გასულ პარასკევს ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, სკოლის კურსდამთავრებულის, ოზურგეთის საპატიო მოქალაქის გიორგი კეკელიძის მიერ განხოპრციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
უნდა აღინიშნოს, რომ ფონდ „გურული დღიურების“ერთ-ერთი სტიპენდიანტი, ამ სკოლის მოსწავლე ქეთი ქობულაძეა.
გიორგი კეკელიძემ პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მოწვეულ სტუმრებთან განაცხადა:
_სკოლა, ოჯახთან ერთად არის მოცემულობა, რომელიც თვისობრივად აყალიბებს ადამიანს,გადაყავს ცხოვრების ახალ ეტაპზე,და მით უფრო ის სკოლა, რომელიც მე მაშინდელ დროში მეგულება, უმეტესი თვენგანი მაშინ ასწავლიდით, რაც გულისხმობდა სერიოზულ გამოწვევებს.მე მახსოვს მაშინდელი სკოლის ფანჯრები, რომელიც უმეტესად „ცელოფნის“ ფარდებით იყო აღჭურვილი,მახსოვს სკოლაში მორიგეობით დაგვქონდა შეშა,რომ ერთმანეთი გაგვეთბო და მახსოვს ისიც, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, თითოეული თქვენგანი გვაწავლიდით ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ შემდეგ ეს აღარ დაგვჭირვებოდა.მე მგონია, ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბავია, რომლის რეფლექსია ჯერ კარგად არ მომხდარა.ეს ხდებოდა მთელ საქართველოში. ჩვენ ვართ იმ ინერციის ნაწილი და დღესაც გვაქვს ბევრი სირთულეები და მე მგონია ახლა სხვა გამოწვევების დროა“_აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.
გიორგი კეკელიძემ სკოლის ბიბლიოთეკას მხატვრული ლიტერატურა გადასცა. მანვე წამოაყენა წინადადება, რომ სკოლის ბიბლიოთეკას ეწოდოს ამ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, აწ გარდაცვლილ ანა ბერძენიშვილის სახელი.
სიტყვებით გამოვიდნენ: გურიის გუბერნატორის მოადგილეები ქეთი მოისწრაფიშვილი, გია ებრალიძე, განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, ფონდ „გურული დღიურების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მანანა აბაშმაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ბესო ბაჯელიძე, თავისუფალი პროფკავშირების ოზურგეთის ირგანიზაციის თავმჯდომარე როზა გოგუაძე; #1საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ლალი გიგინეიშვილი, მასწავლებლები ნანი სალუქვაძე და სხვები.სკოლის დირექტორმა მაია თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა სკოლის აღზრდილს თანადგომისთვის.