გასულ სამშაბათს სოფელ შრომის საჯარო და ხრიალეთის არასრული საშუალო სკოლების 40-მდე პედაგოგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ მათ სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთების გაყიდვას აპროტესტებდნენ.ისინი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს კონსტანტინე შარაშენიძეს შეხვდნენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრის წინ მათ გაზეთ „ალიონთან“ განაცხადეს, რომ სოფელ შრომისა და ხრიალეთის სკოლები ორ ათეულ წელზე მეტია დაბა ურეკში, ე.წ. „ჩირეში,“ სოფლის გარე ტერიტორიაზე სარგებლობის უფლებით ფლობდა 2 ჰექტარ მიწის ფართობს, რომელიც ისე გაყიდა მუნიციპალიტეტმა, რომ სკოლას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია. ისინი აუქციონის წესით 18350 კვადრატული მიწის ნაკვეთის გაყიდვის კანონიერებაში გარკვევას ითხოვდნენ.
გაზეთი „ალიონი“ რამდენიმე დღის განმავლობაში იკვლევდა „ჩირეს“ მიწების თემას, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტი დაკარგული ან განადგურებული აღმოჩნდა. ოზურგეთის სახელმწიფო არქივში არ აღმოჩნდა არც სოფლის ყრილობის ოქმი, რომელშიც სოფელ შრომისა და ხრიალეთის სკოლებისათვის მიწის ნაკვეთების გადაცემა უნდა იყოს რეგისტრირებული და არც 2004 წლის სოფლის საკრებულოს გადაწყვეტილებები, სადაც სკოლის მიწის ფართობზე იმსჯელეს.
2004 წლის 4 იანვარს ოზურგეთის რაიონის, შრომის თემის გამგეობის სხდომა გაიმართა (ოქმი #1, 4 იანვარი, 2004 წ.) სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: ზურაბ მჟავანაძე, ზურაბ ხომერიკი, ბადრი ხომერიკი, რაინდი ხომერიკი, კაკო ქადეიშვილი, ირაკლი ხომერიკი, გივი მამფორია; საკრებულოს წევრები: ოტია ხომერიკი, სლავა ჩხაიძე, ჯუმბერ ქურცუა, სერგო ვაშაყმაძე.
სხდომაზე მოისმინეს შრომის საშუალო სკოლის დრექტორის და ხრიალეთის არასრული საშუალო სკოლის დირექტორების ზ. ხომერიკისა და რ. ჩხაიძის ინფორმაცია სკოლების ზღვისპირა ნაკვეთების გაფორმებასთან დაკავშირებით.
აზრი გამოთქვეს: ზ. მჟავანაძემ, რ. ხომერიკმა, გ. მამფორიამ.
დაადგინეს: გაუფორმდეს შრომის საშუალო სკოლას 2 ჰექტარი და ხრიალეთის არასრულ საშუალო სკოლას 0,5 ჰექტარი მიწის ფართობი ზღვისპირა ტერიტორიაზე. აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მიემართოს შესაბამის სამსახურებს...
2016 წელს დასახელებული მიწის ნაკვეთი ჩირეში, ეკონომიკის სამინისტრომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცა.
2017 წლის 28 ივლისს ჩატარდა ოზურგეთის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა, რომელსაც აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე, სოფელ შრომის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭაკნელიძე უძღვებოდა. კომისიის გადაწყვეტილებით „ჩირეს“ ტერიტორიაზე მდებარე 18350 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შეეტანათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საპრივატიზაციო ობიექტების და გამოუსადეგარი უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად.
2017 წლის 1 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს საკითხი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარი ქონების საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ.“ მომდევნო დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც კვლავ განიხილეს აღნიშნული საკითხი და 28 დეპუტატის ხმით დაამტკიცეს და მიიღეს შესაბამისი დადგენილება.
ამის შემდეგ გაზეთ „ალიონში“ გამოქვეყნდა განცხადება აუქციონის შესახებ, სადაც სხვა მიწის ფართობებთან ერთად შეტანილი იყო ე.წ. „ჩირეს“18 360 კვ. მეტრი მიწის ფართობი.(საკადასტრო კოდი 26.34.01.244). მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და პრივატიზაციის განყოფილების უფროსის მალხაზ გორგოშიძის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ 2016 წელს გადასცა მუნიციპალიტეტის აღნიშნული ფართობი.
_ეს იყო დაურეგისტრირებული მიწის ფართობი, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაარეგისტრირა თავისუფალ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად და გასაყიდად გაიტანა აუქციონზე. გასაყიდი ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე შეუფარდა 0,50 ლარი. აღნიშნული ფართობის ყიდვის სურვილი გამოთქვა 2 პიროვნებამ. აუქციონი 10 ნოემბერს გაიმართა. მიწის მესაკუთრე სოფელ შემოქმედში მცხოვრები ლაშა მგელაძე გახდა, რომელმაც დაახლოებით 9 ათასზე მეტი შეიტანა ბიუჯეტში. _გვითხრა გორგოშიძემ.
რუსუდან ცეცხლაძე, სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექტორი: _ „ჩირეში“ 2 ჰექტარი მიწის ფართობი სკოლას 1994 წელს გადაეცა. მაშინ სამინისტრო რეკომენდაციას აძლევდა ადგილობრივ მმართველობას დახმარებოდა სკოლებს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად გადაეცათ მიწის ფართობები. ჯუმბერ ქურცუა ნამდვილად გულისხმიერი პიროვნებაა. მისი ინიციატივით გადაეცა ჩვენს და ხრიალეთის არასრულ საშუალო სკოლას „ჩირეში“ მიწის ნაკვეთები, სადაც პედაგოგები თესავდნენ სიმინდს, მოჰყავდათ ბოსტნეული (მეც მათ გვერდით ვიყავი). აქვე იყო მოსწავლეთა საზფხულო ბანაკიც.
დღეიდან პედაგოგები ვიწყებთ ბრძოლას ნაკვეთის დასაბრუნებლად. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს შევხდით და ვთხოვეთ დახმარება. ჯუმბერ ქურცუა, სოფელ შრომის თემის ყოფილი გამგებელი: _ მიწების პრივატიზების პროცესის მიმდინარეობისას, სოფელ შრომის გამგებელი ვიყავი. 1994 წელს მოვიდა მთავრობის რეკომენდაცია, რომ სოფლების გამგეობები დახმარებოდა სკოლებს და სამედიცინო დაწესებულებებს და გადაეცათ მათთვის მიწის ფართობები. სოფლის ყრილობაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოფელ შრომის საშუალო და ხრიალეთის არასრული საშუალო სკოლებისთვის გადაგვეცა მიწის ფართობები. ყრილობის ოქმი რეგისტრირებულია სოფლის ზონაგრაყრილ წიგნში (თუკი დღეს არსებობს). ამ ფართობთან ახლოს ბადრი პარარკაცისშვილის რეზიდენცია აშენდა. წლების მანძილზე მიდიოდნენ „ჩირეში“ პედაგოგები, მათი ოჯახის წევრები და მოსავალი მოჰყავდათ. შემდეგ უნდოდათ პედაგოგებისთვის დაერიგებიათ 300-300 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. ვერ მივაღწიეთ, ხელისუფლება არ დაეხმარა სოფელს ამ პრობლემის მოგვარებაში. ხან რას გვეუბნებოდენ მიზეზად და ხან რას.
ძალიან არასწორია, რომ ასე ჩუმად, შერჩეულ დროს წაართვეს შრომის სკოლას მიწის ფართობი. ვიცი, ჯერ-ჯერობით არ გაყიდულა ხრიალეთის სკოლის მიწის ფართობი, თუმცა როგორც პედაგოგები ამბობენ, გამზადებულია გასაყიდად. ზურაბ მჟავანაძე, სოფელ შრომის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი გამგებელი:
_სოფელს ურეკსა და ყვავილნარს შორის, ე.წ. „ჩირეში“ ჰქონდა 70 ჰექტარი მიწის ფართობი, საიდანაც 23 ჰექტარი, უშუალოდ ზღვისპირა ზოლი, ფიჭვნარი შემდეგ ბადრი პატარკაციშვილს გადაეცა, სადაც მან სახლი ააშენა(ახლა ოთარ დაბრუნდაშვილის სახელზეა), ხოლო დანარჩენ ფართობზე მოწყობილი იყო სოფლის სანერგე მეურნეობა (გამოჰყავდათ ციტრუსის ნერგები), იყენებდნენ საყანედ, ხოლო ის ფართობები, რომლებიც არ გამოდგებოდა სავარგულად, სატბორე მეურნეობა იყო მოწყობილი „ჩირეს“ ფართობები სუფსის ტერმინალის მისადგომებამდე გრძელდებოდა.
