ალიონი.
წარმოადგენს თუ ვერა საკრებულოს მორიგ სხდომაზე `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ადგილობრივი ლიდერი, დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატი ბესო ქათამაძე `ორჯიპიანთა სიას~, რომლებზეც აწ უკვე ყოფილ ქალაქის მერიას, წინასაარჩევნო პერიოდში, ფულადი სახით, დახმარებები აქვს გაცემული.
`ორჯიპიანთა დახმარების~ შესახებ ბესო ქათამაძის ეს ზეპირი ინფორმაცია და ამ საკითხზე უმრავლესობის მოთხოვნა, რომ დეპუტატმა შესაბამისი მტკიცებულებები მომავალ სხდომაზე წარმოდგინოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7 თებერვლის სხდომაზე ფრაქცია `ოზურგეთელ მშრომელთა და ხელმოკლეთა ინტერესებისათვის~ სახელით შოთა გოგიბერიძის მიერ ორი პრობლემური საკითხის მომცველ განცხადებას მოჰყვა:
`ბატონო დავით, ძვირფასო კოლეგებო, მინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ ბიუჯეტის მიღების წინა პერიოდში და შემდეგ, მიღების დროსაც, ჩვენი ფრაქცია სხვადასხვა სოციალური დატვირთვის საკითხებს ატარებდა. მათ შორის ძალზე მნიშვნელოვანი გახლდათ ომის ვეტერანებისათვის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარ მოქმედებებში მონაწილე ადამიანებისთვის, ერთჯერადი, ასლარიანი დახმარების გამოყოფა, რაც დაახლოებით 70 ათასი ლარის ოდენობის თანხას მოიცავდა. მსგავსი ფინანსური ინექცია განახორციელა ქალაქ ოზურგეთის საკრებულომ 2017 წლის განმავლობაში. ეს ინიციატივა, სამწუხაროდ, ბიუჯეტის მიღებისას ვერ იქნა გათვალისწინებული. ვიცი, რომ ფინანსთა სამინისტროშიც განიხილეს ეს საკითხი. მინდა, ვთხოვო საკრებულოს შესაბამისი კომისიის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლელა საჯაიას, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ჩაგანავას, ზოგადად უმრავლესობას და საერთოდ მთელ ჩვენს შემადგენლობას, ნუ შევჩერდებით, ვეცადოთ მაქსიმალურად გავიტანოთ ეს საკითხი ისე, რომ დაკმაყოფილდეს ამ კატეგორიის სოციალური ფენის ინტერესები.
გარდა ამისა, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია მშრომელთა ინტერესები. შევისწავლეთ, პირადად მომიწია შეხება რამდენიმე საკითხთან, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ებისა და სხვა სტრუქტურების სახელფასო უზრუნველყოფასთან. ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე, ეტყობა, არ ვფლობდი ამ ინფორმაციას, ძალზე დაბალი ხელფასები აქვთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში. არ ვიცი, ასეთი ხელფასით როგორ შეიძლება იარსებონ ადამიანებმა. მინდა, გთხოვოთ, ამ ინიციატივას გულისხმიერად მოვეკიდოთ. ეგებ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ საკითხს. საბავშვო ბაღებში არის ჯგუფები, რომლებშიც 40-მდე ბავშვია, ძალიან ბევრია ასეთი ჯგუფი და პედაგოგი 200 ლარამდე ხელფასს იღებს~.
გოგიბერიძის ამ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაია: `ძალიან სენსიტიურ თემებს ეხებით, რა თქმა უნდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებზე. არ მინდა ვინმეს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს ვერ დავინახეთ ეს პრობლემები, ან არ ვიფიქრეთ ამ პრობლემის შესახებ. ძალიან კარგი იქნება, განცხადების გაკეთების დროს თუ მიგვითითებთ წყაროს, ჩვენი ბიუჯეტიდან საიდან შეიძლება მოვიტანოთ თუ გინდ ვეტერანებისათვის ის 30 ათასი ლარი, ან ბაღის მასწავლებელთა ხელფასების მატებისათვის შესაბამისი ფინანსები. მე მირჩევნია, უფრო დავაკონკრეტოთ ეს საკითხი. თუ ვნახავთ, თქვენი ჩართულობითაც, ნებისმიერ საშუალებას, რომ შეიძლება ამ თანხების მობილიზება ამ მუხლში, ჩვენ თანახმა ვართ და, რა თქმა უნდა, დადებითად გადავწყვეტთ ამ საკითხებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს თანხები ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ბიუჯეტში. ვიმსჯელოთ, კიდევ ერთხელ გავიაროთ, არავინ არის წინააღმდეგი~.
