წინასაახალწლო შემთხვევები

დამატებულია: 2018-01-01
picture1

31 დეკემბერს, წინასაახალწლოდ დედამიწაზე რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა.

რუსეთის დიდ ქალაქებში მოსალოდნელი ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინების გამო, მასიურად მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია.

სანკ პეტერბურგში საახალწლო ზეიმის მონაწილეთა ევაკუაცია ზამთრის სასახლის წინა მოედანზე მოკლე დროში განხორციელდა. ხელისუფლებამ ევაკუაციის მიზეზად „ტექნიკური მიზეზები“ დაასახელა.

წინასახალწლოდ დიდი სამუშაოები ჰქონდათ ქ. მოსკოვის პოლიციას და უშიშროების სამსახურებს. მათ ანონიმური სატელეფონო ზარით მიიღეს შეტყობინება რამდენიმე სავაჭრო ცენტრში ნაღმის არსებობის შესახებ. სასწრაფოდ მოხდა ქალაქის 4 დიდ სავაჭრო ცენტრიდან მომხმარებლების და თანამშრომლების ევაკუაცია.

31 დეკემბერს ქ. ყაზანის, სარატოვის და ვოლგოგრადის აეროპორტებიდან ასევე სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა მგზავრებისა და აეროპორტის მუშაკების ევაკუაცია.

სახალინის ოლქის ქალაქ სამხრეთ სახალინის ცენტრალურ მოედანზე აღმართულ ნაძვის ხეს საახალწლო ფეიერვერკების „დახმარებით“ გაუჩნდა ხანძარი და ათასობით მოზეიმის თვალწინ დაიწვა.

იამალის ოლქში კი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ახალი წლის წინა დღე ტრაგიკული აღმოჩნდა იმ ამერიკელი მოქალაქეებისათვის, რომლებიც კოსტა-რიკაში ავიაკომპანია „NATURE AIR“კუთვნილი მთვითმფრინავით მგზავრობდნენ. თვითმფრინავი გუანაკასატში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ყველა მგზავრი, 10 ამერიკელი მოქალაქე და 2 პილოტი დაიღუპა. აშშ მოქალაქეების დაღუპვის ფაქტს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს.

2017 წლის 31 დეკემბერი ტრაგიკული აღმოჩნდა ბრიტანელი მილიონერისა და მისი ახლობლებისათვის. რიჩარდ კაზინსი საშობაო არდადეგებს, ახლობლებთან ერთად ავსტრალიაში ატარებდა. ჰიდროპლანი, რომელითაც იგი ოჯახის უახლოეს წევრებთან ერთად სამხრეთ უელსის შტატში, ადგილობრივი დროით 15 საათსა და 15 წუთზე, ქალაქ სიდნეისთან ახლოს, მდინარე ჰოკსბერში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფ ოჯახის 4 წევრთან ერთად დაიღუპა. რიჩარდ კაზინსკი „COMPASS GROUP“ ფლობდა.

ძლიერი ხანძარი მოხდა ინგლისის ერთ-ერთ დიდ ქალაქ ლივერპულში, სადაც ცხენების საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობდა. ხანძარი გამოფენასთან ახლოს მდებარე მრავალფუნქციურ ავტოსადგომზე მოხდა, რომელიც 1600 მანქანაზეა გათვლილი.

როგორც ქ. ლივერპულის მერმა „გარდიანს“ განუცხადა, ავტოსადგომზე მდგომ ერთ-ერთ „RANGE ROVER“-ს შემთხვევით გაუჩნდა ხანძარი, რომელიც თანდათან გადაედო სადგომზე მყოფ სხვა ავტომობილებს. ხანძრის შედეგად 1500 ავტომობილი დაიწვა.

ხანძრის გამო ცხენების საერთაშორისო გამოფენის ფინალური შოუ არ გამართულა. საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა სასწარფოდ მოახდინეს ავტოსადგომთან მცხოვრებთა, ცხენების გამოფენაზე მყოფთა და გამოფენის მონაწილე ცხენების ევაკუაცია.

ავტორი: გაზეთი ალიონი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.