1994 წელს გაიმართა სოფელ შრომის მოსახლეობის ყრილობა, რომელსაც მეც ვესწრებოდი. სოფლის გამგებელი იყო ჯუმბერ დუნდუა, ხოლო სასოფლო კოოპერატივის თავმჯდომარე გივი ხომერიკი. ყრილობაზე, სხვა საკითხებთან ერთად სკოლისათვის „ჩირეში“ მიწის ფართობების საკითხიც განიხილეს. სოფელ შრომის სასუალო და ხრიალეთის არასრულ საშუალო სკოლას გადასცეს მიწის ნაკვეთები.
1998 წლის 15 დეკემბერს სოფლის გამგებლად დავინიშნე, ხოლო იმქვე წლის 31 დეკემბერს მიწის რეფორმა დამთავრდა. ჩემი სოფლის გამგებლად, შემდეგ სოფლის საკრებულოს თავმჯდომარე, 2006 წლიდან სოფლის თვითმმართველობის გაუქმების შემდეგ კვლავ გამგებლად 2011 წლის 11 თებერვლამდე. ამ პერიოდში სკოლის პედაგოგები ამუშავებდნენ აღნიშნულ მიწებს, მოჰყავდათ სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული. ჩემი დასახელებულ თანამდებობებზე მუშაობისას რეგიონში 7 გუბერნატორი და ოზურგეთში 6 გამგებელი შეიცვალა. ყველამ იცოდა, რომ ეს „ჩირეში“ სოფლის 2 სკოლას ჰქონდა მიწის ნაკვეთი და არასდროს არ დასმულა მათი გასხვისების საკითხი. 2002 წელს დადგა სკოლის მიწების გაფორმების საკითხი. საშუალო სკოლის დირექტორ ზურაბ ხომერიკთან მქონდა საუბარი, რომ მიწების გადმოცემაზე გაეფორმებინათ უზურფრუქტით. თუ რატომ არ მოხერხდა დასახელებული დოკუმენტის გაფორმება არ ვიცი. სამწუხაროდ ზურაბ ხომერიკი გარდაიცვალა. დღეს ვხედავ, რომ გაუყიდიათ მიწის ნაკვეთი. შემოქმედელ კაცს უყიდია 9 ათას ლარად.
ჩემთვის ეს ძალიან სასაცილო ფაქტია.
_რატომ ბატონო ზურაბ...
_
აღნიშნულ ტერიტორიის მიდამოებში კერძო მესაკუთრეებმა მიწის ფართობები კვადრატული მეტრი ზოგმა 30 დოლარად, ზოგმა 40, ზოგმა კი _45 დოლარად გაყიდა. უბრალო ფაქტს გეტყვით. იცით, რომ შენდება სამტრედია-გრიგოლეთი- ურეკი-ქობულეთის ახალი ავტომაგისტრალი. მაგისტრალი „ჩირეს“ ტერიტორიაზე 500 მეტრით სიღრმეში გაივლის დასახელებული ფართობიდან. სახელმწიფო ერთ კვადრატულ მეტრს მიწის ფართობი 22 ლარად შეიძინა. მეც მქონდა მიწის ფართობი „შუატყეს“ უძახიან. დაჭაობებული ადგილია. სახელმწიფომ 30 ლარად შეიძინა კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, ხოლო კაპრუანში 40 ლარს იხდიან. ამას გარდა ცალკე კომპენსაციას იხდიან ნარგავებზეც. ზრდასრული ნარგავი 1000 ლარადაა შეფასებული.ამიტომ, თუ რატომ გაიყიდა 9 000 ლარად, დასკვნები მკითხველმა გააკეთოს.
_ბატონო ზურაბ, რამ განაპირობა სკოლის ნაკვეთების თემა სოფლის გამგეობის სხდომაზე გაგეხილათ..
