ახალგაზრდა ქალი ქმრის შესაწყალებლად დახმარებას ითხოვს, მაგრამ რამდენად იმსახურებს ეს უკანასკნელი შეწყალებას?!

დამატებულია: 2018-01-29
picture1

ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები, ერთ-ერთი უმცირესი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალი, ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, რომლის ვინაობის დასახელებისგან შეგნებულად თავს ვიკავებთ და წერილში მოვიხსენიებთ ინიციალებით ბ.. ნ, ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებული ქმრის, დ. ჯ-ს შეწყალებას ითხოვს, მაგრამ, წერილზე მუშაობისას მოპოვებული სხვა ინფორმაციების შემდეგ, რამდენად იმსახურებს ეს უკანასკნელი შეწყალებას

ამ საკითხზე რედაქციაში თავისი სურვილით მოსულმა ბ. ნ-მ გვითხრა, რომ დ. ჯ. საკუთარი შვილის ქუჩაში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავეს და სა-სჯელად ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს: `ეს მოხდა რვა თვის წინათ. ბავშვებთან ერთად, ქალაქის ცენტრში საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით. მამა-შვილი წაკამათდნენ. ჩემმა მეუღლემ, ბავშვი რომ ვერ დააწყნარა, ერთი-ორჯერ მსუბუქად ტ---ზე შემოსცხო. მეუღლეზე გაბრაზებულმა, იმის გამო, რომ ბავშვს ხელი შემოარტყა, იქვე, სასტუმრო `გურიასთან~ პოლიციის მანქანა შევნიშნე, მივირბინე, მომხდარის შესახებ პოლიციელებს ვუთხარი და ვთხოვე, ჩემი ქმარი შეეშინებინათ, მსგავსი რომ აღარ განმეორებულიყო. მათ კი დ. ჯ. პირდაპირ `პიკაპში~ ჩასვეს და პოლიციაში წაიყვანეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მალე სასჯელიც შეეფარდა. შესაძლოა, არც ჩაესვათ, ადრე რომ პირობითი მსჯავრი არ ჰქონოდა ჩემზე ძალადობისთვის. უმუშევარს, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, არანაირი ფინანსური შემოსავალი არ გამაჩნია. დავალიანების გამო, ამ სიცივეში ბუნებრივი აირი გამოგვირთეს. უკიდურეს მდგომარეობაში მყოფმა სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ადვოკატს მოვამზადებინე თხოვნა მეუღლის შეწყალებაზე, რომელსაც ჯერჯერობით არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.~

თითქოს არ გვქონდა საფუძველი ახალგაზრდა ქალის ამ ინფორმაციას არ ვნდობოდით, მაგრამ მაინც გადავამოწმეთ და ამ მიზნით, პირველ რიგში, დ.ჯ-ს ადვოკატს დ. მ-ს შევხვდით, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ბ. ნ-ის მიერ ჩვენთვის მოცემული ინფორმაცია, ძირითადად, სინამდვილეს შეესაბამება:

`საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნების მეუღლის მიერ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია ძირითადად სინამდვილეს შეესაბამება. მამამ თავის მოუსვენარ შვილს საჯდომზე პატარა შემოარტყა, ბავშვიც ატირდა. მეუღლეზე გაბრაზებულმა ცოლმა კი იფიქრა, ქმარს შევაშინებო და იქვე `პიკაპით~ მომავალ პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, ბავშვი ცემაო. ალბათ, იცით, რომ 2017 წლის მაისიდან ძალადობაზე კანონი გამკაცრებულია. თუ ადრე ძალადობა ისჯებოდა ადმინისტრაციული პასუხიმგებლობით, ახლა ის სისხლის სამართლებრივი დანაშაული გახდა. მოკლედ, ქმრის ეს შეშინება ძვირი დაუჯდა ბ. ნ-ს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაქსიმალურად შევეცადეთ, გაწეულიყო შეღავათები. გათვალისწინებული იქნა ყველა პოზიცია, კონკრეტულად ის, რომ განაწყენებული მეუღლე და დაზარალებული შვილი პრეტენზიას არ გამოთქვამდნენ განსასჯელის მიმართ, მაგრამ დ. ჯ-ს ერთწლიანი პატიმრობა მაინც შეეფარდა. იცით უკვე თქვენ, რომ მას, ამავე დროს, პირობითი მსჯავრიც ჰქონდა მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის.

