სოფელ ძიმითში, თირის უბანში ჩიტიას მთის ძირში სოციალურად დაუცველი, პედაგოგ ლეილა მუხაშავრიას ოჯახი ცხოვრობს. სოციალურად დაუცველი კი არის, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მის ოჯახს სოციალური დახმარების მიღება შეუწყდა და ორი პენსიონერის პენსიის იმედზე არიან.
ორიოდ სიტყვით ოჯახის ისტორიის შესახებ: ქალბატონ ლეილას მამამთილი სერგო მუხაშავრია ცნობილი ექიმი იყო და ოთხ სოფელს ძიმითი, ნაგომარი, აკეთი, ჭანჭათი ემსახურებოდა. გასული საუკუნის 50-იან წლებში, მისი ინიციატივით სოფელ ნაგომარში 55-ადგილიანი საავადმყოფო გაიხსნა, რომლის მთავარი ექიმიც იგი იყო. 55 წელი ემსახურა ბატონი სერგო ამ კეთილშობილურ საქმეს.
ქალბატონ ლეილას მეუღლე, თენგიზ მუხაშავრია პროფესიით ინჟინერ-მეტალურგი იყო, მაგრამ მშობლიური კუთხე ვერ მიატოვა და ძიმითის ცნობილ კოლმეურნეობაში მუშაობდა ბრიგადირად.
_ დავვოჯახდით. 1981 წელს თირის უბნის ბოლოში დავსახლდით. აქ მთავრდება სოფელი. აქედან ერთ კილომეტრში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი აკეთი იწყება. „ბელეტაჟი“ სახლი ავაგეთ. მე პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვარ. თირის 100 წლის ისტორიის მქონე დაწყებით სკოლაში ვიმუშავე გამგე-მასწავლებლად. შემდეგ ბავშვების კონტიგენტი 12-მდე რომ შემცირდა, სამინისტრომ თირის სკოლა დახურა და ძიმითის საჯარო სკოლაში ვმუშაობდი სპეციალობის მიხედვით. ახლა პენსიაზე ვარ. თავად ხედავთ ჩემს მდგომარეობას, მეწყერის ჩათვლით ყველანაირი გასაჭირი დაატყდა ჩემს ოჯახს. 10 წლის წინ მეუღლე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა, იმავე პერიოდში დამეღუპა ძმაც: შვილი, სერგო მუხაშავრია მშენებლობიდან ჩამოვარდა, თავი დაიზიანა, 2 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული და 2012 წელს 32 წლის ასაკში გარდაიცვალა, _ გვიყვება ქალბატონი ლეილა.
ოჯახში ამჟამად, ქალბატონი ლეილას გარდა, ცხოვრობს: 90 წლის ავადმყოფი დედა მაყვალა გობრონიძე, რძალი ნატო ანდღულაძე, შვილიშვილი ლიკა მუხაშავრია. ლიკა ამჟამად ბათუმის საბუღალტრო სასწავლებელში სწავლობს.
_ კაცი რომ არაა ოჯახში, ქალებს გვიწევს მძიმე შრომა. შეშას ვამზადებთ. ჩვენი უბნის საყანე ფართობები სუფსის პირზე შემოუღობავია, არ ითესება და 6 დღე ფიზიკურად ვეხმარებოდი მეზობლებს, რომ 1 წლის ფურისათვის საზამთროდ ჩალა მომემარაგებინა. სამუშაო სოფელში არ არის, ფაროსანამ ძიმითი განსაკუთრებულად ამოიჩემა და თხილის მოსავალი მთლად გაგვინადგურა. თავად ნახეთ, ციტრუსის მცირე ფართობზეც როგორი უხარისხო ნაყოფია. ვინ იყიდის ასეთ უხარისხო ნაყოფს, ან რა შემოსავალს მოგვცემს 200-250 კილოგრამი მანდარინი? _ გვიხსნის ნატო ანდღულაძე.
მთავარი პრობლემა შეწყვეტილი სოციალური დახმარება და ახლადწამოსული მეწყერია. თუ რა გახდა ამ მეწყერის მიზეზი, ქალბატონი ლეილა ასე ხსნის:
_ საუბნო გზა ცუდ მდგომარეობაშია. თირის უბანში ბევრ ადგილასაა მეწყერი. სასმელი წყლის პრობლემაა, თორემ წვიმაში ისეთი ღვარცოფის წამოსვლა იცის ჩიტიას მთიდან, ვერ წარმოიდგენთ. საარჩევნოდ ქვა-ღორღი რომ დაყარეს, მშენებლებს ვთხოვე, გზის ერთ მხარეს არხი გაეკეთებინათ, რომ ქვა-ღორღის დაყრის შემდეგ წყალს გასავალი არ ჩაკეტოდა. არავინ მომისმინა და აი შედეგიც: ერთი თვის წინ ძლიერი წვიმის შემდეგ მანდარინის ბაღი დაიმეწყრა და მომავალში ალბათ მეწყერი კიდევ უფრო საშიში გახდება.
