გასულ სამშაბათს, ქ. ლანჩხუთში, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ერთი წლის ანგარიშით წარსდგა მოსახლეობის წინაშე. რედაქცია დაინტერესდა, რამდენად იყვნენ ინფორმირებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის, სოფლების ძიმითი, ნაგომარი, ჯუმათი, სილაური, ბაილეთი მაჟორიტარი დეპუტატები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები, მოსახლეობა აღნიშნული შეხვედრის შესახებ და რა ადგილს იკავებდა დეპუტატის ანგარიშში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახელებული დაბა და სოფლები.
გელა სალუქვაძე, სოფელ ძიმითის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოადგილე: _შეხვედრის შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყვე და აუცილებლად დავესწრები. ქალბატონ ნინოს აქვს სოფელ ძიმითთან კონტაქტი. საახალწლოდ ძიმითის თემის ნასაკირალის დასახლებაში საახალწლო საჩუქრები მიუტანა სოციალურად დაუცველ ირინა ქერქაძე-მექვაბიშვილის 5 -შვილიან ოჯახს. ახლახან ჩვენი თანასოფლელის მალვინა ხარატის სამკურნალოდ თანადაფინანსება ვთხოვეთ მაჟორიტარი დეპუტატის ლანჩხუთის ბიუროს.
ჩვენს კითხვაზე, შეეხმიანა თუ არა დეპუტატის ბიურო სოციალურად დაუცველ, პენსიონერ პედაგოგის, ლეილა მუხაშავრიას ოჯახს, რომლის მდგომარეობის შესახებ წერდა გაზეთი „ალიონი,“ სტატია გადაეგზავნა წილოსანის ბიუროს, გელა სალუქვაძემ უარყოფითი პასუხი გაგვცა.
ბესო ქათამაძე, დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატი: _ნინო წილოსანმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენს დაბაში ხმების მაღალი ოდენობა მიიღო. ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ იგი შეგვპირდა ამბულატორიის და ახალგაზრდებისთვის სპორტული დარბაზის მოწყობას. სამწუხაროდ, მას არჩევის შემდეგ ჩვენს დაბაში ამბავი არ უკითხავს. არც ისაა სწორი მეზობელი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ საჯარო მოხელეები მიჰყავთ შეხვედრაზე. არც შეხვედრის დროა რიგითი ამომრჩევლისთვის მისაღები. როგორ მოახერხებს რიგითი ამომრჩეველი ასე გვიან ლანჩხუთში ჩასვლას და შემდეგ უკან დაბრუნებას?
ჯემალ თავართქილაძე, სოფელ ნაგომრის მაჟორიტარი დეპუტატი: მე პირადად არ მქონია ურთიერთობა, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ქალბატონმა ნინომ საახალწლოდ რამდენიმე ოჯახი მოინახულა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. შეხვედრის შესახებ არ ვიცი. გოჩა კილაძე, სოფელ სილაურის მაჟორიტარი დეპუტატი: _ გუშინ სოციალურ ქსელში არ შევსულვარ, ალბათ ამიტომ არ ვიყავი ინფორმირებული დეპუტატის საანგარიშო შეხვედრის შესახებ. ქალბატონი ნინო შარშან სოფელ სილაურში რამაზ რუსიძის მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა, კვების პროდუქტები, საჩუქრები მიუტანა, თან ერთჯერადი ფულადი დახმარება გაუწია.
მერაბ ბერიძე, სოფელ ჯუმათის მაჟორიტარი დეპუტატი: _არჩევნების შემდეგ ჯუმათლებს თვალით არ გვინახავს ქალბატონი ნინო წილოსანი. პაატა კიღურაძე, სოფელ ბაილეთის მაჟორიტარი დეპუტატი: _არანაირი ინფორმაცია არ მაქვს დეპუტატის საანგარიშო შეხვედრის შესახებ. რაც შეეძლება რომელიმე ბაილეთელზე რაიმე სახის დახმარების გაწევას, ინფორმაცია არ მაქვს და გადავამოწმებ.
პაატა კიღურაძემ მოგვიანებით დაგვირეკა და გვითხრა, რომ ნინო წილოსანის ბიუროს სოფელ ბაილეთთან კონტაქტი არ ჰქონია. ქალბატონ ნინო წილოსანის ბიუროს უფროსი მაკა გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ქალბატონ ნინოს ლანჩხუთ-ჩოხატაურში ჩამოყვანილი ჰყავდა საჩხერის კლინიკის ექიმები, რომლებმაც ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობას ჩაუტარეს უფასო სამედიცინო კვლევები და აღნიშნული სერვისით დაბა ნასაკირალის და სოფელ ბაილეთის მოსახლეობასაც ისარგებლა.
გაზეთი „ალიონი“ ლანჩხუთი_ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს ნინო წილოსანს შეხვდა.
_ ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ მეტი ინფორმაცია მიგვეტანა ჩვენს ამომრჩევლებამდე. გვითხრეს, რომ დარბაზში იყვნენ ოზურგეთის წარმომადგენლები, რაც ძალიან მიხარია, მაგრამ ასევე არ შემიძლია ჩემი წუხილი არ გამოვხატო იმ ამომრჩევლის წინაშე, ვინც იცოდა ამ შეხვედრის შესახებ და ვერ ჩამოვიდა. მე ამას აუცილებლად ავანაზღაურებ და მექნება შეხვედრა ოზურგეთელ ამომრჩეველთან. _ქალბატონო ნინო, ჩვენ ამ შეხვედრის წინ თქვენს მაჟორიტარულ ოლქში შემავალ დასახლებების მაჟორიტარებს და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებს ვესაუბრე, რომლთა ნაწილი ამბობს, რომ თქვენ არანაირი კონტქატი არ გქონიათ მათ სოფელთან და არც წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად გიზრუნიათ. კონკრეტულად, დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი ამბობს, რომ სპორტული დარბაზის მოწყობის შესახებ არჩევნების შემდეგ საუბარიც არ გქონიათ...
_დაბა ნასაკირალშისპორტული მოედნის მოწყობის შესახებ არჩევნების შემდეგაც გვქონდა საუბარი. ეს გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. ლანჩხუთი სხვა მუნიციპალიტეტია, ოზურგეთში ახლახან შეუდგა მუშაობას მუნიციპალიტეტის ახალი შემადგენლობა. მე მექნება საუბარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალ მერთან. ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე არ მომეცა მე მასთან კომუნიკაციის საშუალება. დაველაპარაკები და ამ საკითხს გავარკვევ.