23 თებერვალს, კოლეჯ „ჰორიზონტში“გაიმართა ღონისძიება თემაზე„თოვდა და თბილისს ებურა თალხი.“
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-100 საუბილეო წლისთავს მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქ. ოზურგეთის ##1, 2,3,4, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის, შრომის, შემოქმედის,ნასაკირალის საჯარო სკოლები, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიასთან დაკავშირებით საკონკურსო ნამუშევრების პრეზენტაცია წარმოადგინეს. ღონისძიების ორგანიზატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილება იყო. სპეციალურ ჟიურს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე ხელმძღვანელობდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი ქ. ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეების (პრეზენტაცია ელენე გოგიბერიძემ და მარიამ ვასაძემ წარმოადგინეს) მიანიჭეს; მეორე _ #3 საჯარო სკოლას (თორნიკე ბოლქვაძე); მესამე _სოფ. შრომის საჯარო სკოლას (მარიამ ჭაკნელიძე, თომა ჭკუასელი).
ჟიურის სიმპათიის პრიზი წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სკოლას (ბექა აბულაძე,თორნიკე თავდუმაძე, მამუკა სიხარულიძე), მიენიჭა. კონკურსის ყველა მონაწილეს გაეცა სპეციალური პრიზი და საჩუქრები. იყო აზრთა სხვადასხვაობა ჟიურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაზეც ჟიურის წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ლელა საჯაიამ განმარტა, რომ გამარჯვების მთავარი კრიტერიუმი იყო, თუ რამდენად შეძლებდა მონაწილე გუნდი 1918 -1921 წლების ამსახველი ადგილობრივი მასალის წარმოჩენას. მისი აზრით ყველა გუნდი კარგად გამოვიდა,რაც ძალიან მისასალმებელია.
ამავე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და კოლეჯ „ჰორიზონტის“ დირექტორმა ნანა ჯოლიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.