„ბათომი მისცეს და ორპირზე მიდის თათარი,
ატმის ყვავილით სისხლიანი ტირის აპრილი“
ტიციან ტაბიძე
1918 წლის აპრილის დასაწყისში მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა თურქეთ-საქართველოს ბრძოლის ველზე. გენერალმა მაზნიაშვილმა ვალოდია გოგუაძის ჯავშნოსანი მატარებლის მებრძოლების გმირული მოქმედებით კი დაამარცხა 7 ათასი თურქი ჩოლოქის ნაპირებთან და მათი წინსვლა შეაჩერა სუფსა-ლანჩხუთის მიმართულებით, მაგრამ გადარჩენილები რევანშისათვის ემზადებოდნენ. პოლკოვნიკმა წერეთელმა ვერ უზრუნველყო ოზურგეთის მხარის დაცვა, რადგან შეკრებილი ჯარისკაცების მართვა არაორგანიზებულად ხდებოდა და თურქების შემოტევისას არაერთმა დატოვა ბრძოლის ველი.
ოზურგეთის სამაზრო ერობის გამგეობის წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს
„ისე სწრაფად და მოულოდნელად მოხდა ოსმალთა გამოლაშქრება ქ. ოზურგეთზე 1918 წლის 7 აპრილს, რომ არამც თუ კერძო პირს არ ჰქონდა გათვალისწინებული ეს საშიში მდგომარეობა, რომ წინასწარი თადარიგით ცოტა რამ მაინც გადაერჩინა თავის ოჯახიდან, არამედ თვით სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებებანიც კი დარჩნენ ოზურგეთში თავიანთი საქმეებით, ნივთებით და ქონებით და ისე ჩაუვარდა მტერს ხელში. მტერი შემოესია ქალაქს ჯოჯოხეთური ცეცხლით ლიხაურის საზოგადოებიდან 7 აპრილს, ნაშუადღევის 4 საათზე და შეძლო ოზურგეთში შემოსვლა მხოლოდ 8 აპრილს განთიადისას. ამ ხნის განმავლობაში ოზურგეთიდან ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ გამოსავალი ყველა გზა სავსე იყო აუარებელი ლტოლვილებით. მირბოდნენ თავგამოდებით დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ვისაც როგორ მოესწრო. მტრის მიერ დაკავებული ხაზში მოწდნენ _ლიხაურის საზოგადოება ყველა სოფლით; მთელი ქალაქი ოზურგეთი განაპირა უბნებით; ნაწილი გურიანთის საზოგადოებისა, ხვარბეთის საზოგადოებიდან სოფ. ლაითური;დვაბზუს საზოგადოების სოფ. ბოხვაური, ექადია, ეწერი, გამოღმა-მელექედურისა და სოფ. დვაბზუს ნაწილი; შემოქმედის საზოგადოების სოფლები კვირიკეთი, მაკვანეთი და წითელმთა.
1918 წლის ივნისის პირველ რიცხვებში ახ. სტილით, მოხდა აქ დასახლებულ სოფლებისა და ქალაქ ოზურგეთის ზარალის ცნობაში მოყვანა-რეგისტრაცია აღწერილობა და შეფასება თანახმად საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი მთავრობის განკარგულებისა. ზარალის აღწერა რეგისტრაცია და შეფასება მოახდინა ხალხის მიერ არჩეულ კომისიასთან ერთად მთავრობისა და გურიის დამხმარე კომიტეტის წარმომადგენლებმა. ამ უკანასკნელს ეს აღწერა უნდა წარედგინა მთავრობისათვის, რომელიც დაპირებული იყო მცხოვრებლებზე, რომ აუნაზღაურებდა მტრის შემოსევით მოყენებულ ზარალს, მაგრამ კომიტეტის ადგილობრივი განყოფილება დაიხურა და ყველა ეს საქმეები გადმოეცა.... ზემოხსენებულის გამო, რომ ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეს ომით განადგურებულ და მოუსავლობით გადაშენების გზაზე დამდგარ მცხოვრებთ დღევანდელი აუწერელი მდგომარეობა, ოზურგეთის სამაზარო ერობის გამგეობა უპატივცემულესად შუამდგომლობს ბა-ნ შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე, რათა სასწრაფოდ იქნას მიღებული ზომები, რომ სათანადო წესით აუნაზღაურდეს ზემოთ-დასახელებულ სოფლების და ქალაქის მცხოვრებთ ოსმალთა შემოსევით მიყენებული ზარალი, თანახმა ამასთანავე წარმოდგენილ აღწერილობითი უწყებებისა. მით უმეტეს, როცა დღევანდელი ფულის კურსით მაშინდელი შეფასების ანაზღაურება სამეოთხედოდაც ვერ აღადგენს ნამდვილ ღირებულებას.
ამასთანავე ირდგინება სია და უბნების აღწერილობა.
გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე _ ხელმოწერილია
მდივანი _ ვიქ. ღლონტი
4 ნოემბერი, 1919 წ. #4580, ქ. ოზურგეთი
(საარქივო მასალა, საქმე #301, ოიმ, 326-327)
გვახსოვდეს,1918წ. მარტი-აპრილი,თურქული აგრესია-ბრძოლა ო ზ უ რ გ ე თ ი ს თ ვ ი ს.....
მარტში, ოსმალეთის სამმა არმიამ კავკასიას შეუტია.31 მარტს აიღეს ბათუმი,გენერალი მაზნიაშვილი ოსმალების ნატანებში შესაჩერებლად, 150 ჯარისკაცით და ვალოდია გოგუაძის ჯავშანმატარებლით განლაგდა.ოზურგეთს იცავდა ერთი ათასეული,ისიდორე რამიშვილის პარტიზანები და პორუჩიკ ყარაევის ცხენოსანი არტილერია. ლიხაურის ათასეულმა უკან დაიხია,ოსმალებმა ოზურგეთი და მის გარშემო სოფლები დაიკავეს.ვალოდია გოგუაძემ გურულებს შეიარაღებისკენ მოუწოდა.11 აპრილს სახალხო გვარდიამ და კოსტილის არტილერიამ,ზვანის პლანტაციებიდან ოსმალებს შეუტია დ დაამარცხა ვ ა შ ნ ა რ ი ს ვ ე ლ ზ ე !!.ოსმალებმა ოზურგეთიდან გაზიდეს ქონება, სახლების კარ-ფანჯრები არ დაუტოვებიათ, კინოთეატრიდან ელძრავბიდა,ვინც შეეწინააღმდეგებოდა-კლავდნენ..(მაზნიაშვილის,გოგუაძის,გორგოშიძის მოგონებიდან) სახელი და დიდება- ოზურგეთის დაბრუნებისათვის დ ა ღ უ პ უ ლ ვაჟკაცებს!!
(მასალა მოგვაწოდა კონსტანტინე შავიშვილმა)
ხიზნობა
ეკატერინე გობრონიძის ნაამბობიდან:
„პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთის ფრონტზე ჩემი უფროსი ძმა ამბროსი (აკადემიკოს ალექსანდრე გობრონიძის მამა) და ჩემი მომავალი მეუღლე მიხეილი (ოფიცერი იყო)იბრძოდნენ. ვალოდია გოგუაძის ჯავშნოსან მატარებელზე იბრძოდნენ ლიხაურელები ძმები ორგზის წმინდა გიორგის ჯვრის კავალერი ალექსანდრე დაპორფილე გორგოშიძეები.
დიდი ოჯახი გვქონდა ნიაბაურში. ჩემს მშობლებს ესოფის და მატრონე სალუქვაძეს 10 შვილი ვყავდით. უფროსსა და უმცროსებს შორის ასაკობრივი სხვაობა მეოთხედი საუკუნე იქნებოდა. მშრომელ და ღვთისმორმუნე ოჯახს საზრდო ყოველთვის ჰქონდა, მით უმეტეს უფროსი და მომდევნო ძმები მამას მხარში ედგნენ. მამა კარგად მღეროდა და კვირაობით დღესასწაულებზე ეკლესიაში კონტრიძესთან ასრულებდა საგალობლებს.
6 თუ 7 აპრილი, შაბათი დღე იყო. ადრე დილით უფროსი ძმა ამბროსი მოვიდა სახლში და მამას უთხრა: _მეზობლებიც გააფრთხილეთ, სასწრაფოდ უნდა დატოვოთ სოფელი. თურქები ახლოს არიან და შესაძლოა რამდენიმე საათში ლიხაურშიც იყვნენო.
