ცდებით, ბატონებო, თუ ფიქრობთ, რომ `ბელარუსს~ მინდობილ ოჯახზე ბელარუსი იზრუნებს, პიატკოვსკების ოჯახის გადარჩენაზე პასუხისმგებლობა უპირველესად, ხელისუფლებას უნდა აეღო და ხელისუფლებამ უნდა აიღოს
სოციალურ თემაზე წერილის მეტი რა მომიმზადებია, მაგრამ ასეთი უკიდურესად გაჭირვებული და წყალწაღებული ოჯახი ნამდვილად არსად შემხვედრია, თანაც სად, სოფელ ლიხაურში, სადაც ყველაზე ნაკლებად მოველოდით. როგორც ჩანს სოციალურად გაღატაკებული პიატკოვსკების მრავალშვილიანი ოჯახი, ძირითადად, წინა მთავრობისგან ჩამოწერილი, ამორტიზებული `ბელარუსის~ ტრაქტორის მოიმედე ყოფილა წლების განმავლობაში, `ბელარუსმა~ კი, როგოც რამაზ და ირინა პიატკოვსკების მეზობლები ამბობენ, კარგა ხანია, ჩაილურის წყალი დალია და მთელი ჯალაბი მშიერ-მწყურვალი დატოვა.
ოჯახის დიასახლისის, ქალბატონი ირინას თქმით, 12 იანვარს მიიღეს შეტყობინება, რომ მათი სარეიტინგო ქულა მხოლოდ 4 090-ით შემცირდა და 81 930 შეადგინა, ეს მაშინ, როცა 2013 წელს ოჯახის სარეიტინგო ქულა მხოლოდ 21 810 შეადგენდა, ოთხ წელიწადში კი 86 320-მდე გაიზარდა. საინტერესოა, ოთხ წელიწადში სოციალურად დაუცველმა პიატკოვსკებმა რა იშოვეს ასეთი, ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, რაც იშოვეს, ფოტოებზეც ნათლად ჩანს. რეიტინგის მატება ადვილი ყოფილა, კლებაა თურმე ძნელი. ადრეც გვითქვამს, რომ სარეიტინგო ქულის მინიჭების მეთოდოლოგია მედიისათვის არ არის ხელმისაწვდომი და ამდენად საზოგადოებისათვის ამოუხსნელ რებუსად რჩება.
პიატკოვსკების უფროსი ქალიშვილი 22 წლის სალომე, თავის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ამ ოჯახში განაგრძობს ცხოვრებას.
დანარჩენი ქალიშვილებიც _ 19 წლის სოფიკო, 15 წლის ნანა, 12 წლის თამთა, 7 წლის ანასტასია და 4 წლის მაია მშობლებთან არიან. ექვსიდან ოთხ ბავშვს ეძლევა სოციალური 10-10 ლარის ოდენობით, მრავალშვილიანობისთვისაც იღებენ 25-25 ლარს ამდენივე ბავშვზე, ანუ სოციალურად დაუცველ ამ კონკრეტულ ოჯახს სახელმწიფო ფინანსურად ყოველთვიურად 140 ლარით ეხმარება.
ჰყავთ ერთი ძროხა და ერთიც გოჭი. 2 500 კვადრატულ მეტრ საკარმიდამო ნაკვეთში ურგიათ 57 ძირი თხილი, საიდანაც შარშან, აზიური ფაროსანას `წყალობით~, 20 ლარის შემოსავალი მიიღეს. ამავე მავნებლის მიერ განადგურებულ 3 000 კვადრატულ მეტრამდე ყანაში მოწეული სიმინდიდან კი ნალიაში რამდენიმე ტაროღა შემორჩათ გამოკიდული.
როგორც ქალბატონმა ირინამ გვითხრა, ოროთახიანი ფარღალალაფანჯრებიანი სახლის გადასახურად შარშან ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახურავისთვის საჭირო ხის მასალა და 50 კუბური მეტრი თუნუქი გამოუყო. მეზობლებმაც ხელი წამოუკრეს და ერთობლივი ძალებით გადახურეს. ოჯახისა და სახლის მდგომარეობა უფრო საფუძვლიანად რომ შეესწავლად, ალბათ, მხოლოდ გადახურვით არ შემოიფარგლებოდნენ, რადგან ორივე ოთახში, მიუხედავად იმისა, რომ ერთში ბეტონია დასხმული და მეორეში კაფელია დაგებული, გრუნტის წყალი ისე ატანს, რომ ყველაფერი სველი და დანესტილია, რაც კი იატაკთან არის შეხებაში.
