ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს და კომუნიკაციებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ძლიერი ქარი დღის მეორე ნახევარში ამოვარდა. დაბა ლაითურსა და ნარუჯაში ქარმა ნაწილობრივ გადახადა სახურავი მრავალბინიან სახლებს. წაქცეულმა მრავალწლიანმა ნარგავებმა კი _ნარუჯა-ლაითურის გაზსადენი დააზიანა. მოთხრილია ათეულობით ხე.
ქარმა ასევე ნაწილობრივ გადახადა სახურავი სოფელ ნაგომრის ადმინისტრაციულ შენობას. ასევე სახურავი ნაწილობრივ გადახადა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს.
ქ. ოზურგეთში საცხოვრებელ სახლებს ნაწილობრიგ გადახადა სახურავი ნინოშვილისა და იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე. იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე, #121-ში განსაკუთრებულად დაზიანდა შაინიძის საცხოვრებელი სახლი. ზოგიერთ დასახლებაში ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო მოსახლეობას დროებით არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. გამოძახება ჰქონდა სახანძრო სამსახურს.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსმა ეკა მგელაძემ გვითხრა, შემთხვევის ადგილებზე გავიდნენ მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და მისი მოადგილეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტები. ისინი სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან.