მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ამომრჩევლებთან ანგარიშით წარსდგა

დამატებულია: 2018-01-24
picture1

გუშინ, ქალაქ ლანჩხუთში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ლანჩხუთელ და ჩოხატაურელ ამომრჩევლებთან პარლამენტში ერთი წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარსდგა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანი ნინო წილოსანი.

ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ლანჩხუთის #59 საარჩევნო ოლქში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გარდა შედიოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 დაბა და სოფელი რომლის მოსახლეობა 10 000 აჭარბებს და ამდენად საინტერესო არის მაჟორიტარი დეპუტატის ხედვები აღნიშნული დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებით.

გაზეთი „ალიონი“ შეხვედრის წინ ესაუბრა დაბა ნასაკირალის, სოფლების: ძიმითი, ნაგომარი, ჯუმათი, სილაური, ბაილეთი მაჟორიტარ დეპუტატებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიალური ორგანოს წარმომადგენლების მოადგილეებს. სამწუხაროდ, ისინი შეხვედრის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ (განცხადება სოციალური ქსელით გავრცელდა) და შეხვედრას დასახელებული დასახლებიდან მხოლოდ ძიმითის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოადგილე გელა სალუქვაძე ესწრებოდა.

თავად ანგარიშის პრეზენტაცია საინტერესო იყო, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI ) მხარდაჭერით გაიმართა. ანგარიშს ძირითადად 2 მუნიციპლიტეტის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეები და აიპების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ქალბატონი ნინო პარლამენტის ეკონომიკისა და ეკონომიკის პოლიტიკის, ევროპასთან ინტეგრაციის, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრია; არის საქართველოს პარლამენტის ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი.

თავდაპირველად მან თავის საპარლამენტო საქმიანობაზე და საკანონმდებლო პროცესებში მონაწილეობაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მისთვის პრიორიტეტია ახალგაზდობის ჯანსაღ მომავალზე ზრუნვა და გენდერული საკითხები; აქტიურად იყო ჩართული იყო ჩართული თამბაქოს კონტროლისა და ნარკოპოლიტიკის რეგულირების შესახებ კანონპროექტის მომზადება-განხილვაში; „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ _ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის საკითხებზეც მუშაობდა; ასევე, საპენსიო რეფორმის, კაპიტალის რეფორმის და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კანონპროექტის შემუშავებზე. სულ მონაწილეობდა 272 კანონპროექტის განხილვაში.

ცალკე ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. ქალბატონი ნინო წილოსანის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან მასთან კომუნიკაცია 25000 ამომრჩეველმა დაამყარა: კონსულტაცია გაეწია 1500-ზე მეტ მოქალაქეს; სხვადასხვა სახის დახმარება მიიღო 500-ზე მეტმა ადამიანმა; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხებზე, ბიუროს შუამდგომლობით და ლანჩუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით 700 000 ლარზე მეტი დაიხარჯა; სხვადასხვა უფლებამოსილ ორგანოებთან უშუამდგომლა 200-ზე მეტ მოქალაქეს, აქედან დაკმაყოფილდა 50; ბიუროს შუამდგომლობით, განმეორებით შემოწმების საფუძველზე სოციალური დახმარება აღუდგა 10 ოჯახს; დეპუტატის უშუალო ძალისხმევით, უფასო სამედიცინო დახმარებით ისარგებლა 700-ზე მეტმა ადამიანმა; 5 მილიონი ლარით გაიზარდა შშმ პირების სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება. მაჟორიტარმა დეტალურად ისაუბრა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ პროექტებზე.

დეპუტატმა ლანჩუთსა და ჩოხატაურში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

ნინო წილოსანს არაერთი შეკითხვა დაუსვეს, რომლებსაც მან ამომწურავი პასუხები გასცა.

თუ რა ურთიერთობა აქვს ნინო წილოსანს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 დაბისა და სოფლის ამომრჩევლებთან, ამის შესახებ ინტერვიუს გაზეთ „ალიონის“ მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

ავტორი: გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.