მამამ შორს დაიჭირა. თურქებს აქ რა უნდა, ან როგორ დავტოვო ჩემი ნაშრომი. ცოლ-შვილს კი გავხიზნავო...
ამბროსი სამხედრო ნაწილში დაბრუნდა.
სასწრაფოდ დავიწყეთ მზადება.გადავმალეთ, მიწაში ჩავფლეთ საოჯახო ნივთები. სიმინდი მარანში დიდ ჭურებში ჩავყარეთ. აუცილებელი ნივთები მოვაგროვეთ, ურმის კოფოზე დავსვით უმცროსი ძმები არსენი, გრიშა, საშურა. მამას მიუხედავად უფროსი ვაჟის გაფრთხილებისა, ძროხები ტყეში გაეშვა და მათი წაყვანა ვერ მოხერხდა. ურემი დაიძრა. მამა დაგვემშვიდობადა გვითხრა: _ნუ გეშინიათ, ოჯახს არ გავაპარტახებიებ თურქებსო!
უფროსი და პისტის გარდა(იგი ლიხაურში გათხოვილი იყო ყაისარ ცეცხლაძეზე), ყველანი ურემს მივყვებოდით: უმცროსი და ნინუცა, ძმები გერასიმე, ვლადიმე.. ჩემი და ნინუცას მომდევნო ძმა რაჟდენი, 17 წლის ბიჭი ოზურგეთში ერთ-ერთ ვაჭართან შეგირდად მუშაობდა და სამსახურს ვერ ტოვებდა....ჩავედით სოფელ მელექედურში და ერთ-ერთ ნაცნობთან დავბინავდით.
დედას ვუთხარი, ხარ-ურემით სოფელში დავბრუნდები და ოჯახიდან აუცილებელ ნივთებს და სურსათს წამოვიღებ-მეთქი.
დავბრუნდი უკან. ვიცოდი ამბროსი და სხვა ჯარისკაცები აჭის ხეობის ზემოთ, ტალახას მთის მიდამოებში იდგნენ, რომ თურქები მთების მხრიდან არ შემოჭრილიყვნენ ხეობაში. უცებ იმდენი თურქი მოაწვა ტალახას მთას, მებრძოლები იძულებულნი იყვნენ უკან დაეხიათ. სწრაფად ჩამოვიდნენ თურქები აჭის ხეობაში და შეესივნენ სოფელს...
ღამით კვაჭალათთან მამა შემხვდა. იგი ოზურგეთისკენ მორბოდა. ზურგზე გოდორი ჰქონდა, რომელშიც რამდენიმე საოჯახო ნივთი ჩაედო.
_ბაბა მობრუნდი, თათრები უკვე ნიაბაურში არიან და აქეთ მოიწევენ...
_ჩვენი ძროხები სად არის მეთქი,_ ვკითხე.
მამა გაფითრებული იყო. პირველად ვნახე ამხელა ვაჟკაცი კაცი ასეთ მდგომარეობაში.
_ბაბა, ძროხები ტყეში არიან, არ მოსულან . ყუმბარა რომ ჩამოვარდა, გამოვიქეცი...
ორი დღის შემდეგ მელექედურში რაჟდენიც მოვიდა. მაღაზიის მეპატრონეს ბოლომდე ეხმარებოდა საქონლის გადამალვაში, თუმცა თურქები ისე სწრაფად შემოვიდნენ ოზურგეთშიც,ბევრი ზარალი ნახეს.
_თურქები რომ შემოვიდნენ ქალაქში, იქ ვიყავი. უცებ შეესივნენ მაღაზიებს, სახელოსნოებს, კერძო სახლებს და ძარცვა დაიწყეს. შემდეგ ცეცხლს მისცეს ქალაქი. უფროსმა ამის შემდეგ მომცა ჩემი კუთვნილი ხელფასი და თქვენსკენ გამოვეშურეო.
თურქები წინ მოიწევდნენ, „შუხუთი,“ „შუხუთი“ გაიძახოდნენ. ეტყობა ადრინდელ ომში შუხუთში განცდილი მარცხის შურისძიება ეწადათ. მათი წინსვლა ნასაკირალთან მენშევიკური მთავრობის მოკავშირე გერმანელების ჯარმა შეაჩერა.
მელექედური დავტოვეთ. იქაურებიც ჩვენ შემოგვიერთდნენ და სუფსის გაღმა გადავედით. სოფელ ძიმითში დავბინავდით.
რომ არა რაჟდენის მოტანილი ფულით შეძენილი თხა, პატარებს რძე არ ექნებოდათ. რომელი სოფელი დააპურებდა ასეულობით ხიზანს. მამა და ძმები ძიმითლებსს ყანების თესვა-მარგვლაში ეხმარებოდნენ.
სულ ნაბოლარა 2 წლის საშურა გაგვიხდა ავად. ვერ ვუშველეთ. ძიმითის სასაფლაოზე დავიტირეთ და ისე მივაბარეთ მიწას.
ხიზნობა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა.
სოფელში რომ დავბრუნდით, სახლ-კარი გაძარცვული დაგვხდა. მიწაშიც კი ამოეღოთ დამარხული საოჯახო ნივთები. სიმინდს ვინ დატოვებდა ჭურებში.
ივნისის შუა რიცხვები იყო. მამამ სადღაც სათესლე სიმინდი იშოვა და ყანა დათესა. ძალიან გვიჭირდა. მე „ისპანკა“ დამემართა. არ ვიცი, როგორ გადამარჩინეს..
თურქების შემოსვლისას სოფელში რამდენიმე ოჯახი დარჩა. მათ მოყვრობა ჰქონდათ ზემო აჭში მცხოვრებ მაჰმადიან ქართველებთან და იმათ დაიცვეს.
ერთხელ მამა ცოტა მოშორებით, მცხოვრებ მეზობელთან გადავიდა და შემთხვევით ჩვენს ნაქონ სპილენძის ქვაბს მოჰკრა თვალი.
_ეს ქვაბი ჩემია და შენთან როგორ აღმოჩნდა _მიმართა მასპინძელს. მან უარა. ეს საქმე ისე გამწვავდა, რომ მამამ აიძულა ეკლესიაში დაეფიცა. ქურდობა მაშინ ძალიან დიდ სირცხვილად ითვლებოდა, რწმენა კი ზოგს შერყეული ჰქონდა და იკადრა, რომ ხატთან ეცრუა...
ცხოვრება გაგრძელდა. იმავე წელს მე ცოლად გავყევი ბაბუაშენს, მიწა ექადიაზე შევიძინეთ და იქ დავსახლდით.“ (ჩაწერილია ეკატერინე გობრონიძის შვილიშვილის ნუგზარ ასათიანის მიერ, 1972 წელს).
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი მოგვიყვა ესოფ გობრონიძის შესახებ შვილიშვილმა, რევაზ არსენის ძე გობრონიძემ.
„8 წლის ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს. ბაბუამ ფეხი მოიტეხა და იწვა. მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. შვილებმა მოინახულეს. მაგიდა გაიშალა. ამბროსი, გერასიმე, რაჟდენი, ვლადიმე (შემდგომში ცნობილი მომღერალი) ესოფთან მივიდნენ: _„ბობას სიმღერა ვუთხრათო.“
დაიწყეს „ადილა...“ ყველა კარგად მღეროდა. ბაბუა ცოტა ხანს უსმენდა, სახეზე ღიმილი ჰქონდა. შემდეგ წამოიმართა, შვილებს ხელი გადასდო და ისეთი ბანი თქვა, ახლაც ჟრუანტელი მივლის ტანში იმ ლამაზი მოგონებისგან... სიმღერა დაასრულეს. ბაბუა დააწვინეს, კედლისკენ გადაბრუნდა და ... მალე ბაბუა გარდაიცვალა...“
მწერალისა და პედაგოგის ვანო სალუქვაძის (სერელი) შვილის დალი სალუქვაძის მოგონებიდან:
_ თურქები როდესაც ოზურგეთში შემოიჭრნენ, მამა 14 წლის იყო. ბებიაჩემი ნინო ჯაყელი სოფელ აკეთიდან იყო, ხოლო ბაბუა _დიომიდე სალუქვაძე, ლიხაურიდან. იგი ვაჭარი ყოფილა, ოზურგეთში მიწა უყიდია, სახლი აუშენებია და კარგადაც მოუწყვია.
თურქების ოზურგეთში შემოსვლის წინ ბებია 4 წვრილი შვილით აკეთში გახიზნულა. ბაბუა ამ დროს ცოცხალი აღარ იყო. როცა დაბრუნდა, სახლი გადამწვარი დახვდათ.
