ეკონომიკურად და ფინანსურად ჯერ კიდევ სუსტ ქვეყანაში მცირე მედიასაშუალებებს, ე. წ `მედიამაგნატებისაგან~ განსხვავებით, უჭირთ დამოუკიდებლად თავის გატანა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც რესურსები გაცილებით ნაკლებია. არახალია, რომ დამოუკიდებელი მედიასაშუალებებიც კი, გაწეული რეკლამისა თუ პიარის სანაცვლოდ, გარკვეულწილად ფინანსდებიან სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. არჩევნები კი, ამ თვალსაზრისით ყველა ქვეყანაში ყოველთვის სასურველი პროცესია ნებისმიერი მედიასაშუალებისათვის. მოკლედ, როცა სჭირდებათ, გულზე ეხატებათ თუ არ ეხატებათ, წყალობენ მედიას და დაფინანსებისას ცდილობენ, გარკვეული ბალანსის დაცვას.
სამწუხაროდ, ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, რომ 2017 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული, მედიისთვის გამოყოფილი ხარჯები თანაბრად განაწილდებოდა აქ მოქმედ მედიასაშუალებებზე, მტკნარი კი არა, საკმაოდ მლაშე სიცრუე აღმოჩნდა.
გუბერნიიდან და მხარის მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი შესაბამისი ოფიციალური ინფორმაციებიდან ჩანს, რომ ოზურგეთსა და ჩოხატაურში გამომავალი (ოზურგეთშიც რომ ვრცელდება) გაზეთები სამხარეო ხელისუფლებიდან არათანაბრად არის დაფინანსებული:
_ შპს `გურია ნიუსი~ _ 1 200 ლარი;
_ შპს `21-ს ქვემოთ~ _ 1 100 ლარი;
_ შპს გაზეთი `ალიონი~ _ 800 ლარი;
_ შპს `გურიის პრესკლუბი~ (გაზეთი `გურიის მოამბე~) _ 50 ლარი. კიდევ უფრო დისპროპორციულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ადგილობრივ მედიასაშუალებებზე გადარიცხული თანხები:
_ შპს გაზეთი `ალიონი~ _ 1 200 ლარი,
_ შპს `გურიის პრესკლუბი~ (`გურიის მოამბე~) _ 1 200 ლარი;
_ შპს `გურია ნიუსი~ _ 1 200 ლარი,
_ შპს `ჩოხატაურის მაცნე~ _ 2 600 ლარი (ეს უკანასკნელი, რამდენადაც ვიცით, `გურია ნიუსს~ წარმოადგენს).
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ფასიანი მასალების გამოქვეყნება მხოლოდ გაზეთ `გურია ნიუსში~ არჩია და ამ მიზნით ხსენებულ გაზეთს 4 950 ლარი გადაურიცხა. დანარჩენი ადგილობრივ მედიასაშუალებები კი ფაქტობრივად პირში ჩალაგამოვლებული დატოვა და ეს მაშინ, როცა შპს ნეწპოსტნიუპოსტი და შპს `ახალი ამბები~ 4 950 _ 4 950 ლარით დააფინანსა.
`გურია ნიუსი~ შესაბამისად 1 150 ლარითა და 3 788 ლარით დააფინანსეს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმაც. მოკლედ, გაზეთმა `ალიონმა~ 2017 წელს სამხარეო ხელისუფლებიდან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სულ მიიღო 800 + 1200 = 2000 ლარის დაფინანსება, `გურია ნიუსი~ კი, მხარის მასშტაბით სულ დაფინანსდა 14 888 ლარით. ამაში არ შედის გაზეთი `21-ს ქვემოთ~, რომელიც ფაქტობრივად `გურია ნიუსზე~ მიბმული მედიასაშუალებაა. საქართველოს სახელმწიფო აუდიტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, გურიაში გამომავალი გაზეთებიდან საარჩევნო პერიოდში საბილბორდო რეკლამა მხოლოს ერთმა მედიასაშუალებამ _ `გურიის მოამბემ~ გასწია, რომელსაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ამ მიზნით 2 000 ლარი, ხოლო ინტერნეტრეკლამისთვის 100 ლარი გადაურიცხა.
თვითმმართველობის არჩევნებში `ევროპულმა საქართველომ~ ოზურგეთში სარეკლამოდ მხოლოდ 6 005 ლარი გაიღო, საიდანაც 5 005 ლარი შპს `გურია ტვ-ს~ გადაურიცხა, ხოლო _ 1000 ლარი `გურიის პრესკლუბს~ (`გურიის მოამბე~).