_არა მარტო გამგეობაზე, საკრებულოს სხდომაზეცაა განხილული საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ საკრებულოს ოქმი არქივში არ აღმოჩნდა. ვერც ყრილობის ოქმი ინახა. ადრე ვნახე საკომლო წიგნი, მაგრამ ძალზე იყო დაზიანებული... მაყვალა დარჩია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი წარმომადგენელი სოფელ შრომაში: _იმ დროს, როცა სოფლის სკოლებს მიწის ნაკვეთები გადაეცა „ჩირეში,“ ხრიალეთის არასრული საშუალო სკოლის დირექტორი ვიყავი. სამინისტროს დირექტივა იყო, სკოლებისათვის გადაეცათ მიწის ფართობები, სადაც პედაგოგები დათესავდნენ სიმინდს, ბოსტნეულს მოიყვანდნენ. ურეკში, გრიგოლეთის მიმართულებით, ტერმინალის მოპირდაპირე მხარეს, „ჩირეში“ გადმოსცეს ჩვენს სკოლას 0,5 ჰექტარი მიწის ფართობი, ზღვიდან 500-600 მეტრში. ფართობი სარგებლობის უფლებით იყო გადმოცემული, არ დაუკანონებიათ. არანაირი საბუთი ვერ იპოვეს, ვერც ყრილობის ოქმი. 0,5 ჰექტარი მიწის ფართობს 12 პედაგოგი ამუშავებდა. ერთ წელს ისარგებლეს, შემდეგ არ უსარგებლიათ. სოფლის ხელმძღვანელები იყვნენ ჯუმბერ ქურცუა, ჯუმბერ ჭკუასელი, ზურაბ მჟავანაძე. მათ აღნიშნული მიწების პრივატიზება ვერ გააკეთეს. ამას ემატებოდა უთანხმოება პედაგოგებს შორის. ამიტომ სკოლის დირექტორმა ზურაბ ხომერიკმა შეწყვიტა ამ მიწების გაფორმებზე ზრუნვა. 2006 წელს ის მიწები, რომლებიც არ იყო პრივატიზებული, ან უზურფრუქტის ფორმით გადაცემული, გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. 2013 წელს მთხოვა ხრიალეთის სკოლამ დახმარება, მითხრეს ჰქონდათ პედსაბჭოს ოქმი. ხრიალეთის სკოლის მიწა არ გასულა აუქციონზე. ხოლო შრომის საჯარო სკოლის 1,8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს გადასცა, ხოლო მუნიციპალიტეტმა მიწა, რომელიც არასდროს არ ყოფილა სკოლის საკუთრება, აუქციონზე გაიყიდა ყველა წესების დაცვით.
აუქციონი შარშან, ნოემბერში ჩატარდა. მე ამ დროს შვებულებაში ვიყავი. .. სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, წინა მოწვევის საკრებულოს საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დავით ჭაკნელიძე ქალბატონ მაყვალა დარჩიასთან საუბარს ესწრებოდა. მან „ალიონთან“ განაცხადა, რომ პრივატიზაციის პროცესი 2006 წელს საბოლოოდ დასრულდა პრივატიზაციის გარეშე დარჩენილი მიწის ფართობები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. მხოლოდ გადმოცემით ვიცი (საბუთი ვერ მოვიპოვეთ) რომ სკოლას ეს მიწები გადასცეს სარგებლობის უფლებით. ლეგალიზაციის პროცესში იყო შეუთანხმებლობა პედაგოგებს შორის, თუ ვისზე როგორ უნდა განაწილებულიყო მიწის ფართობი. ამიტომ ვერ მოხდა ამ მიწების მათთვის დაკანონება. ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენ გადმოგვცა ეს ფართობი, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. გამოცხადდა აუქციონი და კანონის სრული დაცვით გაიყიდა ეს მიწა. ვწუხვარ, მაგრამ ასე მოხდა.
გურიის გუბერნატორის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი, რომელიც მიწის აუქციონზე გატანისას მუნიციპალიტეტის გემგებლის მოვალეობას ასრულებდა, ამბობს, რომ მიწის აუქციონზე გატანა კანონის სრული დაცვით მოხდა.
მიწის ამჟამინდელმა მფლობელი ლაშა მგელაძე კი „ალიონთან“ მცირე კომენტარით შემოიფარგლა:
_მიწა აუქციონზე როცა შევიძინე არ იყო სადაო. სხვებმაც დამირეკეს, იგინს გავეცი პასუხი. არ მაინტერესებს...
შრომის სკოლის პედაგოგები სარჩელს ამზადებდნენ სასამარ₾ოში შესატანად.
-