დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქ. ოზურგეთის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ეკა ნინიძემ ბრიფინგი გამართა.
_მოგესალმებით! მე გახლავართ ეკა ნინიძე, ა(ა)იპ ქ. ოზურეთის სკოლამდელი სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის ყოფილი დირექტორი. ყოფილი იმიტომ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ უკანონოდ, შრომის კოდექსის გვერდის ავლით გამათავისუფლა სამსახურიდან. დასჯილი ვარ იმიტომ, რომ არ ვიყავი ამჟამინდელი მერის მხარდამჭერი. გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში ჩაწერა, რომ რეორგანიზაციის დასრულების გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა რეალურად რეორგანიზაცია ჯერაც არ არის დასრულებული და სავარაუდოდ კარგა ხანს არ დასრულდება.
ქალაქ ოზურგეთისა და თემთა მუნიციპალიტეტების შერწყმასთან დაკავშირებით, ა(ა)იპი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმრდელო ცენტრისა და ა(ა)იპ ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის რეორგანიზაცია-შერწმის პროცესი მიმდინარეობს, როგორც აღვნიშნე, შრომის კოდექსის მიხედვით, ეს პროცესი არ არის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. ორი მოქმედი დირექტორიდან არჩევანი უნდა გაეკეთებინა ერთ-ერთზე და მეორესთვის შეეთავაზებინა ტოლფასი სამსხური ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ვადით მიეცა კომპესაცია. ამ ყველაფერს, ,,მეგობარმა მერმა“ (ეს მისი საარჩევნო სლოგანი იყო), გვერდი აუარა და ერთი ხელის მოსმით გამოსცა ბრძანება, ორივე ხელმძღვანელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
პირადად მე, და ჩემთან მოიაზრება აქტიური მოქალაქეების გუნდი, რომლებსაც საკუთარი ღირსების შელახვად მიგვაჩნია მუნიციპლიტეტში მიმდინარე პროცესები, არ ვაპირებთ არსებული მდგომარეობის შეგუებას და მივმართავთ სამართლებრივი ბრძოლის სხვადასხვა ხერხს.
ოზურგეთის დღევანდელმა მერმა სხვა გზა არ დაგვიტოვა, საკუთარი ღირსება სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა აღვიდგინოთ. 2017 წლის 12 დეკემბერს გადავიტანე უმძიმესი ოპერაცია, ერთი კვირა ვიმყოფებოდი მართვით სუნთქვაზე, რეაბილიტაციის პროცესს გავდივარ დღემდე, 9 თებერვალს გავედი პირველად სამსახურში და იმ დღესვე იურიდიული სამსახურისა და აუდიტის სამსახურის უფროსები გვეწვივნენ ერთადერთი მიზნით, ეცნობებინათ მბრძანებლისთვის ვიმყოფებოდი თუ არა სამსახურში. რახან ეს არ გამოუვიდათ, იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ პასუხი მომთხოვა აბსურდულ ბრალდებაზე: რატომ არ ვაცნობე მერს, წინა დღით, რომ მეორე დღეს სასწრაფო ოპერაცია დამჭირდებოდა და მთელი კვირა მართვითი სუნთქვის აპარატზე ვიქნებოდი. მგონი კომენტარს არ საჭიროებს მერიის იურისტის კომპენტენცია. ეს იყო პარასკევი დღე და ორშაბათს, 12 თებერვალს ბრძანებით გამათავისუფლეს. მიზეზი რისთვისაც მეც და ჩემი კოლეგა, თემთა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი გაგვათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდნ ეს არის ჩვენს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა. რადგან მოვიაზრებოდით სახელისუფლებო კანდიდატის მხარდამჭერებად. ამას ზედ ერთვის ცოტა უფრო ადრე, 2012 წლის ზაფხულში ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერ მიტინგზე ყოფნის გამო და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მოწინააღმდეგეობისთვის ერთხელ უკვე გამათვისუფლეს სამსახურიდან და ორი წელი ვმუშაობდი კონსულტანტ-მასწავლებლად ზემო აჭარაში. დღეს, ოცნების ფრთას ამოფარებული მერისგან და ნაციონალებისგან ისევ გრძელდება ჩემი პიროვნული დევნა.
