შოთა გოგიბერიძის ინიციატივით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო წერილობით თხოვნას უგზავნის მედალფას დამფუძნებელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14 დეკემბრის სხდომის დასასრულს დეპუტატმა შოთა გოგიბერიძემ განცხადება გააკეთა `მედალფას~ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში შექმნილი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
როგორც გოგიბერიძემ აღნიშნა, დაუშვებელია თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ჩვენს რეგიონში, ჩვენს რაიონში ხდება, როცა ჩვენს ამომრჩეველსა თუ ამომრჩეველთა ჯგუფს სერიოზული პრობლემა ექმნება. შეიძლება ჩვენი კომპეტენცია არ იყოს ყველა ის საკითხი, რასაც განვიხილავთ და რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს უფლება, პოზიცია ჩამოვაყალიბოთ ნებისმიერ კონკრეტულ საკითხზე:
`ჩვენი სამედიცინო ფლაგმანში, ჩვენ სამედიცინო ცენტრში შექმნილ უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაზე მოგახსენებთ. დეკემბრის 14 გახლავთ დღეს. ეს ხალხი, ჩვენი სასიქადულო ექიმები, ექთნები, სანიტრები, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ, არც თუ საუკეთესო პირობებში, რთულ გარემოში, არც თუ მთლად სამართლიანი შრომითი ხელშეკრულებების ფონზე, ერთგულად ემსახურებიან ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობას და მათ დღეს, 14 დეკემბერს ოქტომბრის ხელფასიც არ აქვთ სრულად მიღებული. ამ ადამიანებს შეექმნათ მძიმე ყოფითი პრობლემებიც კი. ესაა ხალხი, რომელსაც საბანკო ვალდებულებები და ყველა უამრავი სხვა საფინანსო ვალდებულება აქვს აღებული და ასეთი დაგვიანება, ექიმების შრომისადმი ასეთი დამოკიდებულება არ მიგვაჩნია სამართლიანად. ეს არის ლეიბორისტული პარტიის ინიციატივა, ეს არის ჩემი ინიციატივა, პირადად, ნებისმიერი მოქალაქეს შეეძლო ეს განცხადება გაეკეთებინა.
ეს პრობლემები, მედიაში გაჟღერდა. როგორც ამბობენ, გაფიცვის მცდელობაც კი ჰქონდათ ექიმებს დ, როგორც ამბობენ, საყოველთაო დაზღვევის მიერ ცოტა დაგვიანებით თანხების გადარიცხვის პრობლემამ შექმნა ეს. დაჯარიმებულიაო, მეხმიანებიან დარბაზიდან. დაჯარიმების მექანიზმები _ ეს კიდევ სხვა მექანიზმებია. დაჯარიმება იქნება ეს თუ საყოველთაო დაზღვევის თანხების გვიან ჩარიცხვა, არც ერთი ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთი თემა გავაჟღეროთ: როდესაც ადამიანი მასზე დაკისრებულ ფუნქციასა და მოვალეობას კარგად და პატიოსნად ასრულებს, მიუხედავად იმისა, რა ხდება მის ირგვლივ, არ შეიძლება კოლექტივს დააკისრო კოლექტიური პასუხისმგებლობა, ამას საერთოდ არ ითვალისწინებს სამართლის პრინციპი, არც საერთაშორისო, არც ადგილობრივი სამართალი.
ზოგადად ცნება კოლექტიური პასუხისმგებლობისა არ არსებობს. არ შეიძლება ექიმები დასაჯო და ყველას დააკისრო პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ შენ რომელიღაც სტრუქტურა სუბიექტურ პრობლემას გიქმნის. ამ ექიმებმა თავიანთი მოვალეობა პირნათლად შეასრულეს და ამაში ანაზღაურება უნდა მიიღონ.
ამ თემაზე ოზურგეთის საკრებულო, რასაკვირველია, ვერ მიიღებს ვერანაირ გადაწყვეტილებას. უბრალოდ, გულთან მიგვაქვს ჩვენი ძალიან სერიოზული სეგმენტის, ჩვენი სასიქადულო ამომრჩევლების ტკივილი და თუ დამეთანხმებით, თხოვნით მივმართოთ `მედალფას~ დამფუძნებელს, ბატონ პაატა კურტანიძეს. მზად მაქვს პროექტი, რომელსაც აქვე გაგაცნობთ და თქვენზეა დამოკიდებული რა ცვლილებებს შეიტანთ მასში:
ბატონო პაატა!
მადლიერებით აღვიქვამთ თქვენს საქველმოქმედო საქმიანობას და კვლავაც წარმატებებს გისურვებთ სადაზღვევო სფეროში ფარმაცევტულ და ჯანდაცვის მიმართულებით თქვენ მიერ გაწეულ საქმიანობაში. სწორედ ზემოაღნიშნული დამოკიდებულება გვაძლევს საფუძველს, ოზურგეთელთა სახელით, მოგმართოთ თხოვნით, რათა ამ წინასაახალწლო დღეებში მოხერხდეს შპს `მედალფას~ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრისათვის სახელფასო პრობლემის გადაწყვეტა. როგორც ქართულ ტელე და ბეჭდურ მედიაში გავრცელდა და, რასაკვირველია, თქვენთვისაც ცნობილია, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის კოლექტივს დღეისათვის ოქტომბრის ხელფასიც არ აქვს სრულად მიღებული და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან დაგვიანებით გადმორიცხული თანხების გამო, ზარალდებიან სამედიცინო ცენტრის მუშაკები, გთხოვთ, თქვენთვის ჩვეული გულისხმიერებით მიიღოთ გადაწყვეტილება ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის სახელფასო უზრუნველყოფის შესახებ. მოგეხსენებათ, გარდა წინასაახალწლო მზადებისა, ამ ადამიანებს სხვადასხვა საფინანსო და საბანკო ვალდებულებები გააჩნიათ და ასეც რომ არ იყოს, არც ერთი სამართლებრივი ურთიერთობა, მათ შორის შრომითი ურთიერთობა, არ ითვალისწინებს ე. წ. კოლექტიურ პასუხისმგებლობას სხვა სუბიექტის მიერ დარღვეული საკონტრაქტო პირობების გამო.
იმედი გვაქვს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და თქვენს დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურებს შორის ფინანსური ანგარიშვალდებულების საკითხი დადებითად მოგვარდება. თუმცა მიგვაჩნია, რომ ყოველივე ამან არ უნდა იქონიოს გავლენა თქვენ მიერ ექიმებთან, ექთნებთან და სანიტრებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესრულებაზე და მედპერსონალი არ უნდა ისჯებოდეს სხვათა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო~.
ღრმა პატივისცემით,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია~ .
სხდომაზე დამსწრე დეპუტატების თქმით, ამ თხოვნას არ სჭირდება არავითარი დადგენილების მიღება და იგი შეიძლება პირდაპირ გადაეგზავნოს ადრესატს.