გულახდილი საუბარი კაცთან, რომელსაც `პირიდან თაფლი სდის~

დამატებულია: 2018-03-15
picture1

`ღმერთმა ადამიანს ყველაზე დიდი განძი სიცოცხლე აჩუქა, მე ბედნიერი ვარ, რომ ძირძველი გურული და თანაც ასკანელი ვარ~, _ ასე დაიწყო ჩემთან საუბარი მიხეილ შავიშვილის სახელობის ვოკალური ანსამბლის `შვიდკაცას~ სოლისტ-მომღერალმა, `ნიჭიერის~ ფინალისტმა ლევან ნინიძემ, რომელიც გაზაფხულის ამ მშვენიერ თვეშია დაბადებული და, მიუხედავად ასაკის წამოპარვისა, ჩვენში რომ იტყვიან, `ბიჭივით გამოიყურება~.

_ ლევან შენი ახალგაზრდული იერის საიდუმლო გამანდე.

_ ჯიში, ძამიკო, ჯიში, შრომა, სიყვარული და სიმღერა. თუმცა, შენც ჩემი ჯიშის არ ხარ? (ლევანის ბებია ალექსანდრა და ჩემი ბებია სონა დები იყვნენ. ბ. ო.). ცხონებულმა მამაჩემმა გიორგიმ, რომელსაც ძალიან უყვარდა ტაშ-ფანდურა და სტუმარი, ამ ტრადიციებზე გაგვზარდა და დღემდე ასე მოვდივართ უფლის წყალობით. ჩემი ძმა თედო და მე ბევრჯერ გამოვსულვართ კონცერტებზე ფართო აუდიტორიის წინაშე. თედო არაჩვეულებრივი მგზნებარებით კითხულობდა ვაჟას, გალაკტიონის და სხვა ქართველი პოეტების ლექსებს, მე კი ვმღეროდი. თედო წლების მანძილზე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი, არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მე დავამთავრე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და დღემდე ვარ წარმატებული მეთაფლე-მეფუტკრე (იცინის).

_ სიმღერის ნიჭი საიდან მოდის?

_ ჩემი ნათესაობა _ სიამაშვილები, მახარაძეები ყველა მღერის; ჩემი ბიძაშვილი ზურიკო ერქომაიშვილიც `შვიდკაცას~ სოლისტი იყო; ბიძაჩემი, საქართველოს სახალხო არტისტი ავთო მახარაძე შესანიშნავი ტენორია, მღერიან ჩემი ბიჭები _ ექიმი გივი და ენერგეტიკოსი ილია.

_ `შვიდკაცაში~ როგორ მოხვდი?

_ 1978 წელს ცხონებულმა მიშა შავიშვილმა, ყოველგვარი ქასტინგისა და შემოწმების გარეშე, ჩამრიცხა `შვიდკაცას~ ძირითად შემადგენლობაში. მე მისი დიდი მადლობელი ვარ, ადამიანმა არასოდეს არ უნდა დაკარგოს მადლიერების გრძნობა, ბატონი მიშას დამსახურებაა, რომ სიმღერებით მოვიარე მთელი ევროპა და ნახევარი მსოფლიო, უცხოელებს გავაცანით მადლიანი ქართული სიმღერები და გურული ფოლკლორი. უკვე 40 წელია, ანსამბლ `შვიდკაცას~ სოლისტი ვარ. ანსამბლი ჩემი მეორე ოჯახია, მისი წევრებიდან, ანუ ჩემი მეგობრებიდან იმდენი სითბო და სიყვარული მივიღე, რომ მთელი ცხოვრება მათ ვალში ვარ და მათდამი სიყვარული იქაც თან წამყვება (იცინის). მაგრამ დიდი ტკივილია ჩემთვის, რომ იმდროინდელი `შვიდკაცას~ მომღერლებიდან ბევრი ცოცხალი აღარ დარჩა, გულისტკივილით მინდა მოვიგონო: თვით ბატონი მიხეილ შავიშვილი, ჰამლეტ დოლიძე, თეზიკო ქილიფთარი, ამირან ბაბილოძე, ზაურ ჯანიაშვილი, თანდულა ნაცვალაძე, ზურაბ გადახაბაძე, ზაურ ბოლქვაძე, გელა ცელაძე, სერგო ქარჩილაძე, ილია ჯინჭარაძე და სულ ახლახან გარდაცვლილი, შეუდარებელი მოკრიმანჭულე რეზო მახარაძე. ისინი მხოლოდ ჩემი კი არა, ყველას ტკივილია, ვისაც ქართული სიმღერა უყვარს.

ცხოვრება გრძელდება და არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი პარტნიორები, ჩემი ძმაკაცები: ტრისტან სიხარულიძე, ამირან გოლიაძე, ალიკა ბურჭულაძე, გელა ლომჯარია, თენგიზ გოლიაძე, კობა მეფარიშვილი, ილუშა ინწკირველი, დათო ქავჟარაძე, ვალერი კალანდაძე, ნიკო გოგოტიშვილი. ეს ის ხალხია, ვისთანაც სულ ერთად ვარ ლხინსა და ჭირში.

_ რას გაიხსენებ უცხოური ტურნედან?

_ აღარ მახსოვს, რომელი წელი იყო, მგონი 1985, დედაჩემმა `პაესტკაში~ ღორის ჯორჯლის კუპატები და კიტრის მწნილი გამატანა, დაგვაბინავეს ბელგიაში სასტუმროს ძვირფას ნომერში და მოგვართვეს ნამცხვარი და ყავა, თანდულა ნაცვალაძემ პროტესტი გამოთქვა: `როის იყო ყავით და ნამცხვრით ნამგზავრი კაცი ნაყრდებოდაო~. ამოვიღე დედაჩემის გამოტანებული კუპატები და სასტუმროს სამზარეულოში ავაშიშხინეთ, ისეთი სუნი დადგა, მთელი სასტუმრო გვეუბნებოდა: თუ ისე გემრიელად მღერით, როგორი საჭმელიც გაქვთ, ყოჩაღ თქვენო (იცინის).