ამ ერთი წლიდან რვა თვეზე ცოტა მეტიც გავიდა მგონი, ოთხი თვე დარჩა, სწორედ ამ ოთხ თვეზე ვითხოვეთ შეწყალება, მოვამზადეთ და გავაგზავნეთ წერილობით. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უარია, რადგან შეწყალებულთა სიაში დ. ჯ-ს გვარი არ ფიგურირებს.

მოგეხსენებათ, შეწყალება პრეზიდენტის ინდივიდუალური აქტია, მხოლოდ ის წყვეტს პიროვნულად და ამ გადაწყვეტილებაში სხვა ვერავინ ჩაერევა.

თუ ამ საკითხზე ჩემი აზრი გაინტერესებთ, როდესაც პიროვნება ინანიებს, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, უნდა მოხდეს მისი შეწყალება~.

ხსენებულ ოჯახში მომხდარი ძალადობის ფაქტები მიზეზი მხოლოდ მძიმე სოციალური ფონი არ უნდა იყოს, რადგან ამ ოჯახს მზუნველობა არ აკლდა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ქალაქის მერიამ მას სარგებლობის უფლებით გადასცა ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, ხოლო რაც ამ ოჯახისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ (აპკ) გააკეთა, ასეთი რამ საქართველოში მცხოვრები სოციალურად გაჭირვებული ოჯახებიდან ერთეულებს თუ ღირსებია. აპკ-ს ხელმძღვანელობის თქმით, ორგანიზაცია, მისი საქმიანობების ფარგლებში, ახორციელებს ადვოკატირების კამპანიებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ოჯახების, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობათა ოჯახების უფლებების დაცვისა და სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით: „სწორედ ამ მიმართულების ფარგლებში, ორგანიზაციის ინიციატივით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებდა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის, ქ. ოზურგეთის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ქ. ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის, საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს, ოზურგეთის რაიონული პოლიციის მთავარი სამმართველოს, ქ. ოზურგეთის #1 და #4 საჯარო სკოლების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ოზურგეთის ბიუროს წარმომადგენლებს. სამუშაო ჯგუფის მიზანი გახლდათ ქ. ოზურგეთში მცხოვრები ბ.ნ-ს ოჯახის სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებების დაცვა.

ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა 2016 წელს, რის შემდეგაც გეგმიურად, ყოველკვარტალურად იმართებოდა სამუშაო შეხვედრები, სადაც ჩართული მხარეების მიერ ხდებოდა გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაზე ანგარიშების წარმოდგენა, ისევე, როგორც ახალი სამიზნე ღონისძიებების განსაზღვრა.

სამუშაო შეხვედრებზე, საჯარო სკოლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობდნენ ქ. ოზურგეთში მცხოვრები ხსენებული ეთნიკური ჯგუფის ბავშვების საგანმანათლებლო სივრცეში უშედეგო ინტეგრირების პრაქტიკებზე, მიზეზებად სახელდებოდა ბავშვების/მშობლების მხრიდან აკადემიური განათლებისადმი დაბალი მოტივაცია; ჰიგიენური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, რაც წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას ქმნიდა თანაკლასელებისა და თანაკლასელთა მშობლების მხრიდან.

მნიშვნელოვანი გამოწვევა ამოჯახებისთვის არის ასევე ის სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რომლებიც ღრმად არის გამჯდარი ჩვენს საზოგადოებაში, შესაბამისად, ეს ეთნიკური ჯგუფი განყენებულ, იზოლირებულ მდგომარეობაშია დანარჩენი საზოგადოებისგან. ამიტომ, განხილვებისას პრიორიტეტული საკითხი გახდა საზოგადოების – გარემოს მომზადება/ცნობიერების ამაღლება ამ ეთნიკური ჯგუფის მიმღებლობის მიმართ. ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილ იქნა სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი ქ. ქობულეთის ¹5 საჯარო სკოლაში, რომელსაც აქვს აღნიშნული ეთნიკური ჯგუფის ბავშვების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის წარმატებული პრაქტიკა.

