გაზეთ „ალიონის“ 21 იანვრის ნომერში დაიბეჭდა სტატია „რას გვიქადის წელს აზიური ფაროსანა“, სადაც ვწერდით ჩვენი მკითხველების კრიტიკულ მოსაზრებებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. დროის სიმცირის გამო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტომ ვერ მოახერხა რედაქციის კითხვებზე პასუხის გაცემა. ამჟამად სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის უფროსის თეა შველიძის დახმარებით გაზეთ „ალიონის“ კითხვებს პასუხობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი:
_ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შარშან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩაატარა ღონისძიებები, წელსაც იგეგმება „ბიფენტრინის“ გამოყენება, რა პრინციპის მოხდა აღნიშნული პრეპატარის შეძენა და რამდენად ეფექტურია იგი.
_ საქართველოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აზიურმა ფაროსანამ. საჭირო გახდა შემუშავებულიყო და გატარებულიყო ადეკვატური ღონისძიებები. რადგან არ გვქონდა აღნიშნულ მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება, აუცილებელი გახდა საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა, რომლებსაც ჰქონდათ ეს გამოცდილება. ძირითადი მიმართულება მოიცავდა ბრძოლის ქიმიური მეთოდების გამოყენებას.
_რატომ მაინცდამაინც ქიმიური?
_როცა მავნებლის რიცხოვნობა ძალიან მაღალია, გამოყენებული უნდა იქნას ქიმიური პრეპარატი, რათა მავნებლების რაოდენობა დავიყვანოთ მინიმუმადეგ, შემდეგ კი ბრძოლის სხვა მეთოდები უნდა ჩაერთოს ამ საქმეში. ღონისძიება უნდა იყოს კომპლექსური, მაგრამ ვეგეტაციის პროცეში ქიმიური მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული.
უცხოელი ექსპერტების რჩევით და დასტურით ჩვენ შევარჩიეთ პრეპარატი „ბიფენტრინი,“რომელიც საქართველოში დარეგისტრირებულია უკვე 10 წელზე მეტია და გამოიყენება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.
_ეს არ არის ახალი პრეპარატი?
_ეს არ არის ახალი პრეპარატი. ფრემერებმა კარგად იციან მავნებლების წინააღმდეგ ამ პრეპარატის გამოყენებისა და მისი ეფექტურობის შესახებ სასოფლო-სამეურნეო კულტურებში. აღმოჩნდა, რომ აშშ, იტალიის, შვეიცარის და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების ლაბორატორიებში კვლევისას „ბიფენტრინმა“ ყველაზე მაღალი ეფექტი აჩვენა. ამიტომ ჩვენ „ბიფენტრინზე“ გავაკეთეთ არჩევანი. გასულ წელს ამ პრეპარატით ჩვენ 110 ათას ჰექტრამდე ფართობი დავამუშავეთ. წელსაც მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება.
_ბატონო ნიკოლოზ, რამდენად უსაფრთხოა „ბიფენტრინი,“როგორია ევროკავშირის გამოცდილება ამ შემთხვევაში, არის თუ არა რეიტინგული ეს პრეპარატი ევროპის ქვეყნებში, რამდენად უსაფრთხოა ეს პრეპარატი გარემოსათვის და განსაკუთრებით ფუტკრისათვის?
_„ბიფენტრინი“ არის მე-3 საშიშროების მქონე ქიმიური პრეპარატი, რა თქმა უნდა იგი დარეგისტრირებულია ევროკავშირის ტერიტორიაზე, აშშ-ში, სხვა ქვეყნებში და დღემდე იყენებენ.
არა მარტო „ბიფენტრინის“, არამედ ნებისმიერი პრეპატარის გამოყენებისას უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ზომები, რაც გულისხმობს როგორც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებას, ისე ინსტრუქციის იმ ნორმების შესრულებას, რაც პრეპარატს ეტიკეტზე აქვს მითითებული. პრეპარატი დილით, ნამის შეშრობის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ, როცა ჰაერის ტემპერატურა დაბალია, დაუშვებელია სამუშაოების ჩატარება ქარიან ამინდში. ხსნარის შესხურებისას დასამუშავებელ ფართობზე არ უნდა იყოს შინაური ცხოველები, ასევე გარიდებული უნდა იქნას ფუტკრის ოჯახები. ეს ახალი წესი არ არის. ასეთია დადგენილი წესები, რომელსაც ნებისმიერი ქვეყანა იყენებს. აუცილებელია თითოეულმა ოპერატორმა, თითოეულმა ფერმერმა სწორად გამოიყენოს პრეპარატი, რათა თავიდან ავიცილოთ უარყოფითი შედეგები.