ბესო ქათამაძე და სხვა დეპუტატები შოთა გოგიბერიძისა და ლელა საჯაიას საუბარში მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც მხარეები შეთანხმდნენ რომ ფრაქცია `ოზურგეთელ მშრომელთა და ხელმოკლეთა ინტერესებისათვის~, სპეციალისტებთან ერთად, მოამზადებდა ამ ინფორმაციას და წარუდგენდა შესაბამის კომისიებსა და საკრებულოს ხელმძღვანელობას.
ბესო ქათამაძე: საკითხთან დაკავშირებით, დავამატებ თუ შეიძლება. ქალბატონმა ლელამ აღნიშნა, საიდან მოვიძიებთ ამ თანხებსო. პირველ რიგში, თანხების მოძიება შეიძლება თუნდაც ხელფასების შემცირებით, რომ ვიზრდით, დავტოვოთ რაღაც კონკრეტულ ნიშნულზე. ვეტერანებთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში...…
გიორგი ღურჯუმელიძე: აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაკეთდა მხოლოდ, ბატონმა შოთამ გააკეთა.
განხილვას ახლა ნუ შევუდგებით, თუ განცხადების გაკეთება გნებავთ, უნდა ჩაეწეროთ.
ბესო ქათამაძე: დეპუტატი ვარ და მინდა, გამოვთქვა ჩემი მოსაზრება ისევე, როგორც ქალბატონმა ლელამ. პრობლემაა ამასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება?
გიორგი ღურჯუმელიძე _ რეგლამენტის დარღვევაა, რასაც თქვენ აკეთებთ ახლა.
ბესო ქათამაძე: რეგლამენტის კი არა, დავასრულებ ამას. რაც შეეხება ვეტერანების თემას _ მე გამოვითხოვე დოკუმენტაცია და მივიღე. ქალაქს ჰქონდა დარიგებული 1 000 ლარი ვეტერანებთან დაკავშირებით და ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში, ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებზე. იქ არის სახელები, გვარები, პირადობის ნომრები, დაბადების წლებით, თქვენ რომ ნახოთ, რაც ხდება, ეს არის სირცხვილი. გამოიყენა ადმინისტრაციამ ეს ხალხი მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ხმები მიეღო წინასაარჩევნო პერიოდში და რეალურად ეს დახმარება მიზნობრივად იმ ადამიანებთან არ წასულა, ვისაც ერგებოდა. თანხობრივი და რაღაც პრობლემები რომ არ იყოს წინასარჩევნოდ, გავაკეთოთ ვაუჩერი, კომუნალური ვაუჩერი. ეს იქნება კარგი ფორმა და თუ იქნება კომისია, შეგვიძლია, მოვიზიდოთ თანხებიც.
ლევან კილაძე: თქვენ ამბობთ, რომ ვეტერანებთან გათანაბრებულებს მისცეს დახმარება
ბესო ქათამაძე: კი.
ლევან კილაძე: და ამბობთ, რომ არ უნდა მიეცათ?
ბესო ქათამაძე: კი, უნდა მიეცათ, მაგრამ ისე არა, როგორც გაიცა, საერთო რომ არაფერი აქვთ ვეტერანებთან და გათანაბრებულებთან.
ლევან კილაძე: თუ სოციალურად დაუცველებს დავეხმარეთ 100-100 ლარით, ეს...…
ბესო ქათამაძე: სიას გაჩვენებთ კიდევ, რომელია სოციალურად დაუცველი, ორი ჯიპით რომ დადის?
ლევან კილაძე: ორჯიბიანს ასი ლარი არ სჭირდება, მოიტანეთ ორჯიპიანების სია.
ბესო ქათამაძე: კი, მოვიტან და იმასაც, რა მიზნობრივობითაც არის გაცემული ის ხარჯები.
ლელა საჯაია: დავაყენოთ ეს საკითხი და შევისწავლოთ.
მარიკა ჩხიკვიშვილი: მოგიწოდებთ, ბატონო ბესო, რომ მომავალ სხდომაზე წარმოადგინოთ ეს ინფორმაცია იმიტომ, რომ ისე ბრალდებები არ შეიძლება, შეურაცხყოფას აყენებთ მთლიანად სოციალურ სამსახურს და ყველას, ვინც იქ მუშაობს.
ბესო ქათამაძე: პრობლემა არ არის, წარმოგიდგენთ.