უნიკალური მოვლენა, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ
ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო რეგიონებში განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას. ამ მიზნით, 29 მარტს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და მისი მოადგილე ლაშა ხუციშვილი ქალაქ ოზურგეთში, კოლეჯ `პორიზონტის~ სააქტო დარბაზში ადგილობრივ მცირე მეწარმეებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის შემოღებას, რომელიც შეეხება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს. ახალი ისიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა შემოსავალი სათითაოდ წლის განმავლობაში 500 ათას ლარამდე იქნება, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით.
ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭვირვალობას, რაც ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს, უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე.
ფინანსთა მინისტრის თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი რეფორმა საგადასახადო სისტემაში, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გატარებულა, რომელიც, როგორც უნიკალური მოვლენა, მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. მამუკა ბახტაძე: `საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი _ ეს არის სიღარიბე, რომელიც ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ. თუ სიღარიბეს ვერ დავამარცხებთ, ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ვერც ერთ ასპექტში ვერ ვიქნებით წარმატებული. გასული წლის მონაცემებით, ჩვენი მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი ცხოვრობს სიღარიბეში და თითოეული ჩვენი ეკონომიკური ინიციატივა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე. ჩვენი ინიციატივაც სწორედ ამ მიზნით განხორციელდა.
ჩვენს ეკონომიკაში ჩვენ გვაქვს რამდენიმე ნეგატიური ფაქტორი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნეგატივი, ჩემი შეფასებით, არის ის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში არის ძალიან პატარა. თქვენ თუ გადახედავთ წარმატებული ეკონომიკის მაგალითებს, დაინახავთ, რომ ჩვენ ძალიან ჩამოვრჩებით. შესაბამისად, სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევის მარტივი და ყველაზე ეფექტური ფორმულა _ ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად წაგვეხალისებინა მცირე და საშუალო მეწარმეობა საქართველოში და როგორც შედეგი, მიგვეღო ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება მოსახლეობის ყველა ფენას, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს.
აღნიშნული რეფორმის შედეგად ამ შეღავათით ისარგებლებს 120 ათასზე მეტი ინდმეწარმე, ჩვენი 120 ათასი მოქალაქე, მარტოკა მდომი ოჯახები და ის ადამიანები, ვინც მათ ასაქმებენ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი რეფორმა საგადასახადო სისტემაში, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გატარებულა, რომელიც, როგორც უნიკალური მოვლენა, მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.
არ გვაქვს ილუზია, რომ მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად დავამარცხებთ სიღარიბეს. ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად და ბარიერად არსებობს დღეს ის გარემოება, რომ შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო, ბიზნესი ვერ ახერხებს თავისი საქმიანობის გაფართოებას, გაფართოება კიდევ კარგი ვარიანტია, საქმიანობის დაწყებასაც კი ხშირ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ რეფორმას მოყვება კიდევ უფრო მასშტაბური ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან სასტარტო კაპიტალის უზრუნველყოფას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონულ განვითარებაზე, იმიტომ, რომ კიდევ ერთი დიდი ნეგატივი, რაც ჩვენს ეკონომიკაში შეინიშნება, არის ის, რომ ჩვენ მივიღეთ თავკომბალა ეკონომიკური სისტემა, სადაც ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილი მოდის დედაქალაქზე. გვჭირდება უფრო თანაბარი განვითარება, სადაც რეგიონში და რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებას ექნება პრიორიტეტი. შესაბამისად, სასტარტო კაპიტალზე წვდომის რეფორმაში გვექნება ორი პრიორიტეტი: პირველი _ მივცეთ სასტარტო კაპიტალი მცირე და საშუალო მეწარმეებს და მეორე _ ფოკუსი გავაკეთოთ რეგიონულ განვითარებაზე. აღნიშნული რეფორმაც ძალიან მოკლე ვადებში დაანონსდება.
ახლა კი, ნება მიბოძეთ ჩამოგითვალოთ ის ძირითადი პრინციპები, რასაც ეფუძნება ახალი საგადასახადო ინიციატივა:
_ გადასახადებს მცირე მეწარმეებისათვის შევამცირებთ ხუთჯერ, არსებული 5-პროცენტიანი განაკვეთიდან ჩამოვალთ სიმბოლურ ერთ პროცენტზე;
_ გავზრდით მცირე მეწარმეობის ზღვარს ხუთჯერ, არსებული 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე და ფაქტობრივად საქართველოში თავისი საქმიანობით დაკავებული ყველა ინდმეწარმე ისარგებლებს ამ შეღავათით;
_ გავაუქმებთ წინასწარი გადახდების სისტემას. დღეს, მოგეხსენებათ, რომ ავანსების რეჟიმში წინასწარ იხდიან მეწარმეები გადასახადებს, საავანსო გადასახადები გაუქმდება და მხოლოდ საგადასახადო პერიოდის ბოლოს გადაიხდის მეწარმე თავის ერთპროცენტიან გადასახადს; _ ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად ჩამოვაშოროთ ბიუროკრატია ბიზნესს, აქედან გამომდინარე, კომპლექსური ბუღალტერიის წარმოება აღარ იქნება სავალდებულო, ბუღალტრული გატარებების კეთება, ამორტიზაციები, ცვეთების დარიცხვა და ა. შ. ჩვენ ამ ყველაფერს ვაუქმებთ, იქნება ძალიან მარტივი ფორმა;
_ ახალი ინიციატივის მიხედვით, მეწარმეებს ექნებათ საშუალება, რომ დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებადაც და ამავე დროს შეინარჩუნონ მცირე მეწარმის სტატუსი, ანუ გადაიხადონ ერთპროცენტიანი გადასახადი. დღეს არსებული მოდელის მიხედვით, როგორც თქვენ იცით, როდესაც ადამიანი გამოწერს ანგარიშფაქტურას, მას ავტომატურად უუქმდება მცირე მეწარმის სტატუსი. ახალი ინიციატივის მიხედვით, ადამიანი შეიძლება იყოს მცირე მეწარმის სტატუსის მქონე, ანუ გადაიხადოს მხოლოდ ერთი პროცენტი და ამავე დროს გამოწეროს დღგ-ს ანგარიშფაქტურა.
ეს არის მართლაც უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო საგადასადო პრაქტიკაში, რომლის მიზანი არის, _ კიდევ ერთხელ განვმეორდები, _ ერთხელ დასამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე საქართველოში. ეს რეფორმა, სხვა რეფორმებთან ერთად და, რა თქმა უნდა მცირე მეწარმეების ჩართულობა გახდება იმისი წინაპირობა, რომ საქართველოში მივიღოთ სრულიად ახალი, გაჯანსაღებული ეკონომიკური სტრუქტურა. დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, - ბუნებრივია, ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან მყიფე, _ ბიუჯეტის დაახლოებით 50 პროცენტი ფორმირდება 300-ზე მეტი ორგანიზაციიდან მიღებული შემოსავლებით. ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ ვერ ვხედავთ ტენდენციებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ხდება მსხვილი და რეგისტრირდება სრულ გადამხდელად. შესაბამისად, აღნიშნულ რეფორმას აქვს არა მარტო ეკონომიკური, არამედ სოციალური ხასიათიც~.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები უკვე განიხილება საპარლამენტო კომიტეტებში.
შეხვედრის დასასრულს დარბაზიდან წამოსული ნაკლები შეკითხვები, ჩვენი აზრით, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ გურულმა მეწარმეებმა ახალი ინიციატივისადმი ნაკლები ინტერესი გამოიჩინეს. საქმე ისაა, რომ ამ თემაზე საზოგადოება უკვე საკმაოდ იყო ინფორმირებული არჩილ თალაკვაძისგან, რომელიც გასულ კვირაში, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოების თანდასწრებით, შეხვდა მცირე მეწარმეებს, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ახალ საგადასახადო ინიციატივაზე საუბრისას, დაანონსა ამ საკითხზე ოზურგეთში ფინანსთა მინისტრის ჩამობრძანება.
შეხვედრას, მეწარმეებთან ერთად, დაესწრნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და რეგიონში შემავალი სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. სურათებით.