რატომ გაუნაწყენდა მუნიციპალიტეტს სოციალურად დაუცველი მადონა მუხაშავრია და სოციალური სამსახურის უფროსის პოსტზე ვის კანდიდატურას უჭერს მხარს

დამატებულია: 2018-04-30
picture1

ალიონი. 25 აპრილს, გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში, ქალბატონი მადონა მუხაშავრია მოვიდა.

_საკუთარი ინიციატივით მოვედი. არავის გამოვუგზავნივარ. თქვენს გაზეთს პატივს ვცემ იმის გამო, რომ 1931 წლიდან გამოდის და უძველესი გაზეთია, მაგრამ ბოლო ნომერში დაბეჭდილი სტატია,(„აბსურდის თეატრი თუ მიზანმიმართული დევნა“-რედ.) რომელიც მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე პროცესებს ასახავდა, არ მომეწონა და მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და თან ჩემი პრობლემებიც გაგაცნოთ:

ადრე სოფელ ძიმითში ვცხოვრობდი. პროფესიით ექთანი ვარ. ვმუშაობდი ძიმითის საექიმო უბანში, ასევე ნაბეღლავში და სეზონურად კურორტ ბახმაროში სპეციალობის მიხედვით. ძიმითში საცხოვრებელი პირობები არ მქონდა.სახლი სადავო იყო. მამა მათეს მრევლი გავხდი. მისი დახმარებით კვირიკეთის ყოფილი 8-წლიანი სკოლის შენობაში ორი ოთახი გამომიყვეს, იქ ვცხოვრობ. მართალია, არ არის ცხოვრების სათანადო პირობები: არ მაქვს წყალი, არაა არანაირი სველი წერტილი, ბუნებრივი აირი, მაგრამ სხვა წასასვლელი არ მაქვს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ოზურგეთის ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერში ვარ აყვანილი აღრიცხვაზე...

ნაციონალური მთავრობის მიერ დაწესებული ყოველწლიური ერთდროული დახმარების ადრესატი ვიყავი, ვიდრე ის მთავრობა იყო. 9 წლის განმავლობაში ვიღებდი მათგან დახმარებას.

2012 წელს ახალი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში. 5 წლის განმავლობაში მე ეს დახმარება არ მიმიღია. გავაკეთებდი ამ საბუთებს, მოვუყრიდი თავს, მზევინარ სალუქვაძე რომაა მუნიციპალიტეტში , ის ცალკე მარიგებდა, მიმქონდა სრულყოფილად. დახმარებაზე ყოველთვის უარს მეუბნებოდნენ და არ მაძლევდნენ.

_რა სახის დახმარება უნდა მიგეღოთ?

_ყოველწლიური დახმარება 200 ლარის ოდენობით.

_მერიის ხელმძღვანელებისთვის არ მიგიმართავთ?

_უფროსებთან რომ გამერკვია, ბეგი სიორიძეს და მის მოადგილეებს ადგილზე ვერ ვნახულობდი.

არანაირ ზნეობაში არ ჯდება, რასაც ბეგი სიორიძე და სხვები მიკეთებდნენ, ასევე ეს სოციალური სამსახურიც. წლების განმავლობაში მე ეს ხალხი მძარცვავდა. 2012 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად შემქონდა განცხადებები. შევიდოდი სოციალურ სამსახურში, აწევდა ხელს უფროსი და „იცქიფებოდა“ მეორეკლასელ გოგოსავით. წლების მანძილზე დაგროვილი 1000 ლარი აქვთ ჩემი ვალი...

_სხვა უფლებისდამცველ ორგანიზაციებს თუ მიმართეთ?

_2014 წელი იყო. მიშა სააკაშვილი იყო ჯერ კიდევ პრეზიდენტად. „ლიბერთი ბანკში“ მივედი პენსიის ასაღებად და მითხრეს, რომ დავალიანება გაქვსო_პენსია არ მომცეს. მიზეზი კი ადრე გატანილი სესხი იყო, რომელიც მე სრულად მქონდა დაფარული. მივედი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისში, თამაზ ტრაპაიძესთან. ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. მისი თხოვნით ბანკიდან დავალიანების ცნობა მივუტანე.

_ეს თემა კრიმინალია და სამართალდამცავებს უნდა მიმართოო,- მირჩია თამაზ ტრაპაიძემ.

მე რატომღაც არ მიმიმართავს..

_კონსტანტინე შარაშენიძე არ გეხმარებოდათ, როცა ოზურგეთის გამგებელი იყო?

_ვინ გააჩერა, რომ დამხმარებოდა. სტიქიამ როგორც კი დააზიანა ჩემი საცხოვრებელი სახლი,კოტემ მაშინვე ოპერატიულად მიიღო ზომები და სახლი გადაახურვინა.

კიდევ გიმეორებთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მე დახმარება არ მიმიღია.. (?!).

_თუკი გადაგიხურეს, რატომაა კვლავ პრობლემა?

_ კი გადახურეს, მაგრამ ხელოსნებმა გადახურვის დროს შიფერი დააზიანეს და წყალი ჩამოდიოდა.

_შემდეგ ქალაქის მერიამ ხომ გადაგიხურათ?

_ერთი წელი მაწვალეს და შემდეგ გადამიხურეს. მართალია ჩემს ოთახებში წყალი არ ჩამოდის, მაგრამ სხვა ოთახები არ გადაუხურავთ და იქ წყალი ჩამოდის...

საჯარო მოხელე უნდა იყოს სადა, მოწესრიგებული, რომელიც არ იღებება. ძალიან ბევრია, ვისაც შეუძლია ეს დუმბაძე ჩაანაცვლოს (საუბარია სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს თამარ დუმბაძეზე). იქ ნათია ვაშალომიძეა, რომელიც ნაციონალების დროს მაგ სამსახურში მუშაობდა და იმ მთავრობას არ მოვუტყუვებივარ არაფერში, თუ ნათიას დანიშნავენ, მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. წავიდეს დუმბაძე და თეატრში იმუშაოს რეჟისორად.

რედაქცია დაინტერესდა, თუ რა სახის დახმარებაა მიიღო სახელმწიფოსაგან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მადონა მუხაშავრიამ.

როგორც გაირკვა, მას დაბალი სარეიტინგო ქულა აქვს. სოციალური მომსახურების სააგენტოდან იღებს სოციალურ დახმარებას და ჯანდაცვის პროგრამის სრული პაკეტით სარგებლობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსმა თამარ დუმბაძემ, ჩვენი კითხვების საფუძველზე, შემდეგი სახის განმარტება გააკეთა:

_ ჩვენ არც ერთი მოქალაქის განცხადებას უყურადღებოდ არ ვტოვებთ. ქალბატონ მადონა მუხაშავრიას ვიცნობ. 2016 წლის თებერვალში მან მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო განცხადებით მოგვმართა დახმარებისათვის. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი უფლებამოსილი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და იმჟამინდელი ვიცე- მერის ბრძანების საფუძველზე, (ბრძანება # 457, 22.03. 2016 წ.) მუხაშავრიას 250 ლარი ჩაერიცხა. იმავე წელს, როგორც შშმ პირს, ჩარიცხული აქვს 200 ლარი. ამის შემდეგ, 2017 წლის ივლისში მან კვლავ მიმართა ქალაქ ოზურგეთის მერიას საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით. ეს წერილი მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის სამსახურმა შეისწავლა. ამ დროისათვის ქალაქ ოზურგეთში, ყოფილი სამშობიარო სახლის გარემონტებულ შენობაში ყველა ბინა გაცემული იყო უსახლკარო ოჯახებზე. მერიამ მადონა მუხაშავრია შეიყვანა საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელთა მონაცემთა ბაზაში და აიყვანა აღრიცხვაზე.

შემდეგ, გასული წლის დეკემბრის ბოლოს შემოვიდა მუნიციპალიტეტში მისი განცხადება, სადაც იგი კვლავ ცუდ საცხოვრებელ პირობებს მიუთითებს. საცხოვრებელი ბინების რემონტი მუნიციპალიტეტის მერიის სხვა სამსახურის უფლებამოსილებაა.

თუკი მადონა მუხაშავრია მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს განცხადებით ფინანსური დახმარების შესახებ, განვიხილავთ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად.

* * *

მომდევნო დღეს მადონა მუხაშავრია კვლავ გვეწვია რედაქციაში. კითხვაზე, 2016 წელს მიიღო თუ არა მან 250+200 ლარის დახმარება, შემდეგნაირად გვიპასუხა:

_მე არაფერზე ხელი არ მომიწერია და არ მიმიღია. რატომ გამოდის კოტე შარაშენიძის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის “ წევრი შალვა თავდიშვილი, ძიმითელი კაცი, საიდანაც კოტე შარაშენიძის დედა არის, შეიძლება ასეთი ქალბატონის შვილის წინააღმდეგ გამოვიდეს? ქალბატონი როზა გოგუაძე ოზურგეთის მშვენებაა თავისი მორალით და ოჯახიშვილობით.

ნათია ვაშალომიძე წინა ხელისუფლების დროს მეხმარებოდა. ფულად დახმარებას შეიძლება დაგვიანებით, მაგრამ მაინც ვიღებდი. ერთხელ, როცა კბილებს ვიკეთებდი და შეშის ღუმელის ვალიც მქონდა 100 ლარი, მისი შუამდგომლობით 400 ლარი დახმარება მივიღე. არ შეიძლება არ აღვნიშნო იმჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარის ვლადიმერ სურგულაძის ყურადღებაც...

ქალბატონი მადონა მუხაშავრიას აზრით, კარგი იქნება თუკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ბიუჯეტიდან გამოყოფს სახსრებს, ხელახლა გადახურავს და გაარემონტებს კვირიკეთის ყოფილი რვაწლიანი სკოლის შენობას, შექმნის ცხოვრებისთვის ელემენტარულ პირობებს და იქ უსახლკარო მოქალაქეებს შეასახლებს.

_თუკი შენობას მოაწყობენ და უსახლკარო მოქალაქეებს შეასახლებენ, კარგი იქნება. მით უმეტეს, საკმაო მიწის ფართობია, სადაც იქ მცხოვრებლებს საბოსტნე მეურნეობის მოწყობაც შეეძლებათ, _გვითხრა მადონა მუხაშავრიამ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.