დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს სხდომის დასაწყისში კინკლაობა გაიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატ გოჩა კილაძესა და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“დეპუტატებს შორის.
_ნერვები დაიმშვიდე!
_პირი დაკეტე, ძმაო!
_შენ რომ პირი გააღე, გგონია მაგარი ბიჭი ხარ?_ ფრაგმენტები მათი საუბრიდან.
მცირე კინკლაობის შემდეგ საკრებულოს სხდომა გაგრძელდა. სულ 24 საკითხი განიხილეს.
პირველ საკითხად „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობრივ პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განიხილეს. საკრებულოს აპარატში ამჟამად 21 საშტატო ერთეულია, 3 თანამშრომელი ხელშეკრულებით იქნება აყვანილი.
საკრებულოს ახალი განყოფილება დაემატება: საინფორმაციო-ანალიტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება 6 საშტატო ერთეულით.
_2012 წელს 15 კაცი იყო აპარატში, ახლა 24 კაცია. რამ განაპირობა ამ სამსახურის შექმნა.ეს ყველაფერი ხომ გადასახადის გადამხდელების ზურგზე აისახება?_შეკითხვა დასვა ბესო ქათამაძემ.
დავით დარჩია: _ოზურგეთის საკრებულო საინტერესო პროექტს ახორციელებს. 5 სოფელში საკრებულოს სხდომის პირდაპირ ტრანლიაცია მიმდინარეობს. ახალი საშტატო ერთეულები კი საშუალებას მოგვცემს რომ ყველა სოფელში მოხდეს სხდომების გადაცემა, მათ შორის დაბა ნასაკირალში _განმარტა მან.
საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ თანამდებობრივ რანგირებაზე გააკეთა შენიშვნა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ უპასუხა. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მხარი ბესო ქათამაძემ და ლევან მგელაძემ არ დაუჭირეს.
საკრებულომ განიხილა საკრებულოს კომისიების დებულებები და პერსონალური შემადგენლობები.
განხილული იქნა საკითხი მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ.
საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ წარმოადგინა.
_მე არავისთან პრეტენზია არ გამაჩნია. გაერთიანებული ძალებით შევძლებთ საქმის კეთებას. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რაიმე დამალული გვქონდეს. ღია და გამჭირვალე მუშაობა გვექნება. მოვსინჯოთ, როგორ გვექნება ამ 4 წელიწადში მუშაობა. რაც შეეხება საშტატო ნუსხას, იგი შესაბამის პროფესიონალებთან მაქვს განვლილი _განაცხადა შარაშენიძემ.
ახალი საშტატო ნუსხით არ იცვლება საფინანსო-საბიუჯეტო, შიდა აუდიტის და ინსპექტირების, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურები. სხვა სამსახურებში ცვლილებებია. მაგალითად გაერთიანდა განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურები. ცალკე დარჩა სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახური.
_ყველამ ერთად ვიმუშავეთ, შევჯერდით თემებზე და გასწორებული ვარიანტი წარმოგიდგინეთ. საშტატო ნუსხა თემების მუნიციპალიტეტის მიხედვით წარმოვადგინეთ. _ განმარტა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძემ.
დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ მიხეილ გოგოტიშვილმა შეკითხვა დასვა სოფლის მეურნეობის განყოფილებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლების სახელფასო სარგოს შესახებ.
_ორი დღე ვიმუშავეთ რომ შევჯერებულიყავით _თქვა დავით დარჩიამ. უპასუხოდ დარჩა უხუცესი დეპუტატის „პატრიოტთა ალიანსიდან“ნანული ორაგველიძის შეკითხვა, თუ რატომ არ იყო წარმოდგენილი საშტატო ნუსხაში უმცროსი სპეციალისტები, მიუხედავად მათი კატეგორიებისა.
საშტატო ნუსხის შესახებ განმარტება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის სისტემების განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კოკა კიღურაძემ. _გუშინ და დღეს ვმუშაობდით ამ საკითხზე. განსაკუთრებით მინდა მადლობა ვუთხრა ეროდი გორდელაძეს. ჩვენ გავითვალისწინეთ შენიშვნები. განსაკუთრებით გაძლიერებული იქნება მედიასთან ურთიერთობის კომპონენტი. ადამიანები შეირჩევა მობილობის წესით, თავიანთი პროფესიონალიზმის ნიშნით _განაცხადა კიღურაძემ.
დეპუტატმა მარიკა ჩხიკვიშვილის აზრით, მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე მომუშავეთა 2 საშტატო ერთეული არასაკმარისია, თუმცა კიღურაძის განმარტებით საშტატო კვოტა მეტის საშუალებას არ აძლევთ, რადგან სახელფასო ფონდი მთლიან ბიუჯეტის 25 პროცენტს შეადგენს. სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კითხვები არ დაუსვამთ.
_არ გვინდა მეტი განხილვა, დროზე ვუყაროთ კენჭი_ითხოვდა რამდენიმე დეპუტატი
საკრებულომ ერთხმად მიიღო მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტი.