ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსად დანიშნული და შემდეგ განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსად დაქვეითებული ნატალია ხომერიკი აცხადებს, რომ თუკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია არ აღადგენს იმ თანამდებობაზე, რომელზედაც თავდაპირველად დაინიშნა, მიმართავს სასამართლოს.
_როგორც გაზეთ „გურია ნიუსიდან“ გავიგე, ამა წლის 12 დეკემბერს დავინიშნე ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსად, რაც დამიდასტურეს ოზურგეთის მერიის იურიდიულ სამსახურში. მანამდე სამსახურის თაობაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. მობილობის წესით ველოდებოდი თანამდებობას, მაგრამ რომელს, ეს ჩემთვის არ იყო ცნობილი. 13 დეკემბერს, ერთ-ერთი ჟურნალისტისაგან ვიგებ, რომ განთავისუფლებული ვარ დაკავებული თანამდებობიდან. გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ გადაყვანილი ვიყავი განყოფილების უფროსად, მეორე რანგის საჯარო მოხელედ. შევხვდი ბატონ კოტე შარაშენიძეს, რომელმაც მითხრა, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და არ მოვიაზრებოდი ამ თანამდებობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოზურგეთის მერია მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, აღმადგენენ მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსად და მზად ვარ ვითანამშროლო მათთან. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მერია არ აღმადგენს იმ თანამდებობაზე, რომელზედაც თავდაპირველად დამნიშნეს, დავიწყებ სამართლებრივ დავას_გვითხრა ნატალია ხომერიკმა.
_მობილობის წესთან დაკავშირებით ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ, კანონში 2017 წლის ივნისში შევიდა. მისი ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ საჯარო მოსამსახურეებს გაუჩნდეთ დაცულობის განცდა და მათი სამსახური არ დადგეს ეჭვქვეშ არჩევნების შედეგების მიუხედავად.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად: საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან /და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატის შემცირებისას, შესაბამისი მოხელე შესაძლებელია, მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას კი დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
ამდენად, მობილობის წესით საჯარო მოხელის ტოლფას ან დაბალ თანადებობაზე გადაყვანისას აუცილებელ პირობას წამოადგენს მოხელის თანხმობა. შესაბამისად თუ მოხელის თანხმობა არ იყო, დარღვეულია კანონის შესაბამის ნორმა,\" _ ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე..