მძიმე დამწვრობის გამო ლოგინად ჩავარდნილ ქალბატონს `კარიტასთან~ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაეხმარებიან

დამატებულია: 2018-02-12
picture1

ქალაქ ოზურგეთში, ჩანჩიბაძის #6-ში მდებარე ორსართულიან სახლში, რომელიც ლილი გოგუაძეს ეკუთვნის, ოთხი ოჯახი ცხოვრობს, აქედან სამი სოციალურად გაჭირვებული და შესაბამისად სახელმწიფოდან სოციალურ დახმარება იღებს. მაყვალა ღიბრაძეს ამ სახლის პირველ სართულზე ერთი მომცრო ოთახი უჭირავს, რაშიც გამქირავებს თვეში 20 ლარს უხდის. ოთხი თვის წინათ ქალბატონმა მაყვალამ, ერთკამფორიანი გაზქურის ანთებისას სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო და მას შემდეგ ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლო.

ლოგინად ჩავარდნილი ქალბატონის ოთახში თავისი მეზობელი რუსუდან (მარუსია) დობორჯგინიძე შეგვიძღვა:

_ გამარჯობა, ქალბატონო! თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენზე საგაზეთო წერილის მომზადებას ვაპირებთ.

_ ძალიან დამავალებთ. მობრძანდით.

_ გაგვეცანით, თუ შეიძლება.

_ მაყვალა ღიბრაძე ვარ, 65 წლის. ღიბრაძე მეუღლის გვარია, მე ჩიტაიშვილის ქალი ვარ, სოფელ ბახვიდან.

_ ვხედავთ, რომ აქ მარტოდ ხართ, ბახვში გყავთ ვინმე?

_ რძალი მყავს იქ, სხვა არავინაა ოჯახში.

_ როგორი რძალია _ შვილის მეუღლე, ძმის ცოლი თუ...

_ ძმის ცოლია, პირველი ცოლი.

_ ძმა სადღაა?

_ უკრაინაშია.

_ არ გეკონტაქტებათ?

_ არა, იქეთ ველაპარაკები. არეულობა რომაა, ვერ ჩამოდის.

_ არც სანათესაოდან გაკითხავთ ვინმე?

_ არა.

_ თქვენ განერიდეთ თუ იმათ აღარ ახსოვხართ?

_ არა, მე თვითონ. ქალაქში ვარ ხუთი წელი, ვვაჭრობდი და წამოვედი იქიდან.

_ ხომ ვერ გაიხსენებთ, ცეცხლი როგორ გაგიჩნდათ ოთახში?

_ რა ვიცი? მოხდა ასე. პატარა ბალონიანი გაზქურა მქონდა. ავანთე და ცეცხლი წამებრიალა. მაგრად დავიწვი.

_ და ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოირჩინეთ?

_ ვერა, დარჩენილი მაქვს ცოტა, მაგრამ ჯერ ფეხზე ვერ ვდგები.

_ რით მკურნალობ, დარჩიას მალამოს აქებენ, აქედან ახლოს ცხოვრობს.

_ არა, დარჩია მალამოთი არ მიმკურნალია. ექთანი მყავდა მოყვანილი, ის მისმევდა წამალს, მპატრონობდა. _ თავი რით გაგაქვთ ასე მარტოს?

_ სოციალური დახმარება მეძლევა და პენსია მაქვს.

_ კი, მაგრამ მწოლიარე ხართ, საკვები ვის მოაქვს, ვინ გაჭმევს.

_ მეზობლები (ქალბატონი მარუსიაზე მიგვითითა). ცეცხლსაც ისინი მინთებენ.

_ ვიცით, რომ შვილი გყავთ. ასეთ გასაჭირში რატომ არ არის თქვენთან?

_ ჩემი გოგო ბათუმშია.

_ რას საქმიანობს?

_ არაფერს. გათხოვილია და არის იქ. იყო ჩამოსული, მთელი ორი კვირა დარჩა ჩემთან.

_ ახლაც საერთოდ ვერ დგებით ფეხზე?

_ კი, ვდგები, მაგრამ ცალი ფეხი მიჭირს ძალიან.

_ სხვა მხრივ თუ ეჩვენეთ ექიმს?

_ კი, გადასხმები გამიკეთეს, წნევა დამირეგულირეს.

_ ადგილობრივ ხელისუფლებაში თუ იციან, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ხართ და ხომ არ გაუწევიათ რაიმე სახის დახმარება?

_ ოზურგეთს გამგეობას ახლა რა ჰქვია?

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

_ ე, მაქედან ველოდები დახმარებას. სოციალური სამსახურიდან იყვნენ, ფორმა-100 აიღე, შემდეგ მოდი და განცხადება დაგვიწერეო. მაშინ ვერც ერთი შევძელი და ვერც მეორე.ახლა ფორმა-100 სახლში მომიტანეს, განცხადების დასაწერად როგორმე მივაღწევ იქამდე და მერე პირს არ შეიშლიან, ალბათ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ სამსახურში დაგვიდასტურეს, რომ იციან მაყვალა ღიბრაძის მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ, რომელსაც ახლა განცხადების დასაწერად მერიაში მისვლა აღარ დასჭირდება. საქველმოქმედო ორგანიზაცია `კარიტასთან~ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ამ დღეებში თვითონვე მივლენ ბენეფიციართან და ყველანაირ სამედიცინო (მედიკამენტები, ჰიგიენური) და სოციალურ მომსახურებას გაუწევენ მას.

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.