ოზურგეთის თეატრის დასი თანამედროვე ცნობილი ქართველი დრამატურგის ირაკლი სამსონაძის პიესაზე „კლინიკური ქორწინება” მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ირაკლი სამსონაძის პიესაზე ოზურგეთის თეატრს აქამდე არ უმუშავია. დრამატურგის პიესები კი ათწლეულებია წარმატებით იდგმება რუსთაველის, მარჯანიშვილის, ბათუმის, ქუთაისის, ჭიათურის და სხვა თეატრების სცენებზე. ამჯერად, ირაკლი სამსონაძის ტრაგიკომიკურ ფარსს გურულები განსხვავებული ტემპერამნეტით გააცოცხლებენ.
პიესაზე რეჟისორი ოთარ კუტალაძე მუშაობს. რეჟისორის თქმით: „პიესაში არის დღევანდელობის ბევრი საჭირბოროტო პრობლემა, კონკრეტულად, ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ღალატი... ტრაგიკული თემა გადმოცემულია კომიკური ხერხებით”.
სპექტაკლზე მხატვარი_თამაზ დარჩია მუშაობს, ხოლო სასცენო მოძრაობაზე ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია. სპექტაკლში გამოყენებულია გოგა მახარაძის მუსიკა.
სპექტაკლში როლები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: ნოდარი – ალექსანდრე ლომიძე; თამარი – მისი ცოლი – თეა კეჭაყმაძე, ლიზა გრიგორიევნა – თამარის დედა – ბელა კიკვაძე, ზუკა – ნოდარის და თამარის სიძე – კობა ახალაძე, ვალტერ ჩიჩუა – კლინიკის მთავარი ექიმი – ირაკლი ვადაჭკორია, ლილი – ვალტერ ჩიჩუას ხელქვეითი – ანი გოდერძიშვილი, ელ – გუჯა – ლილის მეუღლე, პატრული – ვახტანგ ჩხარტიშვილი, ასმათი – კლინიკის პაციენტი – ლია მარტიაშვილი, ტარიელი – კლინიკის პაციენტი – ივანე ჩხაიძე. პიესაში მსახიობებს ფანტასმაგორიული პერსონაჟების განსახირება უწევთ. ყოფითი სიუჟეტები სიმბოლურ და აბსურდულ ფორმას იძენს, რაც საინტერესო ხერხია თავად მსახიობებისთვისაც.
პრემიერა თებერვლის ბოლოს არის ჩანიშნული