ევროკავშირის და საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-4 შეხვედრის შემდგომი ერთობლივი პრესრელიზი

დამატებულია: 2018-02-12
picture1

2018 წლის 5 თებერვალს ჩატარდა ევროკავშირის და საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-4 შეხვედრა.

საბჭო წარმოადგენს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებულ უმაღლეს ორგანოს, რომელიც ხელმძღვანელობს შეთანხმების განხორციელებას და განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში არსებულ საკითხებს.

ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ოქტომბერ/ნოემბერში ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის პირობებში და კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება; გარდა ამისა, ჯერ კიდევ ტენდენციური მედიის მზარდმა თავისუფლებამ და აქტიურობამ ხელი შეუწყო პოლიტიკური დისკუსიის გამოცოცხლებას - როგორც ეს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარ ანგარიშშია აღნიშნული. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინების მნიშვნელობას, რომლებიც უკავშირდება არჩევნების მართვას, რათა შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდეს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხელშემწყობი გარემო.

ასოცირების საბჭო მიესალმა საკონსტიტუციო რეფორმის მიღებას და ვენეციის კომისიის ზოგად დადებით მოსაზრებას, რომლის მიხედვით აღნიშნული რეფორმა საქართველოს საპარლამენტო სისტემისკენ მიმართული განვითარების დამთავრებად შეფასდა. ასოცირების საბჭომ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს თანამშრომლობისკენ და ღია დიალოგისკენ მოუწოდა, რათა შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველოში მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და განხორციელდეს რეფორმები.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ მზადყოფნას საქართველოს მთავრობასთან მჭიდროდ თანამშრომლობისთვის, ევროკავშირ-საქართველოს საერთო ორმხრივი გეგმის განხორციელების მიზნით.

ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო 2017 წლის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მოხსენება საქართველოს შესახებ და დადებითად შეაფასა მნიშვნელოვანი წინსვლა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს 2016 წლის დეკემბერში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი უწყვეტი ვალდებულება ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის თაობაზე.

ასოცირების საბჭო მიესალმა დოკუმენტის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ დამტკიცებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ასოცირების 2017-2020 წლების შესწორებული დღის წესრიგის რეფორმის ძირითად პრიორიტეტებთან ერთად, აღნიშნული 20 შედეგი წარმოადგენს პრაქტიკულ ჩარჩოს და სახელმძღვანელოს ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების განსახორციელებლად. ორივე მხარემ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, მის ევროპულ არჩევანს და საერთო ამოცანებს დემოკრატიული, სტაბილური და აყვავებული ქვეყნის მშენებლობის გასაგრძელებლად. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მდგრად ძალისხმევას რეფორმების განხორციელების საკითხში და მის მისწრაფებას ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თაობაზე.

ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო საქართველოს მოთხოვნა იმის შესახებ, რომ შესაბამისად გაგრძელდეს ჩართულობის მხარდაჭერა ევროპულ ნორმებთან, პოლიტიკასთან და პრაქტიკასთან დასაახლოებლად, ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის გაძლიერების მიზნით.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის განხორციელების მეორე წელს ევროკავშირი ორიენტირებული იქნება ეკონომიკური და მმართველობის რეფორმების მხარდაჭერაზე, განათლებასა და ახალგაზრდობაზე, ენერგოეფექტურობასა და ტრანსპორტზე; აღნიშნულის მიზანია რეგიონის სიცოცხლისუნარიანობის ზრდა და ზოგადად სამეზობლოს სტაბილურობის გაძლიერება. ევროკავშირი აღიარებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებმაც მოახდინეს ქვეყნის, როგორც რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის, პოზიციის განმტკიცება. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების გზები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ასევე შეაჯამეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული უსაფრთხოების პირველი სტრატეგიული დიალოგის პროცესში განხილული საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამგვარი დიალოგი კარგ პლატფორმას წარმოადგენს საერთო ინტერესებში შემავალი საკითხების განსახილველად უსაფრთხოების სფეროში.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს წინსვლას სასამართლო სექტორის ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დარჩენილ გამოწვევებზე მუშაობა და მიღწეული წინსვლის განმტკიცება. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საკუთარ ვალდებულებას გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო სისტემის რეფორმირებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს დაცვის საკითხებში.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოსთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის ეფექტურ ამოქმედებას და განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ აუცილებელია რეფორმების და მიღწეულის მდგრადობის უზრუნველყოფა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ევროკავშირი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციით საქართველოს უამრავმა მოქალაქემ ისარგებლა; ის ასევე მიესალმა მთავრობის პასუხისმგებლობას და აქტიურ საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიას ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული უფლებების და მოვალეობების საკითხებზე. ასოცირების საბჭომ მოუწოდა საქართველოს უფრო აქტიურად ჩართოს ქალები პოლიტიკაში, და განაგრძოს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის პრევენციის და მათთან ბრძოლის სტამბულის კონვენციის, ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტური განხორციელება. ევროკავშირი მიესალმა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას საქართველოს ახალი უფლებადამცველის დანიშვნის პროცესში.

ორივე მხარე მიესალმა საქართველოს წინსვლას ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხში, მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების (DCFTA) განხორციელების ჩათვლით. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების (DCFTA) შემდგომი განხორციელება, განსაკუთრებით სარეგულაციო დაახლოების და ინსტიტუციური პოტენციალის გაძლიერების გზით, მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების უწყვეტ ძალისხმევას, ასევე ევროკავშირის ძალისხმევას საქართველოს მხარდასაჭერად ამ პროცესში. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მკაცრი მაკროეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობას ამ კუთხით და მიესალმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) მიღწეულ შეთანხმებას, რომელმაც საშუალება მისცა ევროკავშირს გაეცა ბოლო ტრანში ევროკავშირის წინა მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში. ასოცირების საბჭო ასევე მიესალმა ევროკომისიის წინადადებას საქართველოსთვის ახალი მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედების თაობაზე, რომელიც 45 მილიონამდე ევროთი დაეხმარება საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რეფორმების პროცესის გაგრძელებაში.

ასოცირების საბჭო მიესალმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებას და საქართველოს ვაჭრობის დადებით რეორიენტაციას ევროკავშირის მიმართულებით. მხარეებმა გააშუქეს ის მნიშვნელობა, რომელიც აქვს ექსპორტისგან სრული სარგებლის მიღებას და პოტენციალის ზრდას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების (DCFTA) საშუალებით; ასევე საქართველოს ბიზნესის ინფორმირებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების (DCFTA) მოქმედების და მისი სარგებლის შესახებ. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელობას, რომელსაც ორივე მხარე ანიჭებს ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის გეოგრაფიული მითითებების და აღნიშვნების მაღალი დონის დაცვას - ყველაზე განვითარებულს, რომელიც ევროკავშირს აქვს მთელ მსოფლიოში. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას უკავშირდება.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კავშირების სფეროში, და მიულოცა საქართველოს ოფიციალურად შესვლა ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებაში 2017 წლის ივლისში, რაც არის ფუნდამენტური ნაბიჯი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარებისა და ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის, შესაბამისი ვალდებულებების განხორციელების გზით. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც წამყვანი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის ტრანზიტული ფუნქცია კასპიის ნავთობის რესურსების ევროკავშირის ბაზრებზე მიწოდების პროცესში, კერძოდ სამხრეთის გაზის დერეფნის გზით, მისი შუა აზიის და შავი ზღვის მონაკვეთების ჩათვლით. ამ კონტექსტში, ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს რომ საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია (GOGC) ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის კომპანიის წილის მფლობელი გახდა.

ასოცირების საბჭო მიესალმა დახმარების ახალი პაკეტის მიღებას 2017-2020 წლებისთვის, რომელიც ითვალისწინებს 370-დან 450 მილიონ ევრომდე ღირებულების დახმარებას საქართველოსთვის, ძირითადად შემდეგ სფეროებში: ეკონომიკის და საბაზრო პოტენციალის განვითარება, ინსტიტუციური გაძლიერება და სათანადო მმართველობა, კავშირების მხარდაჭერა, ენერგოეფექტურობა, გარემოს და კლიმატის ცვლილება, მობილურობა და ხალხთა შორის კონტაქტები; აღნიშნული მთლიანად შეესაბამება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მისი მხრიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის და სასოფლო სექტორის აღორძინების უწყვეტ მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს სასოფლო განვითარების და ინვესტიციების მიმართულებით. ამ კონტექსტში ორივე მხარე მიესალმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მე-3 ფაზის ხელშეკრულების გაფორმებას 2018-2022 წლებისთვის, რომლის ფარგლებში ევროკავშირი საქართველოს 77.5 მილიონი ევროს დახმარებას ჰპირდება.

ევროკავშირი მიესალმა თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დაარსებაში მიღწეულ წარმატებას და აღნიშნა, რომ იმედოვნებს თანამშრომლობას საქართველოსთან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უკვე მოქმედ სკოლებთან, რომ საქართველოში 2018 წლის სექტემბერში მოსწავლეთა პირველ ნაკადს მიესალმოს.

ორივე მხარემ განსაკუთრებულად აღნიშნა ევროკავშირის და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა სტრატეგიული კომუნიკაციების და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე ვალდებულება და მისი გადამწყვეტი როლი საქართველოში კონფლიქტების მოგვარების სფეროში, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის კომპლექსური გამოყენებით, არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის ჩათვლით. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა, მკაფიოდ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე ვალდებულებას ამ საკითხებში.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებას.

ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოში არსებული კონფლიქტით გამოწვეული პრობლემების მართვასა და მოგვარებაში. ის ასევე დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ სრულად ფუნქციონირებადი ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმები (IPRM) უმნიშვნელოვანესია ნდობის, პროგნოზირების და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ადგილებზე.

ასოცირების საბჭო მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უდიდეს წვლილს დაძაბულობის ესკალაციის პრევენციის საკითხში ადგილებზე.

ასოცირების საბჭო უაღრესად შეშფოთებულია ე.წ. „ხელშეკრულებების“ მუდმივი განხორციელებით შემდეგ საკითხებზე: ხელშეკრულებები რუსეთსა და ტერიტორიულ ერთეულებს შორის ინტეგრაციის საკითხებზე, საბაჟო პუნქტების გახსნა სოხუმსა და ახალგორში, ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მისი სახელის შეცვლის მიზნით, აფხაზეთის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან „გამშვები პუნქტების“ დახურვა, სოხუმის გადაწყვეტილება სოფელ ხურჩაში უცნობი ქართველი სამოქალაქო პირის მკვლელობაზე პასუხისმგებელი დამნაშავის განთავისუფლების შესახებ; ასოცირების საბჭომ დამნაშავის დაუყოვნებელი დაკავებისკენ მოუწოდა. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა ეთნიკური პრინციპით ადამიანის უფლებათა გახშირებული დარღვევების და უწყვეტი დისკრიმინაციის გამო საქართველოს ორივე რეგიონში.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ შეიარაღების ინტენსიური გაძლიერება და მუდმივი სამხედრო წვრთნები საქართველოს ორივე რეგიონში წამოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას, და რუსეთის ფედერაციას საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ, კერძოდ, მისი სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, ასოცირების საბჭომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, მისიის მანდატის შესაბამისად.

ასოცირების საბჭო შეთანხმდა იმ ფართომასშტაბიანი პოლიტიკის გაგრძელების და ინტენსიფიკაციის მნიშვნელობაზე, რომელიც მოიცავს მთელ საზოგადოებას და გამოიხატება საქართველოს მთავრობის შერიგების და ჩართულობის ძალისხმევის მხარდაჭერაში, რომლის მიზანია მოსახლეობის წვდომა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ხალხთა შორის კონტაქტების შემდგომი მხარდაჭერა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, ასევე ნდობის აღდგენის ღონისძიებები კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებაში და შერიგების ღონისძიებების მხარდაჭერა.

ევროკავშირმა მადლიერებით აღნიშნა საქართველოს მუდმივი წვლილი ევროკავშირის ხელმძღვანელობით მიმდინარე კრიზისის მართვის ოპერაციებში და მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში, ასევე საქართველოს მზადყოფნა გააძლიეროს შესაბამისი საკუთარი პოტენციალი.

ევროკავშირმა რეკომენდაცია გაუწია საქართველოს აქტიურ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივ ღონისძიებებში. ის მიესალმა საქართველოს პოზიციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტზე და აღნიშნა საქართველოს ჩართულობა კონკრეტული წინადადებების შემუშავებაში 2020 წლამდე პერიოდისთვის. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა სტრატეგიების მკაფიო და კონკრეტული პოლიტიკის პრიორიტეტებად და შედეგებად ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

საბჭოს თავმჯდომარეობდა ქ-ნი ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილი.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.