიციული სოფელი და დააგემოვნონ ტრადიციული კერძები. საოჯახო სასტუმროშიც ბევრი სტუმარი ჩამოდის და სოფლის გარემოში მშვიდად ისვენებენ. ასევე გვყავს ხოლმე მოხალისეებიც, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ და ყოველდღიურ საქმიანობაშიც გვეხმარებიან. ხშირად ჩვენც გვიწევს უცხოეთში წასვლა სხვადასხვა გამოფენასა თუ კონფერენციაზე დასასწრებად. ბოლოს ჩემი და ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო და მეწარმარმეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას.
_ როგორ აპირებთ საოჯახო მეურნეობის გაფართოებას და რა სახის სერვისს სთავაზობთ ქართველ და უცხოელ ტურისტებს?
_ჩვენი ძალიან დიდი მიზანია მივიღოთ მეტი ცოდნა მეღვინეობაზე, მევენახეობაზე, ჩემი და-ძმა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ- ჩემი და აგრონომიის სამაგისტრო პროგრამის, ძმა კი მეღვინეობა/მევენახეობის საბაკალავრო პროგრამის. ცოდნასთან ერთად ჩვენი მშობლები ძალიან ბევრ საქმეს ითავსებენ ერთად. ორივე პედაგოგია და არასამუშაო საათებს სულ მეურნეობას და ერთობლივ საქმეს ახმარენ. ჩვენთან მოსულ ტურისტს გემრიელი და ეკოლოგიურად სუფთა კერძების მირთმევა შეუძლია, ასევე დარჩენა და ღვინით ტკბობა.
_ რას ურჩევდით დამწყებ მეღვინეებს?
_ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება განაგრძონ თავიანთი ჩაფიქრებული საქმე, გაიღრმავონ ცოდნა ყველანაირი საშუალებით და მათ მიერ დაწურული ღვინით მონაწილეობა მიიღონ ღვინის გამოფენებდა და ფესტივალებში. ასევე ტურისტების დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეა, რაც ბიზნესს ძალიან ეხმარება
_სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
_მინდა სოფელი ობჩა გახდეს ცნობილი და საყვარელი იმათთვის ვინც აქ ცხოვრობდა. სოფელში მიგრაციული პროცესი შეჩერდა და რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა, რომ ვაზი გააშენოს.სამომავლოთ ფერმერული მეურნეობის გაფართოებას ვგეგმავთ.