დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე აგრარული ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ფრინველებით და ცხოველებით მოვაჭრეებს შეხვდა.
მოვაჭრეების განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაცია მათ 15 აპრილამდე იმ შენობის დაცლას სთხოვს, სადაც გასაყიდ ფრინველებს და ცხოველებს აბინავებენ. მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიაა, რომელიც არაჰიგიენურ პირობებს და ანტრისანიტარიას აპროტესტებს. მერმა განმარტა, რომ მსგავსი ვაჭრობისთვის განკუთვნილ ადგილებში დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები. თუკი მოვაჭრეები გარკვეულ წესებს დაემორჩილებიან, ის მზადაა უშუამდგომლოს მათ, როგორც მოსახლეობასთან, ისე აგრარული ბაზრის ადმინისტრაციასთან.
„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მოვაჭრეებთან, გავითვალისწინოთ, როგორც მათი, ასევე, აქ მაცხოვრებელი მოსახლეობის ინტერესები. მთავარი პირობა არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ხშირად მოირეცხოს ტერიტორია და შენარჩუნდეს სისუფთავე, რაზეც მათგან დღეს თანხმობა მივიღეთ. არც მოსახლეობა უნდა დაზარალდეს და არც მოვაჭრეები,“- აღნიშნა კონსტანტინე შარაშენიძემ.