დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
-ბიუჯეტი ქართულად ფულით სავსე ტომარას ნიშნავს. ჩვენი ვალია როგორ გავანაწილოთ და დავხარჯოთ ეს ფული. 2018 წლის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 18 მილიონ 619 ათას ლარს შეადგენს_აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.
ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა წარმოადგინა.
_ექსტრემალურ სიტუაციაში მოხდა ბიუჯეტის შედგენა_აღნიშნა დემოკრატიული განვითარების კავშირის თავმჯდომარე ლევან ხინთიბიძემ და ორი კითხვა დასვა, რომლებიც ბიუჯეტის ტრანსფერებით შევსების და აიპების რეორგანიზაციას ეხებოდა.
_რამდენიმე აიპს ცვლილება არ ეხება, ნაწილის შერწყმა მოხდება, იქნება ლიკვიდაციაც. გვინდა შპს „ტექნოცენტრის“რეორგანიზაცია _განმარტა მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.
თამაზ ტრაპაიძის (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) აზრით უმჯობესია შპს „ტექნოცენტრის“ გაუქმება და ტენდერის ჩატარება. ეს ტვირთი მოეხსნება ბიუჯეტს და საზოგადოებისათვის კარგი იქნება თუკი ავტობუსები სოფლებში იმოძრავებენ.
მუნიციპალიტეტი მერია კი ფიქრობს ავტოპარკის შეცვლას. ევროპის განვითარების ბანკიდან დაბალპროცენტიანი სესხით თბილისიდან მეორადი ავტობუსების შეძენას და ჩამოყვანას.
თამაზ ტრაპაიძე ცხენების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ცხენების შენახვა ტვირთად აწევს ბიუჯეტს, იხარჯება ხალხის ის ფული და ცხენები ბახმაროში დოღშიც კი ვერ მონაწილეობენ. არ ხერხება ბავშვებისთვის ცხენოსნობის სწავლება...
_იქნება ცხენიც და თავლაც. ეს აიპი სპორტის განვითარების ცენტრს შეერწყმება და მანეჟიც მოეწყობა ბავშვებისთვის _აღნიშნა შარაშენიძემ.
_ საერთოდ ბიუჯეტის პრიორიტეტები უფლებამოსილებას გადაცდენილია. გურიაში ტურიზმის განვითარება გვინდა და საუბარი ურეკას და შეკვეთილზე არაა; კეთდება მუსიკალური ფესტივალები, მაგრამ კულტურის განვითარებაზე არაა საუბარი _აღნიშნა თამაზ ტრაპაიძემ.
_ თუ არა ცენტრალური დაქვემდებარება, ვრჩებით ქებაძის და კაკაურიზის იმედზე -თავისი კრიტიკული მოსაზრება შარაშენიძემაც დააფიქსირა.
დარბაზის სხდომაზე იყო სხვა მეორეხარისხოვანი შენიშვნებიც, მაგრამ იგრძნობოდა დამსწრეთაგან ზოგს 2018 წლის ბიუჯეტი არც კი ჰქონდა წაკითხული და ეს სხდომაც სათანადო ოქმის გაფორმების მიზნით ჩატარდა.
ხვალ, 11 საათზე საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება.