დღეს დაბა ურეკის კულტურის სახლში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა.
_21 აპრილს 6 წელი შესრულდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანდა საქართველოს მოსახლეობა, რათა შეეცვალა ჩვენს ქვეყანაში მანამდე არსებული რეალობა. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ცვლილება უპირველეს ყოვლისა აისახა მეტი თავისუფლების მოტანაში და ეს თავისუფლება დღეს ყველა ნაბიჯზე იგრძნობა.
დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარ ართმევენ ქონებას, არ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე, მოსახლეობას აღარ აქვს ხელისუფლების შიში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც ვითარდება იმ სწორი გზით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებით.
ჩვენი მთავარი მიზანი რა თქმა უნდა, გახლავთ ასევე ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. გამთლიანებისთვის არსებობს რეცეპტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა _ ეს არის პრაგმატული, სწორი და გონივრული საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება. ამას ვახორციელებთ ჩვენ თქვენთან ერთად, თითოეული თქვენგანის მონაწილეობით და ეს აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე -განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე.
კონფერენციაზე სიტყვებით გამოვიდნენ: პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი კობახიძე; საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე.
კონფერენციას 300 დელეგატი ესწრებოდა, რომლებმაც პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ მერაბ ჭანუყვაძე ერთხმად აირჩიეს.
ბიუროს წევრებად აირჩიეს: არჩილ თალაკვაძე, გიორგი ღურჯუმელიძე, რუსუდან მემარნიშვილი, იოსებ ერქომაიშვილი, გიორგი ხაჭაპურიძე. კონფერენციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობის დელეგატებიც აირჩია.