ჩვენ, არსებულ რეალობას არ შევეგუებით, მუნიციპალიტეტი ფაქტიურად პარალიზებულია, ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა შესარჩევი კონკურსი თემებში მერის რწმუნებულების ვაკანსიაზე, რაც მნიშვნელოვან ყოფით პრობლემებს უქმნის მოსახლეობას, მობილობის პროცესიც ყოველგავრი გამჭირვალეობის გარეშე ჩატარდა, მხოლოდ ის საჯარო მოხელეები დარჩნენ კომფორტში, რომლებიც დღევანდელ მერთან ასოცირდებიან. ერთადერთი ინტერესი, რაც ბატონ შარაშენიძეს ადარდებს, არის ვინ ვის მისცა ხმა არჩევნებში. ერთადერთი ქმედება, რომელიც მერმა წარმატებით განახორციელა, არის 30000 ლარის სიძისთვის გადარიცხვა. მეტი „წარმატებული“ საქმიანობა არ მინახავს. მივმართავ ოზურგეთის მუნიცაპიტეტის საკრებულოს წევრებს, იქნებ უფრო მეტად დაინტერესდნენ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებით. ის ნდობის მანდატები, რომლებიც მათ ოზურგეთის მოსახლეობამ მისცა დიდი პასუხისმგებლობაა და არა მხოლოდ კარგად მორგებული სავარძლები. საზოგადოება მათგან ელოდება განცხადებას, რომელიც ჯერაც არ გაუკეთებიათ_განაცხადა ეკა ნინიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიმართავს თუ არა იგი სასამართლოს, ეკა ნინიძემ უპასუხა, რომ სასამართლოში წარსადგენად ამზადებს სარჩელს და უახლოეს დღეებში წარადგენს.
კითხვაზე,დაეკონკრეტებინა, თუ რას გულისხმობს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის მოსვლაში“ ნინიძემ უპასუხა:
_მე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ვუჭერდი მხარს. ხელისუფლებაში „ნაციონალების“მოსვლაში ვგულისხმობ იმას, რომ კოტე შარაშენიძე არის „ნაციონალური პროდუქტი.“ მან სული მიჰყიდა ნაციონალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირად ვერ გაიმარჯვებდა. გადახედეთ მის საარჩევნო შტაბს, იქ ვინ იყვნენ: თავართქილაძე, ბოლქვაძე, მამეიშვილი, _„ნაციონალების“ მთელი გუნდი. ამიტომ ვამბობ, რომ სამსახურიდან „ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისთვის გამიშვეს. თუმცა, ვიმეორებ, ვაგრძელებ ბრძოლას სამართლებლივი გზით_განაცხადა მან.
-ვხედავ, რა დღეში ჩავარდა ის ხალხი, ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, ვინც სახელმწიფოს გვერდით იდგა არჩევნებზე. ამ ხალხს დღეს შარაშენიძე სამსახურიდან ათავისუფლებს. სწორად თქვა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მერაბ ჭანუყვაძემ: _„ვინც „ქართული ოცნებიდან“ გადასაბარგებელი ხართ, დროზე გადაბარგდითო.“თქვენ, ვისაც უსამართლოდ მოგექცნენ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ხელისუფლებას, ოზურგეთი ნამსხვრების ქვეშაა მოქცეული -მიმართა ეკე ნინიძეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ნუგზარ გიორგაძემ.
_ვიცი, რომ საკრებულოში სხედან ჩვენგან მიცემული ნდობის მანდატით, თუმცა, ოზურგეთს დღეს აქვს თავისი კონსტიტუცია, რომელსაც ჰქვია „კოტეს კონსტიტუცია.“ამიტომ მე სამართლებლივი გზით ვიბრძოლებ_ თქვა ეკა ნინიძემ.