გარდა სოციალიზაციის მიმართულებით არსებული პრობლემებისა, ბ. ნ-ს, როგორც ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედას, არ ჰქონდა პატარების მოვლისა და ზრუნვის ელემენტარული უნარ-ჩვევები, რაც უზღუდავდა მას შვილების საბაზისო საჭიროებების (საკვების მომზადება, ბავშვების ჰიგიენის დაკმაყოფილება), ასევე, საყოფაცხოვრებო უნარების (ჭურჭლის დარეცხვა, სარეცხი გარეცხვა, ოთახის მოწესრიგება) საშუალებას. ეტაპობრივად მოცემულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო, დედამ დაისწავლა გარკვეული უნარები, რის შემდეგაც ცდილობდა, ბავშვების საჭიროებები ადექვატურად დაეკმაყოფილებინა. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესმა სტიმული მისცა თვითონ ოჯახს საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგებისთვის. საკუთარი ძალებით შეაკეთეს საცხოვრებელი ოთახის ჭერი, კედლები. ორგანიზაციის ინიციატივით, საქველმოქმედო კამპანიისას, რომელშიც კეთილი ნებით ჩაერთნენ სამუშაო ჯგუფის წევრები, ორგანიზაციის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები, შეგროვდა 720 ლარი. ამ თანხით შეიძინეს და ოჯახს გადასცეს გაზქურა და სარეცხის მანქანა. ამავე თანხიდან დაიფარა ოჯახის მიმდინარე თვის გაზის კომუნალური გადასახადი. ასევე, აპკ-მ ოჯახისთვის შეიძინა 515 ლარის ღირებულების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ბავშვებისთვის; ჰიგიენური საშუალებები; სარეცხი მანქანისა და გაზის დამონტაჟებისთვის საჭირო სამშენებლო მასალები.

ორგანიზაციამ, ოჯახის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, არაერთხელ ოფიციალურად მიმართვა სხვადასხვა უწყებას, კერძოდ: სახელმწიფო სოციალური პროგრამის ოჯახის გაძლიერების კომპონენტებში ჩართვისა და მშობლის მიმართ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებზე კონსულტაციების ჩატარების მიზნით - სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრს; მცირეწლოვანი ბავშვების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ჩართვის მიზნით - ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრს; მშობლების მხრიდან არასრულწლოვანთა საჭიროებების უგულებელყოფის (დღის მანძილზე ქუჩაში ყოფნა და მათხოვრობა) შემთხვევებში, სათანადო რეაგირებისთვის - საპატრულო პოლიციის გურიის მთავარ სამმართველოს; მცირეწლოვანი ბავშვების უფლებების შელახვის შემთხვევებზე - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გურიის ბიუროს; ოჯახის საცხოვრებელში წყალგაყვანილობის სისტემების შეკეთების მიზნით - წყალმომარაგების ადგილობრივი კომპანიას; საყოფაცხოვრებო ინვენტარის მიწოდების მიზნით - მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს; ოჯახისთვის გაზის გამათბობელის შეძენის მიზნით - გაზის ადგილობრივი კომპანიას.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის პარალელურად, ორგანიზაციის სოციალური კომპონენტის თანამშრომელმაც პირველ ეტაპზე შეაფასა ბ.ნ-ის ოჯახისა და ბავშვების საჭიროებები. შედეგების გათვალისწინებით, ბავშვებთან/მშობლებთან გაგრძელდა კონსულტაციები ბავშვების სკოლამდელ დაწესებულებაში ჩართვის მიზნით. ბავშვები ჩაირიცხნენ ქ. ოზურგეთის ¹9 საბავშვო ბაღში. ორგანიზაციის ინიციატივით, შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, რომელმაც დაიწყო ოჯახში ვიზიტების განხორციელება. ვიზიტებისას, მოხალისეები პრაქტიკული მაგალითებით ასწავლიდნენ დედას ბავშვებზე ზრუნვისა და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით შესაბამის უნარებს. ქ. ოზურგეთის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა საკვირაო სკოლა, სადაც მიმდინარეობდა ქართული წერა-კითხვის შემსწავლელი წრის მეცადინეობები; ქ. ოზურგეთის მერიამ ოჯახს მისცა შესაძლებლობა ესარგებლა უფასო კვების პროგრამით, ოჯახს გადასცა ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამიდან ერთჯერადი დახმარებები; უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის დახმარებით, ბავშვების მამამ მოიპოვა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი.