შპს `გურიის პრესკლუბს~ (`გურიის მოამბე~) 300 ლარი ერგო დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოდან~. სახელისუფლებო პარტია `ქართულმა ოცნებამ~ კი, საარჩევნო რეკლამებისა და პიარისათვის გათვალისწინებული სოლიდური თანხებიდან მხოლოდ 3 500 (თავდაპირველად 1 500, დამატებით ტურში კი 2 000) ლარი წამოუგდო `ალიონს~, ისიც საქმეში რედაქტორის აქტიური ჩარევის შემდეგ, მაშინ, როცა საარჩევნო პერიოდში ამ პარტიის მიერ გაწეულმა ბეჭდური რეკლამის ხარჯმა `გურია ნიუსში~ 28 600 ლარი შეადგინა, ინტერნეტ-რეკლამის ხარჯმა _ 20 300 ლარი, სხვა სარეკლამო ხარჯებმა კი _ 3 510 ლარი, ანუ სულ თვითმმართველობის არჩევნებში `გურია ნიუსი~ 52 410 ლარით დაფინანსდა.
შედარებისათვის, ამ საკითხზე უფრო სრულყოფილი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.monitoring.sao.ge, საიდანაც ჩანს, რომ რეგიონული მედიასაშუალებებიდან ქვეყნის მასშტაბით `ალიონი~ ყველაზე მწირად დაფინანსებულთა შორისაა. ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისათვის ლიდერი და ფავორიტი, რა თქმა უნდა, `გურია ნიუსია~, რომელსაც, სხვა რეგიონებში გამომავალი, მასზე არანაკლები გაზეთები საგრძნობლად ჩამორჩებიან. მაგალითად, `სამხრეთის კარიბჭე~, რომელიც მთელ მესხეთ-ჯავახეთში ვრცელდება, თვითმმართველობის არჩევნებში დაფინანსდა 27 000 ლარით, კახეთის რეგიონული გაზეთი `სპექტრი~ _ 16 000 ლარით, `ბათუმელები~ კი _ სულ 17 025 ლარით, აქედან 10 675 ლარი ჩარიცხულია „ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს“ მიერ. ჰოდა, ამის შემდეგ, კონკურენტი ჟურნალისტის ტერმინოლოგიით, `ჩვენ აქ რა მოსატანი ვართ~?!
არასდროს დავინტერესებულვართ სხვა მედიასაშუალებებათა ფინანსური წყაროებით, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საჭიროდ ვცანით ამ სტატისტიკის გამოქვეყნება, რადგან მკითხველი საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რამდენად თანაბრად ანაწილებს ხელისუფლება მედიისათვის განკუთვნილ თანხებს მედიასაშუალებებზე. კარგად ვიცით, რომ კონკურენტ გაზეთებს უკეთესი ვებგვერდი აქვთ, მაგრამ როცა საქმე ბეჭდვითი ფასიანი მასალების გამოქვეყნებას ეხება, აქ სამართლიანად გვიჩნდება პრეტენზიები ხელისუფლების მხრიდან ფინანსების არათანაბრად განაწილების გამო. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენაც გვაქვს ჩვენი ბიზნესინტერესები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა ერთ მედიასაშუალებას, ისიც რეგიონში, 70 ათასამდე ლარით აფინანსებ და მეორესთვის 7 ათასი ლარის გაცემა გიჭირს, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორეს ძირავ! მაინცა და მაინც `მოვიდა ზურაბას~ პრინციპით მომუშავე ჟურნალისტებს უნდა მივბაძოთ, რომელთა გამოჩენისას ჩინოვნიკები კაბინეტებში იმალებიან?!
ერთიც, როცა რეგიონის მედიაში ასეთი ბიზნესგარემოა, კონკურენტი გაზეთის წარმომადგენელმა არ უნდა დაგიწყოს ე. წ. `ჯვარედინი დაკითხვა~ თუ რომელ შეხვედრაზე რა თქვი, მით უფრო, რომ `დასაკითხი~ ნამდვილად არაფერი გვითქვამს.
სუსტია თუ ძლიერი, მავანს მოსწონს თუ არ მოსწონს, `ალიონი~ არც `ბიძოს~ გაზეთი ყოფილა და არც `მიხოს~ რუპორი. 87 წლის წინათ დაარსებული მედიასაშუალება ოზურგეთელთა სახალხო გაზეთის რეპუტაციით სარგებლობდა და ისარგებლებს, გადავლახავთ როგორმე ამ ფინანსურ კრიზისსაც, არ დავიძირებით, ბატონებო!