_რა ინფორმაციას ფლობს მოსახლეობა?
_ჩვენ დავბეჭდეთ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგი პესტიციდის გამოყენების ინსტრუქცია, რომლებიც სამუშაო ჯგუფებს დავურიგეთ. ჩვენ მოსახლეობას გადავეცით 1 ლიტრი „ბიფენტრინი,“რომელსაც ასევე ახლდა ბროშურა. აუცილებელია დასახელებული ბროშურაში დაბეჭდილი ინსტრუქციის ზუსტი დაცვა.
_რას ურჩევდით მოსახლეობას,არა მარტო „ბიფენტრინთან“ დაკავშირებით, არამედ ზოგადად მსგავსი პრეპარატების გამოყენებისას, რადგან მალე გაზაფხული მოვა და მოსახლეობამ უნდა ჩაატაროს წამლობითი ღონისძიებები...
_რასაც ჰქვია მავნე ორგანიზმები, მარტო საქართველო არ დგას ამ საფრთხის წინაშე. გაეროსა სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)ინფორმაციით, მავნე ორგანიზმების მიერ მოსავლის დანაკარგი 30-40 % შეადგენს. ეს სხვადასხვა დაავადებაა: სოკოვანი დაავადები, მწერები, ტკიპები, სხვადასხვა ბაქტერიები და ვირუსები. ამიტომ მათ მიმართ სწორი ღონისძიებები უნდა გატარდეს, როგორც ქიმიური, ისე ბიოლოგიური,აგროტექნიკური და ა.შ.
_გამოიყენება თუ არა ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიურ პრეპარატი. აქამდე რატომ არ მოხდა აღნიშნული პრეპარატის გამოყენება?
_როგორც ვთქვით, მავნებლების რაოდენობა დიდია, ბიოლოგიურ პრეპარატს არ აქვს ქიმიურთან შედარებით ის ეფექტი.თუმცა შესაძლებელია ბიოლოგიური პრეპარატის გამოყენება იმ ფერმერებისთვის, რომელთაც აქვს ბიოლოგიური მეურნეობა, ორგანული მეურნეობა და გამოიყენებს საქართველოში დარეგისტრირებულ ბიოლოგიურ პრეპარატს. _მნიშვნელოვანია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ კომპლექსური მიდგომა, რაც გულისხმობს ბიოლოგიური, მექანიკური საშუალებების გამოყენებას. მოსახლეობამ, როცა საცხოვრისისკენ იწევს მავნებელი, მექანიკური ღონისძიებები უნდა გაატაროს.
_ თქვენ ზოგადად ბრძანეთ,ფუტკარზე „ბიფეტრინის“ ზემოქმედების შესახებ, უფრო კონკრეტულად რას ეტყვით მეფუტკრეებს?
_ჩვენ როცა პრეპარატს ვიყენებთ, ვთანამშრომლობთ მეფუტკრეებთან. იმ ადგილებში, სადაც წამლობა მიმდინარეობს, ფუტკარი გარიდებული უნდა იქნას, ან კეტავენ საფუტკრეებს. შარშან არ გვქონია შემთხვევა, რომ შეწამვლის გამო მეფუტკრეებს ზარალი მიეღოთ, მაგრამ თუ ფუტკრის ოჯახები არ გავარიდეთ, ან არ დავკეტეთ საფუტკრეები, რა თქმა უნდა „ბიფენტრინი“ მათზე იმოქმედებს. თუ შეწამვლისას ფუტკარი არ იმყოფება შესაწამლ ფართობზე, შეწამვლის შემდეგ იგი იქ გარკვეული დროის განმავლობაში არ მოვა.
ჩვენ გამოვიყენებთ „ბიფეტრინს“, ასევე საქართველოში დარეგისტრირებულ სხვა პრეპარატებს.
_არის საუბარი როგორც თურქულ, ისე ინდური წარმოების პრეპარატზე...
_პრეპარატები, რომლებზეც საუბარია, მათ გავლილი აქვთ შესაბამისი რეგისტრაცია საქართველოში და გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
„ბიფენტრინი“ გასული საუკუნიდაა დაშვებული ევროკავშირში და ძალიან აქტიურად იყენებენ.
ჩვენ საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით და შარშენდელი გამოცდილებით, მიგვაჩნია, „ბიფენტრინი“ ძალზე ეფექტურია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად.
_გმადლობთ.
ესაუბრა ნუგზარ ასათიანი