ოზურგეთის სპორტის სასახლეში ორ დღეს მიმდინარეობდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები. ჩემპიონატში საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების 210-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. სამსაჯო კორპუსში, საპატიო სტუმართა შორის იყვნენ ოლიმპიური და მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონები, საქართველოს სასახელო სპორტსმენები.
ოზურგეთის საჭიდაო სკოლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ოთხმა მათგანმა ფინალში იჭიდავა და 2 საქართველოს ჩემპიონი გახდა. პირველი სიხარული გიორგი თოხაძემ მოუტანა მასპინძლებს. მან 51 კგ. წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იჭიდავა და გაიმარჯვა.
ასევე მეტად დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა 90 კგ. წონით კატეგორიაში ცოტნე ცინცაძემ. მან ძლიერ მეტოქესთან გადამწყვეტი ქულა აიღო და ჩემპიონი გახდა.
ბოლომდე დაიხარჯა 110 კგ. წონით კატეგორიაში კუკური ბარბაქაძე, რომელიც უფრო გამოცდილ მეტოქესთან 3:4 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
სამი მედალი მოიპოვეს ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა 48 კგ. წონით კატეგორიაში. აქ მე-2 გოჩა ირემაძე იყო, ხოლო მე-3 დათა ურუშაძე და სერგო სარკისიანი.
კიდევ ერთი მედალი მასპინძლებმა 45 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვეს. კახა ძირკვაძე მე-3 იყო.
გამარჯვებული სპორტსმენები ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, პირველმა მოადგილემ ალექსანდრე სურგულაძემ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გურიის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ლომაძემ თასებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.
ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, ა (ა) ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა.