ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“, მედპერსონალი გაიფიცა. ისინი გაფიცვის მთავარ მიზეზად დაგვიანებულ ხელფასებს ასახელებენ.
_ ოქტომბრის ხელფასი ჯერ არ მიგვიღია. „მედალფას“ ხელმძღვანელები ვერ გვეუბნებიან თუ როდის მივიღებთ კუთვნილ ხელფასს. აქ ჩვენ რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. ღამეებს ვათენებთ, რომ პაციენტებს მოვემსახუროთ. რა ვუყოთ ბანკის ვალებს, როგორ ავუხსნათ მათ, რომ კუთვნილ ხელფასს არ გვაძლევენ, ან რას ვღებულობთ ისეთს, რომლის განახევრებაზეა საუბარი . _აცხადებდნენ ჟურნალიტებთან აქციის მონაწილეები.
ამ თემაზე გაზეთ „ალიონთან“ კომენტარი „მედალფას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბროლაძემ გააკეთა:
_რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. 26 სექტემბერს საყოველთაო ჯანდაცვამ ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკა 800 000 ლარით დააჯარიმა.მივიჩნიეთ, რომ დაჯარიმება მოხდა უკანონოდ და ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამისი სარჩელი შევიტანეთ. გადაწყვეტილება 10 ნოემბრამდე უნდა მიგვეღო, რომ მომდევნო სარჩელი შესაბამის ინსტანციაში შეგვეტანა და შეგვეჩერებინა „მედალფას“ შემოსავლებიდან 50 პროცენტის ავტომატურ რეჟიმში ჩამოჭრის პროცესი. ჯარიმის თანხები ბუნებრივია აისახება შემოსავლებში და რა პროპორციითაც არის დანაკლისი, იმ პროპორციით დარიგდება ხელფასები.
სამწუხაროდ, ამ სიტუაციიდან გამოსვლა სხვაგვარად არ შეგვიძლია. ეს ყველაფერი აისახება ხელფასებზე, რადგან ნებისმიერი ხელფასი მიბმულია შემოსავალზე.
ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ დაჯარიმდა „მედალფას“ კლინიკა, გიორგი აბროლაძემ ასე განმარტა:
_2013 წლის 30 მაისს და იმავე წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთის ადრე კლინიკას 16 ათასი ადამიანი მოამაგრეს. ჩვენ სხვა დროს ყველა მომაგრებულზე გვაქვს მომაგრების თანხმობის ფურცელი და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი. ამ შემთხვევაში, როგორ გვექნებოდა. ამის გამო დააჯარიმეს საავადმყოფო 800 000 ლარით.
ჩვენ მომსახურება რომ გავუწიეთ მოსახლეობას, ფაქტიური დანახარჯი 7,5-ჯერ მეტია, ვიდრე მივიღეთ შემოსავალი. თანაც 2014 წლიდან საჯარიმო სანქციები გასამმაგდა.
ვართ შეზღუდული გასაჩივრებაში, ჯარიმის თანხის ჩამოჭრის პროცესი კი მიმდინარეობს. ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას. კლინიკას მარტო ხელფასები ხომ არ აქვს, სხვა დამატებითი ხარჯებიც არის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მომსახურების თანხებს 6 თვის დაგვიანებით ვღებულობთ. ამჟამად მაის-ივნისის თანხებს მივიღებთ. გიორგი აბროლაძის თქმით „მედალფას“ სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი დაგვიანებულ ხელფასებს მომდევნო კვირაში მიიღებენ.