საცხოვრებელი სახლიც დაბზარულია, 4 წლის წინ დამპირდნენ სახურავის შეცვლას, უფროსებიც იყვნენ ოზურგეთიდან, მაგრამ გადაავიწყდათ. ახლახან ძიმითის გამგებლის მოადგილე გელა სალუქვაძე იყო ინჟინერთან ერთად და ვნახოთ, რას იზამენ.
_ სოციალურის მოხსნის მიზეზი რა იყო?
_ მიზეზს რას გაიგებ. ადრე სარეიტინგო ქულა დაბალი გვქონდა 33 000 და 2012 წლიდან დახმარებას ვიღებდით. წელს, ივნისში გადაამოწმეს და ახლა 69 520 გვაქვს. ამიტომ მოგვიხსნეს დახმარება, _ გვიხსნიან ისინი.
კიდევ ერთი შეპირების შესახებ მინდა გითხრათ. შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ ქალბატონ ნინო წილოსანს ვთხოვეთ შვილიშვილს დახმარებოდა სასწავლებელში სწავლის საფასურის გადახდაში. ქალბატონი ნინო შეგვპირდა დახმარებას, „ჩემი ფონდიდან ჩავურიცხავო“, მაგრამ... რომ ავირჩიეთ, რამდენჯერმე დავურეკეთ... არ გვიპასუხა...
_კარგი თუ გაკეთდა თქვენს უბანში რამე?
_კი ბატონო, ახლახან ბუნებრივი აირის მილები ჩადეს მიწაში და იმედი გვაქვს, ბუნებრივი აირი მალე გვექნება...თუმცა ისე შეასრულეს სამუშაოები, მსუბუქი ავტომანქანა ჩემს სახლამდე ვერ მოდის...
პრობლემებზე სოფლის სხვა მცხოვრებელიც გვეუბნებიან: კოხას უბნის მცხოვრები რეზო მახარაძის თქმით, შარშან საპარლამენტო არჩევნების წინ კოხას 120-კომლიან უბანს შეპირდნენ, რომ სასმელი წყალი ექნებოდათ.
_ რეზინის მილები მოიტანეს.. წელსაც, არჩევნების წინ დაგვპირდნენ, მაგრამ კვლავ უწყლოდ ვართ _ გვითხრა რეზო მახარაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ძიმითის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლის მოადგილის გელა სალუქვაძის თქმით, ლეილა მუხაშავრიას ოჯახი მუნიციპალიტეტიდან დახმარებას საჭიროებს. სახლს სახურავი უნდა შეეცვალოს..
_ 4 წლის წინ შეიტანეს სიაში, მაგრამ რატომღაც ასე დარჩა, _ გვითხრა მან.
ვანო გოგოლაშვილი, სოციალური სამსახურის უფროსის მო-ადგილე: _ თითოეული ბენეფიციარის პერსონალური მონაცემი კონფიდენციალურია. შეგვიძლია გითხრათ, რომ ქალბატონი ლეილა ანდღულაძის სარეიტინგო ქულა ითვალისწინებს ოჯახის ყველა წევრისთვის სამედიცინო პოლისს და უბნის ექიმის საშუალებით წამლების გარკვეული ჩამონათვალის პროგრამით სარგებლობას. რაც შეეხება მინიჭებული ქულების გადამოწმებას, იგი მათი განცხადების საფუძველზე მომავალი წლის აგვისტოშია შესაძლებელი. (გოგოლაშვილი აღნიშნულ თემაზე მუხაშავრიების ოჯახსაც ესაუბრა).
მაკა გოგიჩაიშვილი, პარლამენტარ ნინო წილოსანის ლანჩხუთის ბიუროს უფროსი:
_ თქვენს გაზეთთან გვაქვს საქმიანი ურთიერთობა. სოფელ ბაილეთის პრობლემებზე თქვენ მიერ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ ქალბატონი ნინო დაინტერესდა ამ თემით და გაზის კომპანიის წარმომადგენლებს ესაუბრა. იმედი გვაქვს, ეს თემა მალე გადაწყდება.უყურადღებოდ არც მუხაშავრიების ოჯახს დავტოვებთ_ გვითხრა მაკა გოგიჩაიშვილმა.