მრავალშვილიან დედას, ირინა პიატკოვსკის, როგორც თვითონ ამბობს, პოლიტიკისთვის დიდად არ ცხელა, მაგრამ ჩანს, რომ აშკარად ესიმპათიურება წინა ხელისუფლება:
`პოლიტიკისთვის დიდად არ მცხელა, მარა წინა ხელისუფლებამ ჩამოწერილი ტრაქტორი მაინც მოგვცა და სოციალურიც დაგვინიშნა, ამათზე კი რა გითხრათ, სახლის გადახურვაში ნამდვილად დიდი დახმარება გაგვიწიეს, ამას ნამდვილად ვერ შევძლებდით, სამაგიეროდ სოციალური მოგვიხსნეს~.
რასაკვირველია, დავინტერესდით, რა იყო პიატკოვსკებისთვის სოციალური დახმარების მოხსნისა და სარეიტინგო ქულის მხოლოდ 4930-ით შემცირების მიზეზები და სოციალურ სამსახურს ვეწვიეთ: თეა ლომჯარია: სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი: სარეიტინგო ქულას სპეციალური მეთოდოლოგიით ითვლიან და ჩვენ მასში არანაირი ცვლილების შეტანა არ შეგვიძლია. სარეიტინგო ქულების დათვლისას ყველაფერს ექცევა ყურადღება, მათ შორის ბენეფიციარის მიერ გადახდილ კომუნალურ გადასახადებსაც.
ჩვენ გვესმის რამაზ პიატკოვსკის ოჯახის მდგომარეობა და შეგვიძლია იგი დასაქმების პროგრამაში ჩავრთოთ და დავასაქმოთ, თანაც ისეთ სამსახურში, სადაც იგი გაცილებით მეტ ანაზღაურებას მიიღებს, ვიდრე სახელმწიფოს მიერ დანიშნული სოციალური დახმარების თანხის ოდენობა იქნებოდა. ამასთანავე, შეგვიძლია ჩავრთოთ მედიკამენტების პროგრამაშიც. მუნიცილალიტეტის გამგეობასაც შეუძლია ამ ოჯახს გარკვეული დახმარება გაუწიოს~.
ქალბატონი თეასგან ამ დამაიმედებელი კომენტარის მიღების შემდეგ რამდენჯერმე დავრეკეთ პიატკოვსკების ოჯახში, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდათ, დავუკავშირდით სოფლის მაჟორიყარ დეპუტატს გიორგი თოიძეს, რომელმაც მადლობა გადაგვიხადა და გვითხრა, რომ აცნობებს კი არა, თვითონ მიყვება სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის ოფისში. რამაზ პიატკოვსკი და გიორგი თოიძე ამ საკითხზე თეა ლომჯარის დღეს შეხვდებიან.
ოჯახის დიასახლიის თქმით, სარეიტინგო ქულების მატების მიზეზი ჯაბახანა ტრაქტორია, რომელსაც მისი ქმარი ვერ შეელია და უფრო მეტს ახარჯავს, ვიდრე შოულობს. პიატკოვსები 2006 წლიდან ასეთ უმწეო მდგომარეობაში არიან. ამიტომ, როგორც ძველი, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების გასაგონად ვამბობთ: თუ ვინმე ფიქრობს, რომ `ბელარუსს~ მინდობილ ოჯახზე ბელარუსი იზრუნებს და ლუკმაპურის საშოვნელად ახალ ტრაქტორს გამოუგზავნის, ძალიან ცდება, პიატკოვსკები საქართველოს მოქალაქეებია და ამ ოჯახის გადარჩენაზე პასუხისმგებლობა, უპირველესად, ხელისუფლებას უნდა აეღო და ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
და ბოლოს, სავსებით სამართლიანად აპროტესტებენ არასამთავრობოები უხამს გამოთქმას `ქალი მხოლოდ ქუხნაში~. ამ გამოთქმაში, ქალი მხოლობით რიცხვშია მოხსენიებული, ჩვენ კი პიატკოვსკების იატაკჩაცვენილ `ქუხნაში~ შვიდი ქალი (დედა და ექვსი შვილი) ერთად ვიხილეთ შეყუჟული, რომელთაც ცხოვრების კი არა, არსებობის ელემენტალური პირობებიც არ გააჩნიათ. იმედია, ამ ფაქტს ყურად იღებენ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები.