„მხოლოდ ენთუზიაზმით შევძელი „ჩაქირას“ დღემდე შენარჩუნება“

დამატებულია: 2018-02-12
picture1

გურიის ისტორიულ სოფელ მაკვანეთში, მდინარე აგიდაყვას ხეობაში, მთებთან ახლოს ლამაზი დასახლებაა. აქ მცხოვრებთა უმეტესობის ოჯახების ისტორია მე-18-19 საუკუნიდან იწყება. ერთ-ერთი ასეთია ილო თოიძის ოჯახი, რომელიც უკვე მეხუთე თაობაა ინარჩუნებს უნიკალურ, უძველეს ქართული ძაღლის ჯიშს, რომლის წარმომავლობა დავით აღმაშენებლის ზეობის პერიოდზე მეტს ითვლის.

პირველი, რაც ასე გეცემა თვალში, ამ ლამაზ ეზო-კარმიდამოში, ეს 100 წელზე მეტი ხნის ოდა-სახლია, რომელსაც გაუძლია დრო-ჟამის ცვალებადობისთვის. საქმე ის არის, რომ გურიაში, განსაკუთრებით ოზურგეთში, თითზე ჩამოსათვლელია ძველი ნაგებობები. ამის მთავარი მიზეზი, თურქთა მიერ 1918 წელს ოზურგეთის მესამედ გადაწვაა, რის დროსაც ოზურგეთში ასეულობით ქვის და ხის ნაგებობა განადგურდა. აგიდაყვა ვთქვით, მაგრამ ეზოს უფრო ახლოს პატარა მდინარე ჩამოუდის, რომელსაც ბოლოწმინდას უწოდებენ და იგი ზემოთ, გოგიეთიდან იღებს სათავეს. ჩამოირაკრაკებს ეზო-კარმიდამოებს, აამუშავებს წისქვილებს, ზაფხულში სიგრილეს დაუტოვებს ლამაზ წალკოტებს და ქვევით ეშვება. სათავიდან დაახლოებით 5-6 კილომეტრის გავლის შემდეგ მდინარე აგიდაყვას უერთდება. რადგან წისქვილი ვახსენე, უნდა საქებარი ვთქვა ილო თოიძის მიმართ. ოჯახის ისტორიული წისქვილი საუცხოოდაა მოვლილი, თანაც, როგორც მასპინძელმა ბრძანა, „ჩვენს წისქვილს „უმინდო წისქვილი“ ჰქვია, მეზობლიდან მინდს როგორ ავიღებო.“ეზოში წისქვილისათვის „სათადარიგო“ მურღულის ქვებიც აწყვია.

ძველ სამზად სახლში, რომელსაც რატომღაც „კუხნას“ ვეძახით, შუაგულ ადგილას დევს კერიის დიდი ქვა, რომლის ძირში, „ღადარში“, როგორც მასპინძელმა გვითხრა, ბავშვობაში ბებია 4 სახის „გურულ კვერს“ უცხობდა. სამზადის ჭერიდან ალბათ ორი საუკუნის წინ დამზადებული ჯაჭვია დაშვებული...

შენობის გვერდით, „გადმოხურულში“ თავს იწონებს 45-ფუთიანი ცაცხვის საწნახელი, რომელშიც ყოველ-შემოდგომაზე ფეხით ჩამდგარი მამაკაცები„აგუნა, აგუნა, გადმოიარეო“, აგუგუნებდნენ. როგორც მასპინძელი ამბობს, ამის გარდა, კიდევ სამი საწნახელი ჰქონდათ, მაგრამ ამჟამად კიდევ ერთია შემონახული. წისქვილის გვერდით მცირე მუზეუმია მოწყობილი, სადაც გურული ყოფის ამსახველი სპილენძის ნაკეთობა და არაერთი სხვა ნივთია. კედელზე კი დრო-ჟამისაგან დაძველებული და გაცრეცილი გურიის ჯანყის ამსახველი დიდი ტილოა გამოფენილი. ტილო აშკარად რესტავრაციას საჭიროებს... ცალკე თემაა ნიჭიერი კაცის ხელით შექმნილი ხის ნაკეთობები: მაგიდა, სკამები და ა.შ.

ეზო-კარმიდამოს ამშვენებს შქერის ღობე და ცაცხვის დიდტანიანი ხეები, ხეხილი. ეზოში თავს იწონებენ დეკორატიული აგავები...

ფუტკარიც ბევრი ჰყოლია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ დიდი ზარალი უნახავს. ახლა თავიდან იწყებს ფუტკრის ოჯახების გამრავლებას.

და მაინც, ამ ოჯახის მთავარი საზრუნავი „ჩაქირას“ გადარჩენაა. კინოლოგები მას მეკვერნე მყეფარათა საერთო ჯიშს მიაკუთვნებენ.

ილო განსაკუთრებულად უვლის ძაღლებს. აჭმევს, წვრთნის... 4 წლის წინ ქ. ქუთაისში, ძაღლების საერთაშორისო გამოფენაზე გაიმარჯვა და „ოქროს თასით“ დაჯილდოვდა. 2016 წელს კვლავ ქ. ქუთაისში გამართულ ექსტერიერ შოუზე „ოქროს თასი“აიღო....

ბატონი ილო თავის გულისტკივილს გვიზიარებს:

_ თავად ხედავთ, როგორ ვცდილობ ამ ჯიშის გადარჩენას. სამწუხაროა, რომ ჯიში არაა აღიარებული არც ერთი კინოლოგიური ფედერაციის მიერ. არც ერთ ძაღლსაშენში არ ხდება ამ ჯიშის მოშენება. მხოლოდ ენთუზიაზმით შევძელი ამ ჯიშის აქამდე შენარჩუნება. ან რა უფლება მაქვს, ოჯახის ტრადიცია არ განვაგრძო. ეს ჩემი წინაპრების პატივისცემაა. იცოდნენ იმათ ამ ჯიშის ფასი, მაგრამ მათ სხვა პირობები ჰქონდათ. ძაღლის გაწვრთნა არ უჭირდათ. ახლა დასაგეშად კვერნაზე სანადიროდ რომ წაიყვანო, ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებ. ოჯახის ბიუჯეტის მეტი წილი ამ ძაღლების მოვლას სჭირდება.

_როდის მიჰყავთ „ჩაქირა“კვერნაზე სანადიროდ?

_დაგეშილი ძაღლი ზამთარში, როცა კვერნაზე ნადირობის სეზონია, განუწყვეტლივ ყეფს და ითხოვს სანადიროდ წაყვანას. იგი ხშირად მონადირეს დამწყვდეული ან ჯაჭვით დაბმული ჰყავს. ამის გამო, „ჩაქირა“ იმდენად ავი ხდება, რომ, პატრონს გარდა, არავის იკარებს. მისი გაშვება არ შეიძლება, რადგან სხვა ძაღლებს ებრძვის. ამ ძაღლს ნადირობისას ხეზე ასვლაც კი შეუძლია..

_გქონდათ შემოთავაზებები? რატომ არ ხდება კინოლოგების მიერ ამ ძაღლის ჯიშის აღიარება?

_ შემოთავაზებები, რა თქმა უნდა ,მქონდა. თურქი სელექციონერები მთხოვდნენ, მიმეყიდა ეს ძაღლები დიდ ფასად, მაგრამ არ დავთანხმდი.მათი მიზანი იყო ჯიშის ოდნავ სახეცვლილებით „ჩაქირას“ თურქული წარმომავლობის ძაღლად გასაღება. თავის ძაღლსაშენში გადასვლას და კარგ პირობებს მთავაზობდა აჭარის მაშინდელი ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე. არ დავთანხმდი... ქართველი კინოლოგები მაშინ აღიარებენ ამ ძაღლს, როცა მისი რაოდენობა 40-მდე იქნება. მე კი არავინ მეხმარება, რომ ამ ძაღლების რაოდენობა ამ ციფრამდე ავიყვანო. არადა, დღეს, როცა გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის ასეთი ნაბიჯებია გადადგმული, შესაძლო იყო მაკვანეთში სამონადირეო ტურიზმით დაინტერესებული პირები მოგვეწვია.

ჯანვერდი ცეცხლაძე, გურიის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე: _„გააცოცხლე გურიას“ ფარგლებში, გურიაში ტურიზმი უნდა განვითარდეს. მე სხვა სოფელზე არ ვიტყვი, მაგრამ მაკვანეთში 2 ეკლესიაა,აქედან ერთი ილო თოიძის სახლიდან არც ისე შორს, ნაკაშიძეების გარაკზე დგას. აქვე შენდება არტემ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახლ-მუზეუმი.ამ უბნის თავში ანზორ ერქომაიშვილის სახლია, აქვე ცხოვრობენ გოლიაძეები, უფრო ქვემოთ სიხარულიძეები.. რამდენიმე ოჯახია, რომლებსაც ტურისტების მიღება შეუძლია. არიან ისეთები, რომლებიც მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებენ (მაგალითად ჭეიშვილების ოჯახი). ჩემი ეკომუზეუმი უკვე ათეულ წლებს ითვლის. მართლაც დასაფასებელია ამ ოჯახის შრომა და ღვაწლი. სამონადირეო ტურიზმით დაინტერესება დიდია. ზუსტად ამ უბნის ზემოთ ბაზიერების გორაკია. აქ იჭერდნენ ათეული წლების მანძილზე გასაწვრთნელ ქორ-შევარდენს ცნობილი ბაზიერები... გურიის ტურისტულ რუკაზე ილია თოიძის ოჯახი უნდა შევიდეს. აქ ბევრ რამეს ნახავს ქართველი თუ უცხოელი ტურისტი. ...

თოიძეების ოჯახმა სუფრასთან მიგვიწვია. ქალბატონი ლალის „რეცეპტით“ მომზადებული ლობიო და იხვის „ჩახარჩული საცივი“, კეცზე შქერის ფოთლებში გამოცხვარი მჭადი... მართლაც საუცხოო იყო. ამას დაუმატეთ თოიძეების მარნის ჭურის ღვინო.... მოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი შეხვედრა იყო.

უფალმა აძლიეროს საქართველოში ასეთი ოჯახები!

ავტორი: ნუგზარ ასათიანი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.