დღეს ქალაქ ოზურგეთში, სააქციო საზოგადოება `იმედის~ წინ უცნაურ სტუმარ ქალს წავაწყვდი, რომელსაც თავისი აბგა და ხორაგი იქვე, ასფალტზე გაეშალა და სამ ალიკაპიან ძაღლს შორის ჩამჯდარიყო. დავინტერესდი, ვინ არის-მეთქი? ასე ამბობს, პორტუგალიელი ვარო, _ მითხრა `იმედის~ თავკაცმა ოლეგ გობრონიძემ.
პორტუგალიურისა ინცი-ბინჩი არ ვიცი, როგორც მან ქართულისა და ერთმანეთს ვერაფერი გავაგებინეთ, მაგრამ გამიმართლა, ბედად ახალგაზრდა კაცი კოტე კალანდაძე წამომეშველა, რომელიც უცხო ენების სპეციალისტი ყოფილა.
მოკლედ, სტუმარი სარა ფასოლში პორტუგალიელი მოგზაური ყოფილა:
`პორტუგალიდან ვარ, 17 წლისამ მშობლები დავტოვე და დამოუკიდებელ ცხოვრებას შევუდექი. უკვე რვა წელია, ასე ვმოგზაურობ ევროპის ქვეყნებში. ორი დღეა, თბილისიდან ჩამოვედი თქვენს ქალაქში, რომლის სახელი ჯერ ხეირიანად არც ვიცი. თან დამყავს ჩემი ოთხფეხა მეგობრები. ერთს თურქეთში დავუმეგობრდი და მას ახლა თქვენ ჩემგან მარცხნივ ხედავთ. ხომ კარგი ტიპია?~
სარა ამბობს, რომ ამ ფორმით ხანგრძლივი მოგზაურობისას მხოლოდ ერთხელ, ოთხი თვის წინათ შეექმნა პრობლემა:
`რვაწლიანი მოგზაურობისას, მხოლოდ ერთხელ შემექმნა პრობლემა, ეს იყო ოთხი თვის წინათ, თურქეთიდან თქვენ ქვეყანაში გადმოსვლისას, ისიც ამ ძაღლების გამო, მაგრამ მეგობრებს ხომ არ დავტოვებდი?!~ კითხვაზე _ ასეთი ყოფით როგორ გააქვს თავი, გვპასუხობს:
`შემწეობას ვიღებ, ოღონდ ისე, რომ არ ვითხოვ. ზოგიერთ ქვეყანაში პატარ-პატარა სამსახურსაც ვშოულობ კაფეებსა თუ ბარებში. გარდა ამისა, რაღაც-რაღაცეებს ვხატავ და ვყიდი. ზოგს მოსწონს, ზოგს _ არა, მაგრამ მცირე შემოსავალს ვიჩენ ამით~.
დავინტერესდი, რას აპირებს მომავალში:
`ცოტა ხანს თქვენს ქვეყანაში დავრჩები, ზაფხულში მინდა აზიის ქვეყნებს გავეცნო, მერე ღმერთია მოწყალე...~