დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტის მერის 3 აპრილს გამოცემული #943 ბრძანების „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსის, პირველი რანგის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თამარ დუმბაძის მიმართ დისციპლინარული წარმოების გაგრძელების შესახებ,“შესაბამისად აუდიტის სამსახურის უფროსის კობა ხაბალაშვილის ინფორმაციის მოსმენა გაიმართა.
მოსმენას ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები,მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოსმენას არ ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის იმ სამსახურების ხელმძღვანელები და სპეციალისტები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის მუშაობასთან.
ზეპირი მოსმენის საფუძველი გახდა მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების განყოფილებიდან გამოთხოვილი მონაცემები, რომლის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურში შესული წერილებიდან ვადაგადაცილებით შესრულებული 703, ხოლო ვადაგაცილებით შეუსრულია 180 წერილი. , საინტერესო სტატისტიკა დასახელდა მოსმენაზე, აუდიტის სამსახურის თავდაპირველი შეტყობინებით, სამსახურში შემოსული 1444 წერილდან, ვადაგადაცილებით შესრულებულად ჩათვლილია 839 წერილი, ვადაგადაცილებული ან პასუხგაუცემელია 214 წერილი.სოციალური სამსახურის ახსნა-განმარტებით წერილის მონაცემებით, სამსახურში შემოსულია 3000-მდე წერილი და კორესპონდენცია. რაც თავისთავად ბევრ კითხვას ბადებს. ვადაგადაცილების მიზეზებს ასაბუთებდნენ აღნიშნული სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე, უმცროსი სპეციალისტი ნინო ნიკოლაიშვილი. თამარ დუმბაძის უფლებებს ადვოკატი ემზარ ურუშაძე იცავდა. თუმცა თამარ დუმბაძის ინტერესები დაიცვა და თავიანთი პოზიციები დააფიქსირა დარბაზში მყოფმა დეპუტატებმა: მარიკა ჩხიკვიშვილმა, ლელა საჯაიამ, ლალი სიჭინავამ, ხათუმა ცერცვაძემ, გიორგი თოიძემ, გელა ჩავლეშვილმა, თორნიკე გოგუაძემ, შალვა თავდიშვილმა, ბესო ქათამაძემ, საზოგადოების წარმომადგენლებმა: ნინო გოგუაძემ, ეკა ნინიძემ, ლელა ნაცვალაძემ, რუსუდან მემარნიშვილმა, ნუგზარ გიორგაძემ და სხვებმა.
როგორც გაირკვა, ზეპირი მოსმენა, საჯარო მოხელის სამსახურითან შესაძლო გაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა. რა შინაარსის ოქმი გადაეგზავნება ადრესატს აუდიტის სამსახურიდან, რა დასკვნას დადებს აუდიტი სოციალური სამსახურის ახსნა-განმარტებითი წერილიდან გამომდინარე და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერი მალე გაირკვევა. როგორც ხაბალაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ინსპექტირება სხვა სამსახურებშიც გაიმართება.
საბოლოო შედეგებს საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება.
(სრული ვერსია იხილეთ გაზეთ „ალიონის“მომდევნო ნომერში)