„ ჩვენ ატესტაციას ვაპირებთ. კონკურსის წესით დაინიშნებიან თანამშრომლები“

დამატებულია: 2017-12-15
picture1

ინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე შარაშენიძესთან

გაზეთ „ალიონის“ ინტერვიუ კონსტანტინე შარაშენიძესთან წუხელ გვიან ღამით შედგა. რესპონდეტმა პასუხი გასცა „ალიონის“ შეკითხვებს, მაგრამ ცალკეული კითხვებზე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.

_ბატონო კოტე, 2012 წლის 1 ოქტობრის არჩევნების შემდეგ,იმჟამინდელმა მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლად აგირჩიათ. მაშინ შეინარჩუნეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული კადრები. როგორი მდგომარეობაა ახლა _მით უმეტეს, თქვენ არჩევნებში გამარჯვებისთანავე განაცხადეთ, რომ მიუხედავად იმისა, ვინ ვის მისცა ხმა, მზად იყავით ყველასთან თანამშრომლობისათვის..

_2012 წლის ოქტომბერში, როცა საკრებულომ გამგებლად ამირჩია, რამდენიმე სოფლის გამგებელი ეტაპობრივად დავითხოვე სამსახურიდან, ვინაიდან ვერ აღმოჩნდა მათში სურვილი და ენთუზიაზმი, რომელიც სჭირდებოდა საქმის კეთებას. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს უშუალოდ მუნიციპალიტეტში, მათი 90-95 პროცენტი შენარჩუნებული იყო, მაგრამ მათთვის რომ შემემჩნია არასწორი საქციელი და არასწორი ქმედებები მე მათ დავემშვიდობებოდი. დღესაც ასე ვაპირებ. არ ვაპირებ იმ ნიშნით ადამიანების გარჩევას, თუ ვინ ვის მხარეზე იდგა.მუნიციპალიტეტში ახალი ორი დანიშნული მოადგილე და ჩემი თანამდებობაა.ნაწილი თანამშრომლებისა უკვე დანიშნულები არიან. სამსახურები ყალიბდება და ვარჩევთ პროფესიონალებს. თუ ვინმეს მოუწევს სამსახურის დატოვება, ისინი შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ.არანაირი პრობლემა არ იქნება მათთან, თუ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნას,რაც ჩვენს მიერ იქნება წარმოდგენილი.

_დღემდე არ დაგინიშნავთ თქვენი პირველი მოადგილე. ვფიქრობდით ამ პოსტს ირაკლი სირაძე დაიკავებდა...

_ვიცე მერის პოზიცის დღეის მდგომარეობით არის თავისუფალი.ირაკლი სირაძე და ოსიკო თოთიბაძე მოადგილეებად არიან დანიშნულები.ირაკლი სირაძე არის პროფესიონალი, გაწონასწორებული და კეთილსინდისიერი ადამიანი, როგორც ოსიკო თოთიბაძე. ვიცე მერის პოზიცია არაა განსაკუთრებული, ამიტომ ირაკლიც და ოსიკოც თავიანთი პოზიციიდან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ.

_ვის მოიაზრებთ ამ თანამდებობაზე?...

_ჯერ-ჯერობით არ ვართ ამ საკითხზე ჩამოყალიბებული.

_როდის დაინიშნებიან დაბებსა და სოფლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლები?

_2017წლის 31 დეკემბრამდე ყველა დაბა და სოფელი იქნება დაკომპლექტებული.

_ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის დასაწყისში ახალ ატესტაციას გეგმავთ და ქმნით კომისიას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იწვევთ. გარდა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა, კიდევ რომელი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იქნებიან კომისიაში?

_ შეიძლება ახალგაზარდა პედაგოგთა კავშირი იყოს. ზუსტად ვერ გეტყვით, კიდევ ვინ იქნება. ჩვენ ატესტაციას ახლაც ვაპირებთ. კონკურსის წესით დაინიშნებიან თანამშრომლები. მათ კომისიასთან მოუწევთ გასუბრება, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იქნებიან წარმოდგენილები.

_რამდენად ღია იქნება მედიასაშუალებებისათვის მუნიციპალიტეტის მუშაობა და ხომ არ იქნება საჯარო ინფორმაციების მისაღებად, სარეკლამო და ფასიანი მასალების გამოქვეყნებისას, პრივილეგირებული და არაპრივილიგებული მედიასაშუალებები?

_ყველა მედიასაშუალება თანაბარ პირობებში იქნება მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში.. მინდა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის ფორმირებაში ყველა მედიასაშუალება იყოს ჩართული, რომ ეს პროცესი საზოგადოებისთვის მეტად გამჭირვალე გავხადოთ.

( ინტერვიუ კონსტანტინე შარაშენიძესთან ვრცლად, იხილეთ გაზეთ „ალიონის“ 18 დეკემბრის ნომერში).

ავტორი: ნუგზარ ასათიანი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.