ეთნიკური ჯგუფისადმი ბაღის აღმზრდელებისა და სკოლის პედაგოგების მხრიდან მიმღებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით, ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგი. ორგანიზაციის თეატრალური სტუდიის მიერ მოეწყო წარმოდგენა, რომელიც მიზნად ისახავდა ეთნიკური ჯგუფის მიმართ საზოგადოების მხრიდან დადებითი განწყობების ჩამოყალიბებას.

საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების შეცვლისა და საზოგადოებაში ამ თემის მეტი ინტეგრაციისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და მოღვაწე ხსენებული ეთნიკური ჯგუფის ბენდის კონცერტი გაიმართა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის კაფე „რვას+1“- ში.

აპკ-ს ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა საკუთარ სკოლებში ჩატარებული საქველმოქმედო აქციების შედეგად შეაგროვეს ოჯახის წევრებისთვის ტანსაცმელი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ვინაიდან, ორგანიზაციამ ბევრი აქტივობა განახორციელა ბ.ნ-ს არასრულწლოვანი შვილების უფლებების დაცვისა და ოჯახის სოციალიზაციის მიმართულებით, ოჯახზე შემდგომი მონიტორინგი ეთხოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გურიის ოფისის წარმომადგენლობას, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ალტერნატიულ უწყებას. ამ პროცესში ჩართულობა ასევე ეთხოვა საპატრულო პოლიციის გურიის მთავარ სამმართველოს, რომელიც ქუჩაში პატრულირების პროცესში ხსენებული ეთიკური ჯგუფის არასრულწლოვანი ბავშვების შეხვედრისას, მოახდენს რეაგირებას და შეტყობინებას გაუგზავნის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს“.

ამ ვრცელი წერილობითი ინფორმაციის გადმოცემისას, გვირჩიეს აუცილებლად გამოგვეთხოვა ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის ოფისიდანაც. სიზუსტისთვის, ჩვენი თხოვნით, ხსენებულმა ორგანიზაციამაც, რომელიც ამბობს, რომ ასეთი რთული ბენეფიციარი არასოდეს ჰყოლია, ინფორმაცია წერილობითი სახით მოგვაწოდა:

„ქ.ოზურგეთში მცხოვრებ ბ. ნ-ს ოჯახთან უშუალო კონტაქტი დავამყარეთ არასამთავრობო ორგანიზაცია `ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის~ (აპკ) ინიციატივით შექმნილ მულტიჯგუფის შემადგენლობაში მოხვედრისთანავე.

მულტიჯგუფის მიზანი იყო, კომპეტენციის ფარგლებში, ყველას თავისი წვლილი შეეტანა ეთნიკური უმცირესობის საზოგადოებასთან ინტეგრირებაში. ერთ-ერთია ბ.ნ-ის ოჯახი, სადაც იზრდება ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

ბ.ნ-ის ოჯახი სოციალურად დაუცველია სარეიტინგო ქულით 32 810, რაც ითვალისწინებს საარსებო შემწეობის მიღებას ფულადი სახით.