_ მახსოვს, ჩემს ბავშვობაში `შვიდკაცას~ ყოველი გამოსვლა იყო ზეიმი, მაყურებელი სპეციალურად დადიოდა თეატრში, რომ ენახათ თქვენი კონცერტები. დღეს იმ დონის მაყურებელს ვერ ვხედავ. რა ხდება?

_ კომპიუტერიზაციამ, ინტერნეტმა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პირობებმა მოიტანა ის, რომ არა მხოლოდ ჩვენთან არამედ თეატრსა და სტადიონზეც ძველებურად აღარ დადის ხალხი. თუმცა, ოზურგეთის თეატრს, რაც სამხატვრო ხელმძღვანელად ბატონი ვასო ჩიგოგიძე დაუნიშნეს, მაყურებელი შემოუბრუნდა. ასეა ჩვენთანაც, გვყავს შესანიშნავი ხელმძღვანელები, ბატონები ტრისტან სიხარულიძე და ამირან გოლიაძე, გაიზარდა რეპერტუარი, ვმღერით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებს.

ერთი ამბავი უნდა გითხრა მაყურებელზე: მეორე მსოფლიო ომის დროს, ალყაშემორტყმული დამშეული და გათოშილი ლენინგრადელები, მათზე გაცემულ 300 გრამ პურს ყიდდნენ, რომ შეეძინათ ბილეთები, დანგრეულ კლუბებში ენახათ და მოესმინათ მშიერი ხალხით შეკოწიწებული სიმფონიური ორკესტრების კონცერტები, მოესმინათ ბეთჰოვენი, ვაგნერი, ბენდელა, შტრაუსი. აი, ვინ იყვნენ ნამდვილი მაყურებლები. ებრძოდნენ გერმანიას და გერმანელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს აღიქვამდნენ, როგორც ღვთის ბოძებულ საჩუქარს. დღეს კი გამოვა ვიღაც ვიგინდარა და გეტყვის `რა მეკონცერტება, ძამა, შიმშილით კუჭი მიხმებაო~. თუმცა, ვერ გაამტყუნებ, ყველას თავისი აზრი აქვს.

_ რა მოგცათ `ნიჭიერმა~? _ ჩემთვის `ნიჭიერის~ ფინალისტის სტატუსი, უპირველეს ყოვლისა, იმას ნიშნავს, რომ გურია, ჩემი ასკანა წარმოვადგინე ფილარმონიის სცენაზე, რაც ჩემთვის საოცრად საამაყო და საპასუხისმგებლოა. ძალიან მიხარია, რომ `ნიჭიერის~ ფინალისტი ვიყავი.

_ როცა გიყურებდი ტელეეკრანზე, ფილარმონიის სცენაზე ცოტა დაბნეულივით ჩანდი.

_ სად არ მიმღერია, მსოფლიოს გამოჩენილ სცენებსა თუ ესტრადებზე, მაგრამ ფილარმონიაში დაბნეულივით კი არა, მთლად დაბნეული ვიყავი, არადა, არც პროჟექტორებისა და არც მაყურებლის შიში საერთოდ არ მაქვს. იქ რა დამემართა, არ ვიცი, მაგრამ საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ჩახუტება-გამხნევებამ ყველა შიში მომიხსნა, დიდი მადლობა ამისათვის ქალბატონ მაკას.

_ `ნიჭიერმა~ პოპულარობა მოგიტანა?

_ ძალიან პოპულარული გავხდი, საამაყო და სასიხარულოა, რომ სრულიად უცნობი ქუჩაში გაგაჩერებს, მოგიკითხავს და დაგლოცავს. არ მეგონა თუ ასეთი ცნობადი გავხდებოდი. _ შენი ხვალინდელი დღე.

_ ჩემი ხვალინდელი დღე ჩემი შვილები და შვილიშვილებია. მეამაყება, რომ ძალიან პატიოსანი ოჯახი მაქვს, სადაც სტუმარი უყვართ და ყველას მხარში უდგანან.

_ გეგმები?

_ გვინდა ანსამბლ `შვიდკაცას~ კონცერტი გავმართოთ, სადაც მოვიგონებთ იმქვეყნად წასულთ და მოვეფერებით ჩვენს საყვარელ მაყურებელს. მიდის ინტენსიური რეპეტიციები, ალბათ, ამ შემოდგომაზე გვექნება ზეიმი.

_ დიდი მადლობა და ბოლოს, ჩემო ლევან, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მინდა მოგეფერო, მოგილოცო დაბადების დღე. ცხოვრების გზა, რომელიც დღემდე გაგივლია, სიკეთით, შრომითა და მოყვასისადმი სიყვარულით არის გამსჭვალული. სხვანაირად არც შეიძლება იცხოვროს თალიკო მახარაძის და გიორგი ნინიძის შვილმა.

მიხარია, რომ შენი ნიჭიერებით განსაკუთრებული ამაგი დასდე ჩვენს გურიას და გურულებს, რისთვისაც უღრმეს მადლობას გიძღვნის ხელოვანი ხალხი. კიდევ ერთხელ გილოცავ! იყავი მხნედ, იმღერე ბევრი, იძმაკაცე შენს მეგობარ ფუტკრებთან. ღმერთმა დალოცოს შენი შემოქმედება და ოჯახი.

ავტორი: ავტორი ბახუტა ოთხმეზური.;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.