დღეს, 2 მარტს, ოზურგეთის თეატრის ბაღში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის რამდენიმე მეეზოვემ თებერვლის თვის ხელფასების მიუღებლობა გააპროტესტა. კუთვნილი ხელფასის 6 მარტამდე მიუღებლობის შემთხვევაში ისინი გაფიცვით იმუქრებიან:
ციური დვალიშვილი: `თებერვლის თვის ხელფასების ახლა უნდა მიგვეღო და იმ კვირაშიც არ იქნებაო, გვითხრა დირექტორმა. მერე ბუღალტერთან გამიშვა. ბუღალტერმა კი, წადი, დირექტორს კითხე, მე არ ვიციო, ხელი ამიქნია. დირექტორმა თქვენთან გამომიშვა-მეთქი. აბა, იმ კვირაშიც არ იქნებაო. იანვრის თვის ხელფასიც გვიან დაარიგეს. ამდენი ხანია ლაგდებიან და რით ვერ დალაგდნენ?! წამალი უნდა მეყიდა მეუღლისთვის, რით ვუყიდო ახლა? სამშაბათამდე თუ არ დარიგდება, გავიფიცებით და ნახავენ, როგორ ჩანაგავდება აქაურობა~.
მზია ტრაპაიძე: `წინა თვეშიც გვინდოდა ამ აქციის მოწყობა, მაგრამ იმდენი ქნეს, ვინ არ ჩაერია შიგ, რავარცხა, იქნებოდა თუ არ იქნებოდა, ძალაუნებურად დაარიგეს ხელფასი. წინა თვეში ჩვენ იმფერ დღეში ჩაგვყარა მაგენმა... ახლა უარესი კიდევ, არ ვიცით, როდის იქნებაო. ორშაბათს ბანკის სესხი 500 ლარი მაქვს შესატანი. არ ვიცი, საიდან ვიშოვო? დამაჯარიმებენ და კიდევ ჯარიმა მინდა მე?~
ჩვენი მისვლიდან ხუთიოდე წუთში ადგილზე გაჩნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის ხელმძღვანელები და განაწყენებულ თანამშრომლებს აუხსნეს შექმნილი ვითარება. `როგორც იცით, გაუქმდა ქალაქ ოზურგეთის მერიის სერვისცენტრი და თემთა მუნიციპალიტეტის სერვისცენტრი, დაფუძნდა ახალი, მიდის მუშა პროცესი, ველოდებით ხაზინის გახსნას, უბრალოდ, გაუქმებიდან ახალის დაფუძნებამდე ხაზინას თავისი ვადები აქვს. მე ვფიქრობ, ალბათ, სამშაბათისთვის მოგვარდება, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუ გაგვეხსნა ხაზინიდან, არ არის პრობლემა. ყველა საბუთი მოგვარებულია, უბრალოდ ველოდებით ხაზინის გახსნას~, _ ასეთი კომენტარი გააკეთა მედიასთან სერვიცვენტრის დირექტორმა, ბატონმა თენგიზ ქუტიძემ.