ჯგუფური მუშაობის პირველი წარმატებული აქტივობა იყო დიდი ფსიქოლოგიური მუშაობის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვების უფლებების და უსაფრთხოების დაცვა. ბავშვების დედის დარწმუნება, რომ ორივე შვილი (ნ და მ ) დაერეგისტრირებინა საბავშვო ბაღში, რასაც წინ უძღოდა მათთვის ჰიგიენური საშუალებების და ახალი სამოსის შეძენა. მათთან მუშაობისას გამოიკვეთა საჭიროებები და ჯგუფმა სპეციალურად მათთვის ჩატარებული საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხით დამატებით შეუძინა სარეცხის მანქანა, გაზქურა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვადასხვა ნივთი. ბავშვები გასულ წელს დაჰყავდათ საბავშვო ბაღში, ახალ სასწავლო წელს აღარ მიუყვანიათ, რადგან ერთ-ერთს ჰქონდა კანის გარეგანი დაავადება, რაც საფრთხის შემცველი იყო დანარჩენი ბავშვებისათვის. ამჟამად მკურნალობა უტარდება ნ-ს და სრული გამოჯანმრთელების შემთხვევაში აღადგენს საბავშვო ბაღში სიარულს.

გასული წლის 15 მაისს, აპკ-დან მიღებული სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, განვახორციელეთ ვიზიტი მოქალაქე ბ. ნ-ის ოჯახში, სადაც ბ.ნ. თავის მცირეწლოვან შვილებთან და მეუღლესთან _ დ. ჯ-სთან ერთად ცხოვრობდა. შეტყობინების შინაარსი შეეხებოდა ბ. ნ-ს მცირეწლოვან ვაჟზე _ ნ-ზე მამის _ დ. ჯ-ს ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მუქარას. ვიზიტისას ბ. ნ. სახლში არ იმყოფებოდა. მისი ადგილსამყოფელი დავადგინეთ ტელეფონით და მოვინახულეთ ჩვენი ორგანიზაციის იურისტთან ერთად. ჩვენი ვიზიტისას ბ. ნ-ს მცირეწლოვანი ბავშვები საბავშვო ბაღში იყვნენ. ბ. ნ-მ დაადასტურა შეტყობინების ნამდვილობის შესახებ. ასევე აღნიშნა, თავისი მეუღლე სახლიდან გააგდო 4 დღის წინ იმ მიზეზით, რომ ფიზიკურად ძალადობდა 4 წლის ნ-ზე. მეუღლე იმუქრებოდა თურმე, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მოწყალების გზით არ იშოვიდა ფულს, მასთან დაამყარებდა სექსუალურ კავშირს. ბ. ნ-მ მოიშველია მეზობლის ნათქვამი იმის შესახებ, რომ, მისი შინ არყოფნის დროს დ. ჯ. ძალადობდა ბავშვზე, რაც იმავე მეზობელმა დაადასტურა ჩემთან საუბრისას.

ბ. ნ-ს მაშინ განემარტა, რომ მოძალადე მეუღლის გამოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად ეცნობებინა პოლიციისთვის.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტომაც მიმართა პოლიციას, დაიკითხა სოციალური მუშაკი. რამდენადაც ცნობილია, ამჟამად ბ. ნ-ს მეუღლე სასჯელს იხდის ოჯახური ძალადობის მუხლით“. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის ოფისის ამ შემზარავი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, აღარ მიკვირს ბ. ნ-ის მეზობლის აგრესია, რომელსაც წინა დღით ვკითხე, მხარს დაუჭერდა თუ არა შუამდგომლობას დ. ჯ-ს შეწყალების შესახებ:

„შეწყალება კი არა, მაგ ნაბიჭვარს ციხიდან ცხვირი არ უნდა გამოაყოფინო“. - როგორც ასეთ დროს ხდება, მეზობელმა თავისი ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა. როგორც უკვე ვთქვი, ბ. ნ--ს ოჯახში მომხდარი ძალადობის ფაქტების მიზეზი მხოლოდ მძიმე სოციალური ფონი არ უნდა იყოს. არ გამოვრიცხავთ, რომ დ. ჯ. ამჟამად ციხიდან ძალადობდეს მეუღლეზე მისი იქედან როგორმე გაყვანის მოთხოვნით, ან კიდევ ახალგაზრდა ქალს თემი თხოვდეს პასუხს ქმრის „ჩაშვებისთვის“.

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.