ინციდენტი, რომელიც კინაღამ ტრაგედიით დამთავრდა

დამატებულია: 2018-03-16
picture1

ოზურგეთში ქალმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წინ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 14 მარტს ქალაქ ოზურგეთში, სესხის გამო საშუალო ასაკის ქალმა მ. შ-მ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, მისი გადარჩენა კი გამვლელებმა და პოლიციელებმა შეძლეს, თვითმხილველები ადასტურებენ, ოღონდ ეს ინციდენტი მოხდა არა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე (წულაძის ქუჩა), როგორც ეს მედიასაშუალების ნიუსებშია აღნიშნული, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი +“-ის წინ (თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისში). იმავე თვითმხილველთა თქმით, გამვლელებსა და პოლიციას რომ არ ემარჯვა, ტრაგედია დატრიალდებოდა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე შეექმნებოდა არა მხოლოდ ხსენებულ ქალბატონს, არამედ კრედიტსერვისის თანამშრომლებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს.

შ. მ. გადაყვანილ იქნა „მედალფას“ კლინიკაში. ექიმების თქმით, პაცინტს ჰქონდა მძიმე ნერვული სტრესი, არ ჰქონია ფიზიკური დაზიანება.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „ალიონის“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, მ. შ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დაბის მკვიდრია. ჰყავს, ორი ვაჟი, რომელთაგან ერთი შრომისუუნაროა ასევე ჰყავს რძლები, შვილიშვილები. ოჯახს, რომელიც ათი წევრისაგან შედგება, რამდენჯერმე აქვს მიღებული დახმარება სახელმწიფოსგან, როგორც რამაზ ნიკოლაიშვილის გუბერნატორობის დროს, ისე შემდგომ პერიოდებში იღებს საარსებო შემწეობას. ოჯახის მფლობელობაშია თხილით გაშენებული მიწის ნაკვეთები, ასევე იაპონური წარმოების საკუთარი მიკროავტობუსი, რომელიც 8 კაცს იტევს.

მ. შ. ოზურგეთის აგრარულ ბაზარში, მაღაზიაში საქმიანობს. გასულ პარასკევს, 16 მარტს აქ მხოლოდ მისი ორი შვილიშვილი დამხვდა. როგორც მითხრეს, მათი ბებია ჯანმრთელობას არ უჩივის და რამდენიმე დღეში გამოვა სამსახურში, როცა გაიგეს, რომ რედაქციიდან ვიყავი, ბაზრის წინ ერთ-ერთ მაღაზიაში მოვაჭრე ქალბატონს შემახვედრეს, უფრო ზუსტად გეტყვით ყველაფერსო. ქალბატონმა მითხრა, რომ მ. შ-ს ბანკის ყოველდღიური ვალი ჰქონდა გადასახდელი, ვერ იხდიდა, ბანკმა შეღავათი არ გაუწია და მ.შ-ს თავდებს ქონება დაუყადაღა. ამის გამო მოხდა, რაც მოხდა, - მითხრა ახალგაზრდა ქალბატონმა და მირჩია ზ. შ-ს დავლოდებოდი, რომელიც ორშაბათს, 19 მარტს გამოვიდოდა სამუშაოდ.

„კრედიტსერვისი+“-ის რეგიონულმა მენეჯერმა მანუჩარ მელაძემ, რომელიც აშკარად შეწუხებული იყო მომხდარის გამო, დამიდასტურა, რომ ქალბატონი მ.შ ნამდვილად არის ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კლიენტი:

„გაოგნებული ვარ და ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა ასე მოულოდნელად. კი, ეს ქალბატონი ჩვენი ორგანიზაციის კლიენტია. მინდა იცოდეთ, რომ ნამდვილად არა ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენს კლიენტებს პრობლემები შეექმნათ. რახან სადავო საკითხია, ტელეფონის ნომერს მოგცემთ და უმჯობესია, ჩვენს ადვოკატს ცოტნე ცანავას დაუკავშირდეთ თბილისში.“

ცოტნე ცანავამ სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ამ ქალბატონსა და „კრედიტსერვისი+“-სს შორის, სასესხო ურთიერთობის გამო, სასამართლო დავა მიმდინარეობს:

„ამ ქალბატონსა და „კრედიტსერვისი +“-სს შორის, სასესხო ურთიერთობის გამო, სასამართლო დავა მიმდინარეობს და პროცესის დამთავრებამდე კონკრეტულად ბევრს ვერაფერს გეტყვით. შემიძლია გითხრათ, რომ ქალბატონთან საკონსულტაციო საუბარი ჰქონდა ჩვენს შესაბამის სამსახურს. კარგია, რომ ინციდენტი მშვიდობიანად დამთავრდა ძნელი სათქმელია, რა იყო ამ ქალბატონის ასეთი ქმედების მიზანი, მაგრამ ასეთი დავების 80 პროცენტი ჩვენთან მთავრდება მორიგებით, რომლის მიხედვით კლიენტს ეძლევა დავალიანების თანდათანობით დაფარვის შესაძლებლობა. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“.

„კრედიტსერვისი +“ საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 18 წელია ფუნქციონირებს. ოზურგეთში მისი რეგიონული ფილიალი კი შარშან ამოქმედდა.

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.