მამა იგონებდა: ვერცხლის კოვზებს ნაცარში ვეძებდითო. დამწვარა აგრეთვე მათი მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც ოზურგეთის სტამბაში გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა წიგნები იყო.
ნინო ჯაყელი მაზლებს ლიხაურში წაუყვანიათ სახლიც აუშნებიათ. მხოლოდ 1937 წელს შეძლო ოჯახმა სახლის მშენებლობა ქ. ოზურგეთში, ძველ ნაფუძარზე.“
ნინო მამეშვილი, ექიმ ჟორა მამეიშვილის ქალიშვილი:_„ბაბუა გერასიმე მამეიშვილი წარმოშობით სოფელ ბახვიდან, შეძლებული ვაჭარი იყო, ვაჭრობდა რუსეთში. იმ ხანად, როცა თურქები შემოვიდნენ ოზურგეთში, სახლში არ ყოფილა. ბებია ნინა გიორგაძე სოფელ ბახვში გახიზნულა მშობლებთან. მათ ქ. ოზურგეთში, (ამჟამად რუსთაველის ქ.#3) ორსართულიანი, საკმაოდ მოზრდილი ხის სახლი ჰქონდათ ქვის ბოძებზე.
თურქებმა ირგვილ ყველაფერი გადაწვეს, მათ შორის გურიელის ცნობილი სახლიც.
ბაბუა როგორც კი დაბრუნდა, სახლი მალე აუშენებიათ.“
აი, რას წერდა ოსმალთა ოკუპაციის შემდეგ გაზეთი „გურიის ხმა“:
„ოზურგეთის მაზრაში პირობები შეიცვალა. გურიაში ოსმალთა შემოსევის შემდეგ ხალხის სულიერი განწყობა საგრძნობლად შეიცვალა. ინდეფერნტიული დამოკიდებულება არსებული ორგანოებისადმი ნიადაგს ჰპოვებს ხალხის ერთ ნაწილში. ადმინისტრაციული დაწესებულებები, სასურსათო კომიტეტი და სხვა ასეთი ორგანოები ხალხის ნდობას ვერ იმსახურებენ.“ („გურიის ხმა,“ #1, 1918 წ.)
„გურიის ხმა“ ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებას ასე აფასებდა: „ბალშევიკების მიერ დადებულმა ბრესტის ხელშეკრულებამ ყარსი და ბათუმი _ეს ამიერკავკასიის კლიტე სიმაგრეები ოსმალეთს უთავაზა და მით მაჰმადიანურ ურდოებს კარი გაუღო ამიერკასიისა და საქართველოს გასანადგურებლად. ერთი რევოლუციონერული ფრონტის თუნდაც ამიერკავკასიის მასშტაბით შერჩენა მხოლოს იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ აქ მობინადრე დემოკრატია ძლიერი და ერთფეროვანი იქნებოდა. ეს კი ასე არ იყო, ადერბაიჯანელთა ერის დიდმა უმეტესობამ ბეგ-აღალარების პარტიას (მუსავატს) განუცხადა ნდობა. სომხები კი შოვინისტ-დაშნაკცაგანის პარტიას აყვა. მარტო ქართული დემოკრატია შერჩა სოციალ-დემოკრატიას. ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკებაზე ეს აშკარა შეიქმნა და ქართველი ერის ფიზიკური ყოფნის საშიშროება შეიქმნა. საქართველომ უნდობლობის გამოცხადებით შეძლო შეერჩინა ერის ფიზიკური არსებობა და ისიც იმ პირობით, თუ დღეს ბრძოლის ველზე გამარჯვებული გერმანია გაუწევდა მფარველობას. აუცილებლობის ასეთმა ულმობელმა პირობებმა უბრძანეს ქართველი ერის მეთაურ სოციალ-დემოკრატიას ეროვნული ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად დამოუკიდებლობა გამოეცხადებიათ და ისიც ასე მოიქცა.“
(„გურიის ხმა“, #3, 1918 წ.)
სურათზე: ესოფ გობრონიძე, პორფირე გორგოშიძის ხელნაწერი 1918 წელს, ვაშნარში თურქების წინააღმდეგ ომში დაღუპულ გმირთა საფლავი